თბილისში ორი სკოლის მოსწავლე მოკლეს
სკოლის ორი მოსწავლე მოკლეს თბილისში დანით, 1 დეკემბერს მომხდარი დაპირისპირების დროს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით უკვე დაკავებულია 16 წლის მოზარდი. იგი პოლიციამ რამდენიმე საათში ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცავები მის კიდევ ერთ თანატოლს ეძებენ, რომელსაც ასევე განზრახ მკვლელობა ედება ბრალად.
ჩხუბი მოზარდებს შორის 1 დეკემბერს თბილისის 51 სკოლასთან მოხდა. ჩხუბის დროს დანით დაჭრეს ორი მოსწავლე. ერთ-ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორის გადარჩენას ექიმები ერთი დღის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ. დაღუპული მოზარდები 16 წლის იყვნენ და 51-ე სკოლაში სწავლობდნენ.
51-ე სკოლა თბილისის ცენტრალურ უბანში – ვერაზე მდებარეობს (ფილარმონიასთან) და დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საჯარო სკოლად მიიჩნევა.
გადაუდებელი დახმარების ცხელ ხაზზე ზარი პირველ დეკემბერს 14:10 წუთზე შევიდა. შველას ითხოვდნენ ხორავას ქუჩიდან – ამბობდნენ, რომ მოზარდების ჩხუბია და არიან დაჭრილები.
“როცა მიუახლოვდი, ბავშვი ტროტუარზე იწვა და სისხლისგან იცლებოდა. ფერმკრთალი იყო და ხელ-ფეხს იქნევდა უნებლიედ. სხვები გაქცეულები იყვნენ,” – ამბობს ერთ- ერთი თვითმხილველი.
მოზარდებს შორის შელაპარაკება, სავარაუდოდ, სკოლის ტერიტორიაზე დაიწყო, თუმცა ცოტა ხანში მათ დატოვეს სკოლა და უკვე ხელჩართული დაპირისპირება ახლომდებარე სახლის ეზოში გაგრძელდა.
ექიმები ამბობენ, რომ გარდაცვლილ მოზარდებს მრავლობითი ჭრილობები ჰქონდათ. ერთ-ერთს დანით მიყენებული 30-მდე ჭრილობა აქვს. თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან გაიქცნენ.
ჯერჯერობით უცნობია დანაშაულის მოტივი.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი აქტიური განხილვის საგანია ფეისბუკზე.
უკვე დაიგეგმა 51-ე სკოლის შენობის წინ სოლიდარობისა და მხარდაჭერის აქცია. 3 დეკემბერს 18:00 საათზე მოქალაქეები სკოლასთან ყვავილებითა და სანთლებით შეიკრიბებიან.
“ვიკრიბებით იმისათვის, რომ ჩვენი ტკივილი, მსხვერპლების ოჯახებისადმი სოლიდარობა და გამოძიების პროცესისადმი ჯანსაღი სამოქალაქო ინტერესი გამოვხატოთ. გთხოვთ, მოიტანოთ სანთლები და ყვავილები და ვაჩვენოთ სახელმწიფოს და რაც მთავარია, ბავშვებს, რომ ცივილიზებული პასუხი გვინდა იმაზე, რაც მოხდა, რათა, მომავალში სხვა ბავშვები მაინც დავიცვათ”, – წერია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.