"აშშ რუსეთის მიერ დადგენილ საზღვრებს არ აღიარებს" - აშშ-ის ელჩი საქართველოში
ფოტო: გოგა აფციაური
მოქალაქეები სოფელ ბერშუეთში საქართველოში რუსეთის ოკუპაციას აპროტესტებენ. დღის განმავლობაში ადმინისტრაციულ საზღვართან ორი საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. აქციის ორგანიზატორები რიგითი მოქალაქეები არიან. ისინი საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით არიან მისულები.
ადმინისტრაციულ საზღვართან დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩიც მივიდა. იან კელიმ განაცხადა, რომ საზღვრების შეცვლა არის ხელოვნური და არაბუნებრივი აქტი, ის ხალხს ორად ჰყოფს.
“როდესაც ხდება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ასეთი უხეში დარღვევა მეზობელი ქვეყნის მიერ, ამას ამერიკის შეერთებული შტატები დაგმობს და ხმას აიმაღლებს ასეთი უკანონო ქმედების მიმართ. მისთვის მიუღებელია ნებისმიერი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შეცვლა ცალმხრივად და თავიდან განსაზღვრა. რადგან ეს ახდენს ძალიან ცუდ გავლენას ოჯახებზე, ხალხზე.
რაც შეეხება გამოსავალს, ეს უნდა იყოს პრაგმატული ნაბიჯები და მიდგომები, რაც საქართველოს მხარეს აქვს, მეტი პროგრესი ჟენევის მოლაპარაკებებში და უფრო მეტი საუბარი ამ თემაზე”, – აღნიშნა იან კელიმ.
მისი თქმით საზღვრების ცვლილება დიდხანს არ გაგრძელდება. ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის დაუჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთის მიერ დადგენილ საზღვრებს არ აღიარებს, როგორც ეს არ აღიარა ბალტიის ქვეყნების შემთხვევაში საბჭოთა კავშირთან.
დღის ბოლოს კიდევ ერთი აქცია იგეგმება, მოქალაქეები პროტესტის ნიშნად ცოცხალი ჯაჭვის გაკეთებას გეგმავენ.