ქრისტიანობის 1700 წლისთავი: პატრიარქისა და ხელისუფლების გზავნილები რწმენაზე, იდენტობასა და მომავალზე
გაზიარება
გაზიარება
ქრისტიანობის 1700 წლისთავი
თბილისში, სასტუმრო „რედისონში“, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოს პატრიარქი შიო მესამე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ესწრებოდნენ.
მათი გამოსვლების საერთო პოლიტიკური გზავნილი იყო, რომ ქართული სახელმწიფოსა და საზოგადოების საფუძველი უნდა იყოს ქრისტიანობა, ეროვნული იდენტობა და ტრადიციული ღირებულებები, ხოლო მათი შენარჩუნება თანამედროვე სამყაროს გამოწვევებზე პასუხად იყო წარმოდგენილი.
მთავარი გზავნილები
● სახელმწიფოსა და ეკლესიის თანამშრომლობა: ირაკლი კობახიძემგანაცხადა, რომ ხელისუფლება ეკლესიასთან მჭიდრო თანამშრომლობით გააგრძელებს ქრისტიანული მემკვიდრეობისა და ეროვნული ღირებულებების დაცვას.
„სახელმწიფო განსაკუთრებულ პატივს მიაგებს ამ მარადიულ ღირებულებებს. ეკლესიასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენ მტკიცედ დავიცავთ მემკვიდრეობას, რომელსაც ჩვენი ეროვნული ერთობა და განვითარება ეფუძნება.“
● ეროვნული იდენტობა და სახელმწიფოებრიობა: შალვა პაპუაშვილისგანცხადებით, სახელმწიფომ შეიძლება დროებით დაკარგოს დამოუკიდებლობა, მაგრამ ეროვნული იდენტობის შენარჩუნება მისი აღდგენის შესაძლებლობას ტოვებს.
„დღეს მსოფლიო კვლავ დიდი ცვლილებების ეპოქაში ცხოვრობს. სწრაფად იცვლება ტექნოლოგიები, ეკონომიკური ურთიერთობები და საერთაშორისო წესრიგი. მაგრამ, როგორც ისტორიამ არაერთხელ გვასწავლა, ცვლილებების ეპოქაში ყველაზე მტკიცედ ის საზოგადოებები დგანან, რომლებიც საკუთარ იდენტობას არ კარგავენ,” – აღნიშნა პაპუაშვილმა.
● შვიდი მარადიული ღირებულება: მიხეილ ყაველაშვილმა ქართული სახელმწიფოებრივი აზროვნების საფუძვლად ღმერთი, სამშობლო, ადამიანი, მამული, ენა, სარწმუნოება და ოჯახი დაასახელა. მისი შეფასებით, ეს ღირებულებები გლობალიზაციისა და ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ეროვნული იდენტობის დაცვის საშუალებაა.
„დღეს, როდესაც თანამედროვე მსოფლიო ღირებულებითი კრიზისისა და გეოპოლიტიკური რყევების წინაშე დგას, ჩვენი ვალია დავსვათ ფუნდამენტური კითხვა – რა საფუძველზე უნდა იდგეს ქართული სახელმწიფო, საზოგადოება და თავად ადამიანი?…
…სწორედ ეს შვიდი სიმბოლო წარმოადგენს პიროვნების განსაზღვრად ფუნდამენტს. და დღესაც, როდესაც გლობალიზაციისა და ხელოვნური ინტელექტის ეპოქა ადამიანის იდენტობის გაუფასურებას ცდილობს, ეს მარადიული ღირებულებები ჩვენს უმთავრეს, ეგზისტენციალურ ფარად გვევლინება,’ – აღნიშნა ყაველაშვილმა.
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმი „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“. თბილისი, 11 ოქტომბერი, 2026 წელი
● ტექნოლოგია და სულიერება: პატრიარქმა შიო მესამემ განაცხადა, რომ ტექნოლოგიური პროგრესი ადამიანს უნდა ემსახურებოდეს, ხოლო ცოდნის განვითარებამ საზოგადოება რწმენასა და სულიერ ღირებულებებს არ უნდა დააშოროს.
„ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას. ცოდნამ არ უნდა დაგვაშოროს რწმენას, პროგრესმა არ უნდა დაგვავიწყოს სულიერება“, – აღნიშნა შიო მესამემ.
● აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი: პატრიარქმა ამ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს მიმართა და გამოთქვა იმედი, რომ საქართველოს ისტორიულ მხარეებს შორის მშვიდობა, ერთობა და ძმური ურთიერთობები აღდგება.
„დედა სამშობლოსთან ერთად მშვიდობით უნდა განაგრძოს არსებობა“ და გამოთქვა იმედი, რომ „ჩვენს შორის კვლავ აღდგება ძმური ერთობა და სიყვარული“ – განაცხადა პატრიარქმა.
● ემიგრანტებთან კავშირი: შიო მესამემ საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს მიმართა და აღნიშნა, რომ ეკლესია მათთვის ლოცულობს და სამშობლოში დაბრუნებას ელოდება.