"რუსთავი 2"-მა მაუწყებლობა შეწყვიტა
კვირას 19 თებერვალს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მხარდასაჭერად თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართება. მოქალაქეებს პარლამენტის ყოფილ შენობასთან აქციაზე მოსვლისკენ ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ და ჟურნალისტებმა მოუწოდეს, რადგან ამ დღეებში უზენაესმა სასამართლომ ტელეკომპანიის საკუთრების საქმეზე გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს. „რუსთავი 2“ ხელისუფლებას სასამართლოზე ზეწოლაში და ოპოზოციური ტელეარხის მისაკუთრების მცდელობაში ადანაშაულებს.
ამასთან დაკავშირებით 17 თებერვალს გვიან ღამით არხმა მაუწყებლობა შეწყვიტა. არხის გენერალური დირექტორის მოადგილემ ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ ტელეკომპანიამ გადაწყვეტილება საკუთარი უფლებების დასაცავად მიიღო.
“ეს არის პროტესტი უკიდურესი ზომა, რომელსაც შესაძლოა ტელევიზიამ მიმართოს. თუმცა ჩვენ დღეს სხვა გამოსაალი აღარ დაგვიტოვეს. ჩვენი დუმილით ჩვენ შევეცდებით ხმა ყველას მოგაწვდინოთ. ამ წუთიდან „რუსთავი 2″ გადადის საპროტესტო მაუწყებლობაზე. ყველას გელოდებით კვირას, სამის ნახევარზე რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ. ერთად დავიცვათ „რუსთავი 2″ და სიტყვის თავისუფლება,” – აღნიშნა უდუმაშილმა.
https://www.youtube.com/watch?v=lkwwqA-UeJs
ამჟამად „რუსთავი 2“-ს ეთერში მხოლოდ წარწერა შავ ფონზე „ვაპროტესტებთ უსამართლობას“ და მოწოდება აქციაზე მოსვლისკენ გადის.
ტელეკომპანია “რუსთავი 2”- თან დაკავშირებული დავა უკვე მეორე წელია გრძელდება. ტელეკომპანიის ყოფილი მეპატრონე ქიბარ ხალვაში “რუსთავი 2”-ის მის მფლობელობაში დაბრუნებას ითხოვს და აცხადებს, რომ ტელეკომპანია მას წინა ხელისუფლებამ იძულებით ჩამოართვა.
ივნისში გამართულ სასამართლო პროცესზე სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქსო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და “რუსთავი-2” ქიბარ ხალვაშის მიაკუთვნა, თუმცა ტელეკომპანიის ადვოკატებმა გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს.
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საქმეს ამჟამად უზენაესი სასანართლოს დიდი პალატა იხილავს.