მაშველები 4 წლის ბავშვს ეძებენ, რომლის მშობლები ხადას ხეობაში დაღუპული იპოვეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ხადას ხეობაში დაკარგული ოთხი წლის ბავშვის სამძებრო სამუშაოებს დღეს დილიდან განაახლებენ, ავრცელებს ინფორმაციას ტელეკომპანია “იმედი”.
7 ივლისს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადას ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი დაღუპული იპოვეს.
პირველადი დათვალიერებით, გარდაცვლილებს ძალადობის ნიშნები არ ეტყობათ.
ცოლ-ქმარი არიან 1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმიტი და მისი მეუღლე ლორა. მათ ორმაგი მოქალაქის სტატუსი ჰქონდათ მინიჭებული და რამდენიმე წელია, რაც საქართველოში ცხოვრობდნენ.
6 ივლისს 112-ში შევიდა შეტყობინება საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირის და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ. შეტყობინების ინიციატორის თქმით, დაკარგულები დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადას ხეობაში იმყოფებოდნენ და მათ ვერ უკავშირდებოდნენ.
სამართალდამცველებმა სოფელ წკერეში დაკარგული ტურისტების კუთვნილი ავტომანქანა და პირადი ნივთები იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა დაკარგული ქალი ავტომანქანიდან დაახლოებით 3 კილომეტრში, ხევში, ჩანჩქერის ძირში გარდაცვლილი იპოვეს. ტურისტი კაცი ხევში მდებარე ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე გარდაცვლილი იპოვეს.
სამძებრო-სამაშველო ღონისძიებაში 25 მაშველი მონაწილეობდა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.