ევროკომისარი იოჰანეს ჰანი თბილისში პირველ ევროპულ სკოლას ხსნის
საქართველოში “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ევროპული სკოლა იხსნება, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის – საქართველოს, უკრაინის, მოლდოვას, ბელარუსის, სომხეთის და აზერბაიჯანის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ევროპული ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამით ისწავლიან.
სკოლას თბილისში გახსნის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარი, იოჰანეს ჰანი, რომელიც საქართველოში 3 სექტემბერს, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ჩამოდის.
“აღმოსავლეთ პარტნიორობის” ექვსი ქვეყნიდან მოსწავლეები შესაბამისი საკონკურსო პირობებით შეირჩევიან. სკოლის დასრულების შემდეგ, ისინი ევროპულ ბაკალავრიატის დიპლომს მიიღებენ.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპულ სკოლას ჯერჯერობით ცალკე შენობა არ აქვს. საწყის ეტაპზე იგი თბილისის კერძო სასწავლებლის, “ახალი სკოლის” ბაზაზე განთავსდება.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლისთვის ახალი შენობა აშენდება ნაკვეთზე, რომელიც საქართველოს მთავრობის თბილისის მერიასთან თანამშრომლობით გამოიყო.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლა ევროკავშირის უპრეცედენტო პროექტია და ის პირველი სკოლა იქნება, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების ფარგლებს გარეთ დაფუძნდება.
ზალკალიანის თქმით, თბილისში ევროპული სკოლის გახსნა 2017 წლის ნოემბერში,„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ბრიუსელის სამიტზე გადაწყდა.
2018-2019 სასწავლო წლისთვის უკვე შერჩეულია 30 მოსწავლე.
სკოლაში სწავლის დაფინანსების მიზნით სასტიპენდიო პროგრამაზე კონკურსი მარტში გამოცხადდა.
სტიპენდია საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB Diploma Programme) ორწლიანი პროგრამისა და განთავსების ხარჯების დაფინანსებას მოიცავს.
ყოველწლიურად ექვსი ქვეყნიდან 30 სტუდენტი შეირჩევა.