ამიერიდან სომხეთის მთავრობა სომხური წარმოების ეკო-კალმებით ისარგებლებს
სომხეთის მთავრობა იწყებს ეკო-კალმების გამოყენებას, რომლებიც გადამუშავებული ქაღალდისგანაა დამზადებული. ისინი ადგილობრივი წარმოშობისაა და ასეთივე კალმების ყიდვა შესაძლებელია ერევნის სპეციალიზებულ მაღაზიებში.
უნდა აღინიშნოს, რომ მანამდე ქვეყნის მინისტრთა კაბინეტმა და პარლამენტმა უარი განაცხადეს „MacBook“-ების გამოყენებაზე და ისინი იმავე მწარმოებლის სომხური ნოუთბუკებით შეცვალეს, ვინც ამ კალმებს აწარმოებს. ეს თავად პრემიერი ფაშინიანის ინიციატივაა:
„საქმე ეხება არამხოლოდ პროგრამულ უზრუნველყოფას, არამედ წარმოებას. სომხური წარმოშობის კომპიუტერული ტექნიკა პარლამენტშიც უნდა დაიდგას. აუცილებლად უნდა მოხდეს ფინანსური მხარდაჭერა, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზშიც სომხური წარმოების კომპიუტერები იდგეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წარმოება განვითარდეს და უპირატესობა ადგილობრივ წარმოებას მიენიჭოს. ეს სასიამოვნოცაა და ხელსაყრელიც“.
მწარმოებელმა კომპანიამ მთავრობას ტექნიკა უფასოდ გადასცა.
სომხეთში, უკვე რამდენიმე წელიწადია, რაც ნოუთბუკებსა და ტელეფონებს აწარმოებენ. პროდუქციის ნაწილი ექსპორტზე გადის, პირველ რიგში – რუსეთში. ადგილობრივი წარმოების პლანშეტებით უკვე ქვეყნის ბევრი სკოლაა აღჭურვილი.
პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ამით ადგილობრივი წარმოების სტიმულირებას და კიდევ ერთხელ იმის ხაზგასმას ცდილობს, რომ სომხეთისთვის საინფორმაციო ტექნოლოგიების სფერო უმნიშვნელოვანესია.