შესაძლოა, ხუთი აზერბაიჯანული ვებგვერდი – azadlıq.info, azadlıq.org, azərbaycansaatı.com, meydan.tv, და ტელეკომპანია “Turan”-ის (Turan TV) ვებგვერდი – დახურონ იმ შემთხვევაში, თუკი სასამართლო დაამტკიცებს, რომ ეს მედიაორგანიზაციები აზერბაიჯანის სახელმწიფოებრიობასა და საზოგადოებას უქმნიან საფრთხეს (სწორედ ასეთი ფორმულირება აქვს ბრალდებას). სასამართლოში სარჩელი ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და მაღალი ტექნოლოგიების სამინისტროსთან არსებული ელექტრონული უსაფრთხოების ცენტრმა შეიტანა. პირველი სხდომა 27 აპრილს, საბაილის რაიონულ სასამართლოში გაიმართა.
სასამართლო პროცესზე ჟურნალისტები, უფლებადამცველები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ზოგიერთი საელჩოს თანამშრომლები გამოცხადდნენ. მიუხედავად ამისა, ღია სხდომაზე მხოლოდ რამდენიმე ადამიანი დაუშვეს.
მედიაექსპერტმა და იურისტმა ალესკერ მამედლიმ სასამართლო დარბაზში არდაშვებასთან დაკავშირებით შესაბამისი აქტი შეადგინა. ამ დოკუმენტს იმ ადამიანებმა მოაწერეს ხელი, რომლებმაც სასამართლო დარბაზში შესვლა ვერ შეძლეს. ამასთან დაკავშირებით მამედლიმ გადაწყვიტა, სასამართლოს მიმართოს.
Meydan Tv-ის ადვოკატის, ელჩინ სადიგოვის განცხადებით, ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ ამ მედიაორგანიზაციების საქმიანობა სახელმწიფოსა და საზოგადოებას უქმნის საფრთხეს:
«ჩვენ ვითხოვეთ, წარმოედგინათ ის დოკუმენტები, რომლებსაც ბრალდება ეფუძნება, მაგრამ შესაბამისი მასალები არ მიგვიღია».
პოზიციურ პარტია „ეროვნულ ფრონტთან“ დაახლოებული ვებგვერდის, «azadlıq.info»-ს ადვოკატმა, სამედ რაჰიმლიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სასამართლო პროცესო მოპასუხე მხარის მოთხოვნით გადაიდო.
მედიაექსპერტი და იურისტი, ალესკერ მამედლი მიიჩნევს, რომ კრიტიკულად განწყობილი მედიაორგანიზაციების ასეთი გზით დახურვა დემოკრატიული მმართველობის სისტემას არ შეეფერება.
ვებგვერდ “azadlıq.info”-ის რედაქტორმა, როვშან გაჯიბეილიმ განაცხადა, რომ ვებგვერდის დაბლოკვის გამო საპასუხო სარჩელის შეტანას აპირებს.
«ჩვენი ვებგვერდების დახურვასთან დაკავშირებით არაერთი წერილი გავუგზავნეთ. მათ კი სასამართლოს მიმართეს. ამბობენ, რომ ჩვენ მიერ გავრცელებული ინფორმაცია სახელმწიფოსა და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგაა მიმართული. რა ინფორმაციაზეა საუბარი? კონკრეტულად რას გულისხმობს მათი ბრალდება? სამწუხაროდ, ამის შესახებ არაფერს ამბობენ».