სომეხი დეპუტატის ინტერპოლის ძებნიდან მოხსნა დაავიწყდათ. იტალიაში ის კინაღამ დააკავეს
იტალიაში სომხეთის ეროვნული საკრებულოს დეპუტატის, ნიკოლ პაშინიანის დაკავება სცადეს. ოპოზიციური ფრაქცია „ელკის“ ხელმძღვანელმა ფეისბუკზე თავისი დაკავების სიტუაცია აღწერა და მას „ალყა“ უწოდა.
„მოვიდნენ ჩემს დასაკავებლად. თურმე სომხეთის ხელისუფლება ინტერპოლით მეძებდა. 2008 წლიდან მეძებენ და ვერ მპოულობენ“, – დაწერა საკუთარ ფეისბუკზე ნიკოლ პაშინიანმა.
ამ ინციდენტის მიზეზად ათი წლის წინანდელი მოვლენები იქცა.
2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სომხეთის ოპოზიციამ საპროტესტო აქციები მოაწყო და არჩევნების შედეგები გააპროტესტა. ოპოზიცია პრეზიდენტად სერჟ სარგსიანის არცევას აპროტესტებდა და მიიჩნევდა, რომ არჩევნებში სომხეთის პირველმა პრეზიდენტმა ლევონ ტერ პეტროსიანმა გაიმარჯვა.
ხელისუფლებამ საპროტესტო აქცია დაშალა, რა დროსაც 10 ადამიანი დაიღუპა.
პაშინიანი იმ პერიოდში აქტიურობდა. ის მოუწოდებდა მოქალაქეებს „გაეგრძელებინათ ბრძოლა კრიმინალურ-ოლიგარქიული სისტემის დასამხობად“.
პაშინიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მას მასობრივი არეულობის მოწყობა ედებოდა ბრალად.
პოლიცია 16 თვის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდა მიმალულ პაშინიანს, თუმცა 2009 წელს ის სამართალდამცავ ორგანოებს ნებაყოფლობით ჩაბარდა.
მას შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თუმცა, 2011 წლის მაისში, პაშინიანი ამ საქმეზე სხვა დაკავებულებთან ერთად გაათავისუფლეს.
სომხეთის პოლიციამ დღეს ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ რაღაც გაუგებრობას აქვს ადგილი: “2009 წელს, როცა პაშინიანი პოლიციას ჩაბარდა, ინტერპოლში სომხეთის წარმომადგენლობამ ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს პაშინიანის წინააღმდეგ ძებნის შეწყვეტის შესახებ შეტყობინება გადასცა. შემდეგ ამის შესახებ ორგანიზაციის ყველა წევრ-ქვეყანას აცნობეს“.