ისრაელი საქართველოს მოქალაქეებს პოლიტიკურ თავშესაფარზე უარს ეუბნება
ისრაელის სახელმწიფო საქართველოს მოქალაქეებს პოლიტიკურ თავშესაფარს აღარ მისცემს, რადგან საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. თავშესაფრის შესახებ თხოვნები, მართალია განიხილება, თუმცა დაჩქარებული წესით და დასაქმების უფლების გარეშე.
როგორც 28 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინსიტროს ვებ-ვგერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, ისრაელმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნის საფუძვლიანი საფრთხე არავის ემუქრება.
საგარეო უწყება მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ საქართველოს მოქალაქეთა მიერ თავშესაფრის მიღების მიზნით წარდგენილი განცხადებები (თუ არ იარსებებს რეალური მიზეზი) არ დაკმაყოფილდება.
საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანა, ასევე, გულისხმობს თავშესაფრის მიღების მოთხოვნით წარდგენილი განცხადებების განხილვის პროცედურულ ცვლილებებსაც. კერძოდ:
– თავშესაფრის მოთხოვნის განცხადება განხილულ იქნება განსაკუთრებით დაჩქარებული წესით (მაქსიმუმ ერთი თვის განმავლობაში);
– საქართველოს მოქალაქეს, რომელიც თავშესაფარის მოთხოვნით მიმართავს ისრაელის მოსახლეობისა და იმიგრაციის სამსახურს, აღარ მიეცემა განცხადების განხილვის პერიოდში ისრაელში დასაქმების უფლება.
საგარეო უწყების ცნობით, ისრაელის სახელმწიფო რიგით მეხუთე ქვეყანაა, ბელგიის სამეფოს, საფრანგეთის, ბულგარეთისა და ავსტრიის შემდგომ, რომელმაც საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა.