ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თავისუფალია
პატიმრობიდან გაათავისუფლეს აზერბაიჯანელი სინდისის პატიმარი, ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელსაც კონტრაბანდის ბრალდებით, ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
მან ციხეში თითქმის სამი წელი გაატარა, 17 მარტს კი სასამართლომ დანარჩენი ვადა პირობითი სასჯელით შეუცვალა.
გათავისუფლებისთანავე, მუხთარლი გერმანიაში გაფრინდა, სადაც მისი ოჯახი პოლიტიკურ ემიგრაციაში ცხოვრობს.
ხელისუფლების ცნობილი კრიტიკოსი, გამომძიებელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 2014 წელს ემიგრაციაში წავიდა და საცხოვრებლად საქართველოში გადავიდა. 2017 წელს, ის თბილისიდან მოიტაცეს და ბაქოში ჩაიყვანეს. აქ ის საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის, კონტრაბანდისა და ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით გაასამართლეს და ექვსი წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები აფგან მუხთარლის სინდისის პატიმრად მიიჩნევენ. 2017 წელს, ევროპარლამენტმა აზერბაიჯანის ხელისუფლებას მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ყველა ბრალდების მოხსნა მოთხოვა.