აჭარაში დიდთოვლობას გამო სახლის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სამებაში, დიდთოვლობის გამო, ქართველიშვილების ოჯახის საცხოვრებელი სახლის ნგრევის შედეგად, 44 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
შემთხვევა დაახლოებით ღამის პირველ საათზე მოხდა. ნგრევის ხმა მეზობლებმა გაიგეს, თუმცა ადგილზე მისულ სამაშველო სამსახურს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.
გარდაცვლილ მამაკაცს ცოლი და ერთი შვილი ჰყავს, რომლებიც უბედური შემთხვევის დროს ბათუმში იმყოფებოდნენ.
როგორც ცნობილია, ქართველიშვილების ძველი ხის სახლი ავარიული იყო. მეზობლების თქმით, ოჯახის უფროსმა, ავადმყოფობის გამო, სახურავის თოვლისგან გაწმენდა ვერ მოახერხა და სავარაუდოდ, ნგრევა სწორედ ამან გამოიწვია.
ქუჩაში დარჩენილი სოციალურად დაუცველი ოჯახი დახმარებას სახელმწიფოსგან ითხოვს.
შემთხვევის შედეგად საქმე სსკ 116 მუხლით აღიძრა, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.