საქართველოს მთავრობა მარიხუანის წარმოებას და მის ექსპორტს გეგმავს
საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის თანახმადაც ნებადართული იქნება საქართველოში მარიხუანის წარმოება მისი ექსპორტზე გატანის მიზნით, უკვე მზად არის.
ინიციატივის ავტორი საქართველოს მთავრობაა.
კანონპროექტში წერია, რომ რომ მარიხუანას საქართველოში ფარმაცევტული და კოსმეტიკური მიზნებისთვის მოიყვანენ და ექსპორტზე გაიტანენ.
როგორც სააგენტო “ინტერპრესნიუსი“ წერს, მმართველი პარტიის “ქართული ოცნების” ოფისში უკვე გაიმართა პარტიული შეკრება, სადაც აღნიშნული საკითხი განიხილეს. შეკრებაზე შს სამინისტროს წარმომადგენლები იყვნენ, რომლებმაც უმრავლესობის დეპუტატებს აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა გააცნეს.
პროექტის სამუშაო ვარიანტის მიხედვით, მარიხუანის წარმოება ლიცენზირებად საქმიანობად გამოცხადდება. გამარჯვებული ლიცენზიანტი კონკურსის გზით გამოვლინდება. სავარაუდოდ, სალიცენზიო პირობებში განისაზღვრება საქართველოში მარიხუანის წარმოების გეოგრაფიული არეალი, რაოდენობა და ასე შემდეგ.
როგორც სააგენტო იუწყება, უმრავლესობის სხდომაზე ამ საკითხთან დაკავშირებით ცხარე დისკუსია და კამათი გაიმართა.
“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, თავად მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ქვეყნის არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი იდეას მხარს უჭერს.
• თანამედროვე ნარკოპოლიტიკა: რას გვასწავლის პორტუგალიის მაგალითი?
კანონპროექტი, რომელიც შს სამინისტრომ მოამზადა, მარიხუანის ლიცენზირებულ კულტივირებასთან ერთად, სხვა სიახლეებსაც შეიცავს.
მაგალითად, მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებით მთელი რიგი შეზღუდვები დაწესდება. კერძოდ, სკოლებში, საჯარო დაწესებულებებსა და ზოგადად, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მთავრობა მარიხუანის მოხმარების აკრძალვას გეგმავს. აკრძალვა ასევე გავრცელება გარკვეული პროფესიული წრეების წარმომადგენლებზე.
საკანონმდებლო პაკეტი მთავრობის სხდომაზე, სავარაუდოდ ახლო მომავალში გავა.
• 2018 წლის 30 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის მოხმარებაზე ადმინისტრაციული ჯარიმა გააუქმა. რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში მარიხუანის მოხმარება სრულად ლეგალური გახდა. გადაწყვეტილება არ ეხება მარიხუანის მოყვანას, ფლობას ან გაყიდვას.