პოროშენკო და ივანიშვილი სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებას გეგმავენ?
უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ბიძინა ივანიშვილთან მოლაპარაკებებს აწარმოებს მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადიციასთან დაკავშირებით. ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ გაავრცელა.
საყვარელიძე ამბობს, რომ პოროშენკოსთვის ოპოზიციონერი სააკაშვილი უხერხული მეტოქეა, ამიტომ ის მის მოშორებას შეეცდება.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნით საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უკრაინულ მხარეს 2015 წლის 17 თებერვალს მიმართა.
იმავე წლის 1 აპრილს უკრაინის პროკურატურამ საქართველოს ოფიციალური წერილი გამოუგზავნა, სადაც ეწერა, რომ სააკაშვილის ექსტრადირებაზე უარს აცხადებენ, რადგან ეჭვი აქვთ, ის პოლიტიკური მოტივებით დევნის ობიექტი გახდება
ამ პერიოდისთვის სააკაშვილი უკვე დანიშნული იყო პეტრე პოროშენკოს მრჩევლად და რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელად. რამდენიმე თვეში კი, იგი ოდესის გუბერნატორად დაინიშნა. 2016 წლის 7 ნოემბერს სააკაშვილი გუბერნატორის თანამდებობიდან და ოპოზიციაში გადაინაცვლა.
2015 წლის ოქტომბერში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის პროცედურა დაიწყო.
დავით საყვარელიძე, რომელიც ამჟამად კიევშია და ექს-პრეზიდენტის მრჩევლად მუშაობს, უკრაინულ ტელეკომპანიასთან ZIK-თან ინტერვიუში ამბობს, რომ ქართული მხრიდან მთავარი მომლარაკებელი ბიძინა ივანიშვილია. მისი თქმით, სწორედ მას აქვს კონტაქტი უკრაინის პრეზიდენტ პოროშენკოსთან.
ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრემიერ მინისტრი 2012-2013 წლებში იყო. დღეს მას ოფიციალური თანამდებობა არ უჭირავს, თუმცა მას დღემდე აქვს დიდი გავლენა საქართველოს მთავრობასა და მმართველ პარტიაზე.
ეს ყველაფერი სააკაშვილის პოლიტიკურ მოღვაწეობას უკავშირდება. უკრაინის ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს სააკაშვილისგან უკრაინის ოპოზიციური ველი მოასუფთავოს, – განაცხადა საყვარელიძემ გადაცემაში.
ოფიციალურად ამ ინფორმაციას არავინ ადასტურებს – არც კიევში და არც თბილისში.
საქართველოში ექსტრადიციის შემთხვევაში, საქართველოს ექს-პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს სისხლის სამართლებრივი დევნა ელის. მის წინააღმდეგ რამდენიმე საქმეა აღძრული. სააკაშვილს უფლებამოსილების გადამეტებაში, საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაში, 2007 წლის ნოემბერში ოპოზიციის აქციის დარბევასა და ტელეკომპანია “იმედში” შეჭრაში ადანაშაულებენ. სააკაშვილია ასევე დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეების ფიგურანტი. 2014 წლის 2 აგვისტოს სასამართლომ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიებად დაუსწრებლად შეუფარდა წინასწარი ორთვიანი პატიმრობა.
თავად სააკაშვილი მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ დევნას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს.