მეუფე საბა : მითები, რომლებიც ნატო-ს შესახებ არსებობს, უნდა დაინგრეს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები და სასულიერო პირები ბრიუსელში სამუშაო შეხვედრებს ნატო-ს სათავო ოფისში მართავენ.
ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრები უკვე შეხვდნენ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის. შეხვედრაზე საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასა და საზოგადოების ამ პოროცესის შესახებ ინფორმირების კუთხით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ჩართულობის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.
“ნება ქართველი ერის ყოველთვის ევროპისკენ სწრაფვა იყო. დაცულობა იმ რეგიონში, სადაც რუსეთმა არაერთხელ მოახდინა აგრესია და ჩვენი ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია, ჩვენი ხედვაა, რომ ჩვენი დაცულობა უსაფრთხოების მხრივ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანებაა… ის მითები, რომლებიც არსებობს ნატო-ს შესახებ, უნდა დაინგრეს”, – განაცხადა ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ.
ბელგიაში ვიზიტის შესახებ ისაუბრა ბაღდათის მეტროპოლიტმა ანტონმაც. მისი განცხადებით, სასულიერო პირების დაინტერესებულები არიან, თუ რა ფასეულობები აქვს ნატო-ს და როგორი იქნება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი.
“ჩვენ აქ ყველანაირად მიღებული ვართ… ისევე, როგორც ჩვენ, მათაც ემსხვრევათ არსებული სტერეოტიპები, აინტერესებთ ვინ ვართ, რა ხალხი ვართ. ჩვენც გვაინტერესებს სად შევდივართ და რა ფასეულობებია იქ. ჩვენი ვიზიტი და ჩვენი წარმომადგენლობა სწორედ ამას ემსახურება”, – აღნიშნა მეუფე ანტონმა.
ნატო-ში შეხვედრები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. სასულიერო პირები შეხვედრებს გამართავენ ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილესთან სახალხო დიპლომატიის საკითხებში კარმენ რომეროსთან, ასევე აშშ-ის, ნიდერლანდების, რუმინეთისა და ბულგარეთის მუდმივ წარმომადგენლებთან.
სასულიერო პირების სამუშაო ვიზიტი ბელგიაში 25 თებერვალს დასრულდება.
მართლამდიდებლური ეკლესიის წარმომადგენელი სასულიერო პირები ბრიუსელში საინფორმაციო შეხვედრაზე 2016 წლის ნოემბერშიც იმყოფებოდნენ.