თბილისში რკინიგზის სადგურთან საპროტესტო აქციის 10-მდე მონაწილე დააკავეს
ფოტო: news.on.ge
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს რკინიგზის შენობასთან დაკავებული 10 პირის საქმე უნდა განიხილოს. როგორც დაცვის მხარის წარმომადგენელმა ნანა ქურდოვანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დაკავების ოქმები ადვოკატებს ჯერ არ უნახავთ და არ იციან ადმინისტრაციული კოდექსის რომელი მუხლით არიან დაკავებული აქციის მონაწილეები.
საქართველოს რკინიგზის ცენტრალურ ოფისთან თბილისში მიმდინარე აქციაზე 10-მდე პირი პოლიციამ 24 აგვისტოს თბილისში დააკავა. მათ შორის არიან სტუდენტური მოძრაობა აუდიტორია 115-ის წევრები და რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების წარმომადგენლები.
საპროტესტო აქცია 15 აგვისტოს დაიწყო, როდესაც რკინიგზის ორმა თანამშრომელმა შიმშილობა გამოაცხადა. 17 აგვისტოდან კი მათ კიდევ 7 პირი შეუერთდა. 24 აგვისტოს საქართველოს რკინიგზასთან მიმდინარე აქცია დაპირისპირებით და აქციის მონაწილეთა დაკავებით დასრულდა.
რკინიგზის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეები თავდაპირველად რკინიგზელების ძველ სამუშაო ადგილზე დაბრუნებას, ან ტრანსპორტირებისა და საცხოვრებლის ანაზღაურებას ითხოვდნენ, მოგვიანებით მათ მოთხოვნებს საქართველოს რკინიგზის პრესსამსახურის უფროსის დაჩი ცაგურიას და რკინიგზის ინფრასტრუქტურის დირექტორის ვასილ ხორავას გათავისუფლების მოთხოვნა დაემატა.
ამ შემთხვევასთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზამ განცხადება გაავრცელა, სადაც მათ მომხდარში პროფკავშირების ხელმძღვანელი დაადანაშაულეს:
“სამწუხაროდ, ირაკლი პეტრიაშვილი აგრძელებს პროვოკაციების მოწყობას საქართველოს რკინიგზასთან, მათ ვერ შეძლეს საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება და დღევანდელ აქციაზე, სადაც მხოლოდ მათი აქტივისტები ესწრებოდნენ, სცადეს საქართველოს რკინიგზის შენობაში ძალის გამოყენებით შეჭრა, რაც პოლიციის აქტიური მოქმედებებით აღკვეთილ იქნა”, – აღნიშნულია განცხადებაში.
აუდიტორია 115-მა კი, რომელიც რკინიგზელებს მხარდაჭერას უცხადებდა, ხელისუფლებას მოუწოდა დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებულები და რკინიგზელთა პრობლემები მოაგვაროს, რომლებიც უკვე მე-10 დღეა შიმშილობენ. მათ საზოგადოებასაც მიმართეს, რათა გამოხატონ სოლიდარობა და დაიცვან მშრომელთა უფლებები მათივე უფლებებისათვის.