კვირიკაშვილი ეკონომიკურ ზრდაზე: წელს კარგი სტარტი ავიღეთ
საქართველოს პრემიემრინისტრმა გიორგი კვირიკაშცილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა ბოლო სტატისტიკურ მონაცემებზე, რომლებიც, მისი აზრით, ქვეყნის ეკონომიკაში დადებითი ტენდენციების მაჩვენებელია.
„მინდა ვთქვა, რომ წელს ჩვენ კარგი სტარტი ავიღეთ. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, იანვარი ძალიან წარმატებული იყო. 5,2% მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა ძალიან მისასალმებელი შედეგი გახლავთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ პარამეტრის გაანალიზების დროს ვნახულობთ არაერთ ძალიან მნიშვნელოვან მაჩვენებელს, მაგალითად, იანვარში ექსპორტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით , 44.7%-ით გაიზარდა. ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი, მაგალითად დღგ-ს ბრუნვა, თითქმის 21%-ით არის გაზრდილი“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, 33%-ით არის გაზრდილი ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა.
„ბევრი დადებითი პარამეტრია. ტურიზმი გაზრდილია 30%-ზე მეტად. ასე რომ, ვფიქრობ, ძალიან კარგი დასაწყისი გვაქვს“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა, დაწყებული 2013 წლიდან, მკვეთრად იკლო. თუ 2012 წელს ეკონომიკურმა ზრდამ, საქსტატის მონაცემებით, 6,4 პროცენტი შეადგინა, 2013 ეს მაჩვენებელი 3,4 პროცენტამდე ჩამოვიდა. 2014-ში ეკონომიკა – 4,6-ით, 2015-ში – 2,9 პროცენტით, 2016 წლის მესამე კვარტლის წინასწარი მონაცემებით კი – 2,3 პროცენტით გაიზარდა. 2016 წლის საბოლოო მონაცემები საქსტატს ჯერ არ გამოუქვეყნებია.