"ავადმყოფები ხართ, გოგოებო" - ასე მიმართა ქართველ ჟურნალისტებს სერგეი ლავროვმა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ქართველ ჟურნალისტებს ავადმყოფები უწოდა, რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ კი – მემები და “ქალები, რომლებმაც ყველანაირი ღირსება დაკარგეს”.
ქართველი ჟურნალისტების რუსულ დელეგაციას ჟენევაში, გაეროს ოფისში გადაეკვეთნენ. ჟურნალისტები ცდილობდნენ ლავროვისთვის ეკითხათ, აპირებს თუ არა იგი მაისში, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე თბილისში ჩამოსვლას.
„თქვენ ავად ხართ, გოგოებო“, – მიმართა ლავროვმა საზოგადოებრივი მაუწყებლის და „იმედის“ ჟურნალისტებს.
ამ ისტორიას გაგრძელებაც მოჰყვა.
ცოტა ხანში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ თავის ფეისბუკზე დაწერა, რომ “ქართველი ჟურნალისტი ქალები თავს დაესხნენ რუსეთის დელეგაციას”.
“ისინი ყვიროდნენ, ჯიკაობდნენ, ჯაჯგურობდნენ და ცდილობდნენ მინისტრისთვის [ლავროვისთვის] კითხვა დაესვათ. გზა რომ გაგვეგრძელებინა, იძულებული ვიყავით გაგვეწია ქალები, რომლებმაც ყველანაირი ღირსება დაკარგეს. და იცით რა უნდოდათ? დაუჯერებელია! ერთადერთი კითხვა: ჩავა თუ არა ლავროვი თბილისში? … საცოდავი სანახაობა იყო,” – წერს ზახაროვა.
ის აქვეყნებს ასევე ფოტოებს სადაც ნაკაწრები ჩანს. ზახაროვა ამბობს, რომ “ქართველი ჟურნალისტების მოგერიებისას” დაიკაწრა.
“ყველაზე სასაცილო ის არის, რომ ლავროვს ისინი რუსულად მიმართავდნენ კითხვით, ჩვენ კი [დელეგაციის სხვა წევრებს] ინგლისურად გაჰყვიროდნენ “don’t touch me” (არ შეგვეხოთ). ამ სტილს ჰქვია “სააკაშვილი, რომელიც მიწაზე ენარცხება რუსული ავიაციის თავდასხმის შედეგად,” – სარკასტულად იხუმრა ზახაროვამ.
2020 წლის 14-15 მაისს საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე შეხვდრას უმასპინძლებს. მინისტერიალზე, ტრადიციულად ევროპის საბჭოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობენ. ევროპის საბჭოს წევრი ქვეყანაა რუსეთიც. შესაბამისად, ჩამოვა თუ არა საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და მიიღებს თუ არა მას ოფიციალური თბილისი, ეს ბოლო დროის ერთ-ერთ აქტუალურ კითხვად იქცა.
საქმე იმაშია, რომ ლავროვის საქართველოში ჩამოსვლით ირღვევა კანონი “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ”, რომელიც საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოქმედებს. ამ კანონის თანახმად, პირებს, რომლებიც იმყოფებოდნენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის გვერდის ავლით (მაგალითად, აფხაზეთში ფსოუს გავლით შევიდნენ და არა ენგურის ხიდის) აკრძალული აქვთ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე შემოსვლა. მეორე მხრივ კი, საქართველოს აქვს საერთაშორისო ვალდებულება, უმასპინძლოს მინისტერიალს.
ლავროვის ჩამოსვლის შემთხვევაში, საპროტესტო აქციებს გეგმავენ სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის ნაწილი. ლავროვს დარღვეული აქვს საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის გაწყვეტილია დიპლომატიური კავშირი. უკვე 12 წელია საქართველოში ლავროვის დონის რუსეთის ოფიციალური პირები არ ჩამოსულან. გასული წლის ივნისში მართლმადიდებლური ფორუმის ფარგლებში რიგითი რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის თბილისში ვიზიტს და მის გამოსვლას საქართველოს პარლამენტში მრავალათასიანი მიტინგი და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა.
ფოტო: ალექსანდრ შერბაკი /ТАСС