საქართველოს "ეროვნული ბანკი" ფინანსური პირამიდების წინააღმდეგ
როგორ დავიცვათ თავი ფინანსური პირამიდისგან და რა რისკებს შეიცავს ერთი შეხედვით მიმზიდველი შემოთავაზებები? – ასეთი იყო საინფორმაციო ვიდეორგოლისა და ბუკლეტების თემატიკა, რომლებიც 4 ოქტომბერს საზოგადოებას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვეტენაძემ წარუდგინა.
მან მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა და 2018 წელი ფინანსური განათლების წლად გამოაცხადა.
გვენეტაძის განცხადებით, საინფორმაციო კამპანია ბოლო დროს ფინანსური პირამიდით და დაზარალებულთა რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით გახდა აუცილებელი. მისი თქმით, უახლოეს მომავალში იგეგმება საკანონდებლო ცვლილებების მიღებაც, რაც, მოსახლეობას რისკებისგან დაიცავს.
საგანმანათლებლო ვიდეორგოლი და ბროშურა, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის საერთაშორისო თანამშრომლობისთვის“ (SBFIC) მხარდაჭერით შეიქმნა, საზოგადოებას გააცნობს, თუ რას ნიშნავს ფინანსური პირამიდა, რა რისკები უკავშირდება საკუთარი თანხების არაგონივრულად დაბანდებას, როგორ უნდა ამოვიცნოთ მაღალრისკიანი, პირამიდული სქემები და ავირიდოთ თავიდან ფინანსური საფრთხეები.
„ჩვენ გვსურს მოსახლეობას მივაწოდოთ ის ინფორმაცია, რაც მათ საშუალებას მისცემს სწორად შეაფასონ ფულის ამა თუ იმ ფორმით დაბანდებასთან დაკავშირებული რისკები და შესაძლებლობები, დაგვისვან რაც შეიძლება მეტი კითხვა, კრიტიკულად და პასუხისმგებლობით მიუდგნენ ნებისმიერ ფინანსურ გადაწყვეტილებას “ – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.