სომეხი მოთხილამურე ოლიმპიადაზე ძველი თხილამურით გაემგზავრა, რომელიც ვარჯიშის დროს გატყდა
მოთხილამურე აშოტ კარაპეტიანის გამოსვლა, რომელიც კორეის ქალაქ ფხენჩხანიში ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე გამგზავრებულ სამ სომეხ სპორტსმენს შორის ერთ-ერთია, სათუო გახდა. მიზეზი არის ის, რომ 18 წლის სპორტსმენს ვარჯიშის დროს, პირველ დღესვე თხილამური გაუტყდა, მას კი მეორე წყვილი არ აღმოაჩნდა, რათა წვრთნა გაეგრძელებინა და შეჯიბრზე გამოსულიყო.
აშოტ კარაპეტიანის პირველი გამოსვლა 18 თებერვალს იყო დაგეგმილი, მაგრამ ის აღჭურვილობის უქონლობის გამო ვარჯიშს ვერ შეძლებდა. სპორტსმენი განიცდიდა, რომ ცუდად იცნობდა ადგილს და იმისთვის, რომ შეჯიბრზე კარგად გამოსულიყო, მთების შესასწავლად და ახალ თხილამურებთან შესაგუებლად დრო სჭირდებოდა.
ამ ისტორიის წვრილმანები თავად აშოტ კარაპეტიანმა გაგვიზიარა; ოლიმპიურ ქალაქში ის ისეთი თხილამურებით ჩავიდა, რომლებიც არცთუ კარგ მდგომარეობაში იყო. სომხეთის ფედერაციაში ის დაარწმუნეს, რომ მას ადგილზე ახალ თხილამურებს უყიდდნენ და ის გამოსვლამდე ვარჯიშს შეძლებდა, თუმცა გაურკვეველი მიზეზით, თხილამური არ შეუძენიათ.
„რატომ არ უნდა მქონოდა თხილამურები? მეტიც, აქ რომ ჩამოვედი, ვხდავ, რომ ჩემთვის ფორმაც კი არ იყო წარწერით – „სომხეთი“. ამბობენ, რომ ჩემი სახელი ბოლო მომენტში წარადგინეს, და ამიტომ, ჩემი ზომის ფორმის შეკვეთა ვერ მოასწრეს. მაგრამ მე მაქვს ფორმა, რომელიც თან ჩამოვიტანე. ერთხელ უკვე დავაგროვე ოლიმპიური ქულები გატეხილი თხილამურებით, სომხეთის ჩემპიონატზე გავიმარჯვე, ამიტომაც გული არ მწყდება: ყოველთვის ვისრიალებ და ყოველთვის გავიმარჯვებ“, – თქვა მან.
სათხილამურო სპორტის ფედერაციის მთავარმა მდივანმა გაგიკ სარგსიანმა სიტუაცია ამგვარად ახსნა: თხილამურები შეკვეთილი იყო, მაგრამ ავსტრიულმა ფირმამ ბოლო მომენტში უარი განაცხადა სამხრეთ კორეაში მათ გამოგზავნაზე, ამიტომაც სპორტსმენს ახალი თხილამურები რუსეთში ვუშოვეთ და შევუკვეთეთ.
ახლა უკვე აღჭურვილობის პრობლემა, როგორც იქნა, გადაწყვეტილია: თხილამურები ფხენჩხანში ჩამოტანილია.
სომხური მედია ასევე იუწყება, რომ სომხეთში აშოტ კარაპეტიანის მთავარი მეტოქე არუტიუნ არუტიუნიანი იყო – სომხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, სეირან არუტიუნიანის ვაჟი და ფედერაციის თავმჯდომარის, არტურ არუტიუნიანის ძმისშვილი. ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის პრეტენდენტი ეს ორი სპორტსმენი იყო.
ფედერაციის თავმჯდომარემ არტურ არუტიუნიანმა განაცხადა, რომ მის ძმისშვილს უფრო მაღალი მაჩვენებლები ჰქონდა, ვიდრე აშოტ კარაპეტიანს, და ამით იმაზე მიანიშნა, რომ ოლიმპიურ თამაშებზე სწორედ მისი ნათესავი უნდა გამგზავრებულიყო.