რეგიონში არსებული სიტუაცია უაღრესად შემაშფოთებელია, - განაცხადა ერევანში ნატოს გენერალური მდივნის საგანგებო წარმომადგენელმა
სამხრეთ კავკასიაში შეიარაღების ზრდის გამო, ნატოში შეშფოთებულები არიან, რადგან ამის პარალელურად, პოლიტიკური დაძაბულობაც მატულობს და მტრული მოქმედებებიც; ამის შესახებ დღეს, ერევანში ვიზიტის ფარგლებში, განუცხადა ჟურნალისტებს სახრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის საგანგებო წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ.
მან აღნიშნა, რომ ნატოს ორი მოკავშირე ქვეყანა ეუთოს მინსკის ჯგუფის წევრია, და მათი ქმედებები უშუალოდ ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების გზების ძიებისკენაა მიმართული.
„ჩვენ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით სიტუაციას თვალ-ყურს ვადევნებთ. პერიოდულად ვიღებთ ახალ ცნობებს ჩვენი ქართული ოფისიდან, რომელიც პასუხისმგებელია ამ რეგიონზე. ამჯერად გაცილებით მეტად ვართ შეშფოთებულები – გაისმის უფრო მტრული განცხადებები, არიან დაზარალებულები, სიტუაცია უაღრესად შემაშფოთებელია. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ერთმნიშვნელოვანია – ეუთოს მინსკის ჯგუფის ქმედებების მხრადაჭერა“, – თქვა მან.
გარდა ამისა, ჯეიმს აპატურაი ნატო-რუსეთის ურთიერთობებსაც შეეხო. მისი თქმით, ნატოს რუსეთის ფედერაციასთან მნიშვნელოვანი დიალოგის გაბმა სურს. ამავდროულად, ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა, რომ უახლოესი კვირების განმავლობაში ნატო დამატებით ქვედანაყოფებს განალაგებს ბალტიისპირეთის ორ ქვეყანასა და პოლონეთში. მან აღნიშნა, რომ ლაპარაკია თითოეულ ბაზაზე 1000 მშვიდობისმყოფელის განლაგებაზე, რომლებიც რუსეთს საფრთხეს არ შეუქმნიან, „და მას სიმშვიდეს არ დაურღვევენ“.