საქართველოში ამერიკელი ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ 19 წლის მწყემსს უვადო პატიმრობა ემუქრება
პოლიციამ დააკავა დუშეთში, ხადას ხეობაში ამერიკელი ცოლ-ქმრისა და მათი 4 წლის შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი.
იგი 19 წლის მწყემსია, რომელმაც აღიარა, რომ რაიან სმიტი და მისი 4 წლის შვილი სანადირო თოფით მოკლა. დაკავებული ამბობს, რომ კონფლიქტი ურთიერთშელაპარაკების გამო დაიწყო. რაც შეეხება რაიან სმიტის მეუღლეს, ლორა სმიტს, ის შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა.
საქმის ეს დეტალები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
შსს-ს ცნობით, 6 ივლისს 112-ში შევიდა შეტყობინება საქართველოში მცხოვრები ამერიკელი ოჯახის დაკარგვის შესახებ. იმავე დღეს, სოფელ წკერში სამართალდამცავებმა დაკარგულების ავტომანქანა და პირადი ნივთები იპოვეს.
6 ივლისსვე, ხევში, ჩანჩქერის პირას იპოვეს ლორა სმიტის გვამიც. გვამს ძალადობის ნიშნები არ ჰქონდა.
როგორც შსს-ში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, ეჭვმიტანილმა მოკლული რაიან სმიტის ცხედარი ადგილზე დატოვა, ხოლო ბავშვის ცხედარი ზვავში დამალა.
საინფორმაციო სააგენტო Reginfo-ს ინფორმაციით, მწყემსი ჩვენებაში ამბობს, რომ ამერიკელი ცოლ-ქმარი ბავშვთან ერთად ჩანჩქერამდე მიაცილა. ისინი ჩანჩქერთან ფოტოს იღებდნენ, რა დროსაც ის ლორა სმიტს დაეხმარა, რომ სიმაღლიდან არ გადავარდნილიყო. მწყემსის თქმით, ამან რაიან სმიტის გაღიზიანება გამოიწვია, რასაც შელაპარაკება მოჰყვა. მწყემსი ამბობს, რომ შელაპარაკების დროს მამაკაცი მოკლა, ბავშვი ტიროდა და “იძულებული გახდა ისიც მოეკლა”, ქალი კი გაქცევას ცდილობდა და ხევში გადავარდა. მწყემსის თქმით, დანაშაულის დაფარვის მიზნით მან ბავშვის ცხედარი იქვე, ზვავში დამარხა.
გარდაცვლილი რაიან და ლორა სმიტები 6 წელზე მეტი ცხოვრობდნენ საქართველოში. მათ ორმაგი მოქალაქის სტატუსი მათ 2012 წელს მიიღეს.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
ბრალდებულის შერაცხადობის საკითხის გასარკვევად ჩატარდება ფსიქიატრიული ექსპერტიზა.