რეპერების მხარდასაჭერად ქუჩაში ათასობით ადამიანი გამოვიდა. ფოტორეპორტაჟი
21 წლის გიორგი ქებურია და 28 წლის მიშკა მგალობლიშვილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოაქტიური ნარკოტირების უკანონო შეძენა-შენახვისთვის 6 ივნისს დააკავეს. თუმცა, დაკავებულები ამბობენ, რომ ნარკოტიკი არ ჰქონიათ და სინამდვილეში, მათი დაკავების მიზეზი ვიდეოკლიპი გახდა, რომელშიც პოლიციელია გაშარჟებული.
მხარდამჭერი აქცია “მეტი რაღაუნდა მოხდეს?!” რუსთაველის მეტროსთან 19:00 საათზე დაიწყო. აქციის მონაწილეები მსვლელობით პარლამენტის შენობასთან მივიდნენ. ისინი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასა და ქვეყანაში არსებულ არაჰუმანურ ნარკოპოლიტიკას აპროტესტებდნენ.
აქცია ხალხმრავალი იყო, მას რამდენიმე ათასი ადამიანი დაესწრო. ძირითადად ახალგაზრდები იყვნენ. აქციის მონაწილეთა რაოდენობის გამო, პოლიცია იძულებული გახდა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა ჩაეკეტა.
ძლიერ წვიმასა და სეტყვას ადამიანები ქოლგებისა და საწვიმრების ქვეშ ემალებოდნენ. დაბნელების მიუხედავად (რუსთაველის გამზირზე დიდხანს არ აანთეს ქუჩის განათება), აქციის მონაწილეები სიბნელეში იდგნენ და ხელში მობილურები ეკავათ. ანთებული მობილურებით გადაღებული ფოტოები დღის ყველაზე ეფექტური კადრი აღმოჩნდა.