ალექსანდრე ჯეჯელავას ინიციატივით, სკოლებში ბავშვებს ვაშლს დაურიგებენ
განათლების სამინისტრო სკოლებში “ვაშლის დარიგების“ კამპანიას იწყებს. როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ვაშლის დარიგების კამპანია შემოდგომიდან, თბილისის იმ სკოლებში დაიწყება, სადაც 1000-ზე მეტი მოსწავლეა.
კამპანიის ფარგლებში, ვაშლები კვირაში ერთხელ დარიგდება.
“რთული და ძვირი პროექტია. მეორე მხრივ, ამ საკითხში რთული და ძვირი არაფერს დაგვაკლებს. ამ პროექტის მიზანია, შესვენებაზე ბავშვმა შეჭამოს ვაშლი. ვაშლი არის ძალიან ჯანსაღი პროდუქტი“, – აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
ამის პარალელურად, სამინისტრო აპირებს კამპანის წარმოებას, რათა მშობლებმა შვილებს ვაშლი გაატანონ.
თითო ბავშვი კვირაში ერთ ვაშლს მიიღებს. ასეთი მოსწავლეების რაოდენობა დაახლოებით 40 000 -60 000 იქნება.
სექტემბრიდან ასევე სკოლის ბუფეტებში განსაკუთრებით არაჯანსაღი პროდუქტის გაყიდვა აიკრძალება. როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ძირითადად საუბარია შაქრისა და მარილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებზე. ასევე შაქრიან, გაზიან სასმელებზე.
განათლების მინისტრი, ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა, ყოველთვის გამოირჩევა არაორდინარული იდეებით. მისი საჯარო გამოსვლები ხშირად ხდება სოციალური ქსელის მომხმარებელთა განსაკუთრებული ყურადღების საგანი.