საქართველოში სომეხი დეპუტატი არ შემოუშვეს
ქართველმა მესაზღვრეებმა ქვეყანაში არ შეუშვეს სომხეთის ოპოზიციური პარტია „ერკირ ცირანის“ ხელმძღვანელი, ზარუჰი პოსტანჯიანი.
რადიო თავისუფლების ცნობით, სომეხმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა საზღვარი დაუბრკოლებლად გადალახა საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „ბავრასთან“, სომხეთის მხრიდან. თუმცა, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „ნინოწმინდაზე“, ზარუჰი პოსტანჯიანს განუცხადეს, რომ მას ეკრძალება საქართველოს ტერიტორიაზე შესვლა.
ზარუჰი პოსტანჯიანი თანაპარტიელებთან ერთად ახალქალაქის რაიონში მცხოვრებ სომხეთის სათვისტომოს წევრებთან შესახვედრად მიდიოდა.
რადიო თავისუფლების სომხურ რედაქციასთან საუბარში პოსტანჯიანმა დასძინა, რომ მისი მიმართვის მიუხედავად ქართველმა მესაზღვრეებმა არ დააკონკრეტეს საქართველოს ტერიტორიაზე არშეშვების მიზეზი. თავად პოსტანჯიანი ვარაუდობს, რომ ეს მოხდა სომხეთის ხელისუფლების თხოვნით.
• ზარუჰი პოსტანჯიანი კი იმ მცირერიცხოვან დეპუტატთაგანია, რომლებიც სომხეთის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ ღიად გამოვიდნენ.
• 2015 წელს პოსტანჯიანმა თავის მომხრეებთან ერთად საპროტესტო აქცია მოაწყო თბილისში სომხეთის ეკლესიის გახსნის ცერემონიაზე. ამ ცერემონიალში მაშინ მონაწილეობდნენ სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქსიანი და „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი.