არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი სახლში გადაასვენეს
ცხინვალში, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი უკვე მის მშობლიურ სახლში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში გადაასვენეს, გადმოსცემს “რადიო თავისუფლება”.
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს მისი გარდაცვალებიდან 26 დღის შემდეგ, 20 მარტს, სოფელ ერგნეთთან მდებარე ე.წ. ნეიტრალურ ზონაში გადაეცა.
სახლში გადასვენებამდე ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა თბილისში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.
ჯერჯერობით, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა ცნობილი არ არის, თუმცა, როგორც ახალგორის გამგებებელი ნუგზარ თინიკაშვილი ამბობს, “ცხედარს გარკვეული დაზიანებები აღენიშნება”.
„არის საუბარი, რომ ხელებზე და სახეზეც აღენიშნება დაზიანებები, თუმცა ამ ყველაფერს ექსპერტიზა დეტალურად დაადგენს. დაველოდოთ ამ დასკვნას“, – განუცხადა ნუგზარ თინიკაშვილმა სააგენტო “ინტერპრესნიუსს”.
ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება 26 დღის განმავლობაში უარს აცხადებდა ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემაზე.
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, ერაყში სამშვიდობო მისიის მონაწილე არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დააკავეს დაბა ახალგორში. 23 თებერვალს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილმა ბადრაგს წინააღმდეგობა გაუწია და იარაღი წაართვა, მისი განეიტრალების მიზნით ძალის გამოყენებისას კი, კიბეზე დაგორდა და მოგვიანებით ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა სავარაუდოდ, გულის უკმარისობით.
ამ ვერსიის არ სჯერა გარდაცვლილის ოჯახს, რომელიც დარწმუნებულია, რომ არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს. გარდაცვალების ვერსია საეჭვოა საქართველოს ხელისუფლებისთვისაც. საქართველოში მიიჩნევენ, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას აჭიანურებდა, რადგან ცხედარს დაზიანებების კვალი ეტყობოდა.