დანიაში სომხეთის ელჩის სარჩელი ევროპის ადამიანთა უფლებების სასამართლომ დააკაყოფილა
სომხეთის ელჩმა დანიაში ალექსანდრ არზუმიანმა ევროპის ადამიანთა უფლების დაცვის სასამართლოში სომხეთის წინააღმდეგ სარჩელი მაშინ აღძრა, როცა ოპოზიციონერი იყო და მისი, როგორც ოპოზიციის წარმომადგენლის უფლებები შეილახა.
2017 წლის თებერვალში ალექსანდრ არზუმიანმა პარტიულ მოღვაწეობაზე უარი განაცხადა. ამის შემდეგ რამდენიმე თვეში ის დანიაში სომხეთის ელჩად დაინიშნა.
არზუმიანი დააკავეს 2007 წელს “უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცაში ეჭვის გამო”. სასამართლომ მისი დაპატიმრების გადაწყვეტილება – „ბრალდების სიმძიმის და დანაშაულის განმეორების საშიშროების გათვალისწინებით, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის და საგამოძიებო ორგანოებისგან მიმალვის საშიშროების თავიდან ასაცილებლად“ – მიიღო. პერიოდულად პატიმრობას ამავე მიზეზებით უხანგრძლივებდნენ. არზუმიანი გაათავისუფლეს 2007 წელს ქალაქიდან გაუსვლელობის ხელწერილით.
2007 წელს არზუმიანმა სარჩელი შეიტანა ევროპის ადამიანთა უფლებების სასამართლოში შემდეგი მიზეზების საფუძველზე:
- სასამართლომ საკმარისად ვერ დაასაბუთა მისი დაპატიმრების აუცილებლობა,
- დაირღვა მისი თავისუფლების უფლება და პირადი ხელშეუხებლობა,
- დაირღვა მისი უფლება სამართალწარმოების გონივრულ ვადაში ჩატარების მხრივ.
ევროპის ადამიანთა უფლებების სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა ადამიანის უფლებების დაცვის კონვენციის დებულებები და თავისუფლების ფუნდამენტური უფლების დაცვა, რაც იმის გარანტიას იძლევა, რომ ყოველ დაკავებულ ან დაპატიმრებულ ადამიანს აქვს სამართალწარმოების გონივრულ ვადაში ჩატარების, ან სასამართლო განხილვამდე განთავისუფლების უფლება.
მოსარჩელემ მორალური ზარალის ასანაზღაურებლად 81250 ევრო მოითხოვა, მაგრამ ევროპის ადამიანთა უფლებების სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას მხოლოდ 2,5 ათასი ევრო უნდა გადაუხადონ: 2000 – მორალური ზარალისთვის, 500 კი ხარჯების კომპენსაციისთვის.
დღეს, ხელისუფლების მიერ დანიშნული ელჩი ალექსანდრ არზუმიანი გაურკვეველ მდგომარეობაშია და არ არის ცნობილი, დათანხმდება თუ არა ევროპის ადამიანთა უფლებების სასამართლოს მიერ დადგენილი თანხის მიღებას.