აზერბაიჯანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
16 ნოემბრის ღამეს 130 საცხოვრებელი სახლი და ერთი სკოლის შენობა დაზარალდა. მიწისძვრების რეგისტრაციის საერთაშორისო სააგენტოს (EMSC) მონაცემებით, 5,1 ბალიანი მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი აზერბაიჯანის აგდამის რაიონის მახლობლად, ყარაბაღის კონფლიქტის ფრონტის ხაზის მიმდებარედ მდებარეობს.
აგდამის რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელმა რაგუბ მამედოვმა განაცხადა, რომ ყველაზე დიდი ზარალი სოფელ ჩემენლის მიადგა, სადაც 36 სახლი დაინგრა.
“ბიძგები მიმდებარე რაიონებშიც კი იგრძნობოდა. ამჟამად მიყენებული ზარალის მასშტაბებს ითვლიან. ადამიანური მსხვერპლი არ არის. ჯერჯერობით არც დაშავებულების შესახებ შემოსულა ინფორმაცია”, – იუწყება სააგენტო Trend.
აზერბაიჯანის ეროვნული აკადემიის სეისმოლოგიური სამსახურის ცენტრის ხელმძღვანელმა გურბან იეტირმიშლიმ განაცხადა, რომ მიწისქვეშა ბიძგები 16 ნოემბრის დილის საათებშიც გრძელდებოდა, სულ 30 განმეორებითი ბიძგი დარეგისტრირდა. იეტირმიშლი აგდამის მიწისძვრის ირანი–ერაყის საზღვართან მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრასთან რაიმე კავშირს უარყოფს.
- 13 ნოემბერს ირანის სამხრეთში მძლავრი 7,3 ბალიანი მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ბოლო მონაცემების მიხედვით, იქ 430 ადამიანი დაიღუპა, 7000 ადამიანი კი დაშავდა.
- აზერბაიჯანის ტერიტორიაზე უკანასკნელი მძლავრი მიწისძვრა 2000 წლის 25 ნოემბერს მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 6,1 ბალს მიაღწია. ეპიცენტრი კასპიის ზღვაში, ბაქოს მახლობლად მდებარეობდა – დაიღუპა 31 ადამიანი.