თავდასხმა თბილისში: დოდო გუგეშაშვილი დაჭრეს, მისი შვილი - მოკლეს
თბილისში, დიღმის მასივში, საკუთარ სახლში შვილთან ერთად ჩაცხრილეს დაჯგუფება “მხედრიონის” ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი, დოდო გუგეშაშვილი.
შვილი – ნოდარ გუგეშაშვილი ადგილზე გარდაიცვალა და მისი ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი. თავად დოდო გუგეშაშვილს ღუდუშაურის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში ოპერაცია ჩაუტარდა. მას ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. როგორც ექიმები ამბობენ, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
გუგეშაშვილის სახლში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
გამოძიებისთვის ამ ეტაპზე უცნობია, ვინ იყო თავდამსხმელი, თუმცა, როგორც “ინტერპრესნიუსი” იუწყება, გამოძიების პირველადი ვერსიით, პირი, რომელმაც გუგეშაშვილებს ესროლა, მათ იცნობდა.
გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით.
• დოდო გუგეშაშვილი 90-იან წლებში მოქმედი სამხედრო ფორმირების “მხედრიონის” ერთ-ერთი ლიდერი იყო. ის შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკი და აფხაზეთის ომის ვეტერანია. ბოლო წლებში, “მხედრიონის” დაშლის შემდეგ, დოდო გუგეშაშვილი იშვიათად ჩნდებოდა ტელევიზიით და არ მონაწილებდა ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში.
• სამხედრო ორგანიზაცია “მხედრიონი” 1989 წელს შეიქმნა. “მხედრიონი” 1991 წელს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ მოწყობილი სამხედრო პუტჩის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო და აფხაზეთის ომშიც მონაწილეობდა. 1995 წელს საქართველოში „მხედრიონის“ საქმიანობა აიკრძალა. 2001 წელს „მხედრიონს“ („პატრიოტთა კავშირი“) უარი ეთქვა პოლიტიკურ პარტიად რეგისტრაციაზე.