2008 წლის ომის შემდეგ რუსეთმა საქართველოზე ზემოქმედების ყველა ბერკეტი ამოწურა - მიიჩნევს ზოგიერთი ექსპერტი" />

8 ბერკეტი, რომელსაც რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ფლობს

2008 წლის ომის შემდეგ რუსეთმა საქართველოზე ზემოქმედების ყველა ბერკეტი ამოწურა - მიიჩნევს ზოგიერთი ექსპერტი

1. რუსეთში გაზრდილი ექსპორტის ხელახლა გადაკეტვა

2013 წელს, საქართველოში ხელისუფლების შეცვლიდან რამდენიმე თვეში, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ 2006 წელს ამოქმედებული ეკონომიკური ემბარგო მოხსნა და ქართული ნაწარმი კვლავ დაუბრუნდა რუსულ ბაზარს. 2014 წელს საქართველოდან რუსეთში 275 მილიონი დოლარის პროდუქცია (ძირითადად, ღვინო და მინერალური წყალი) გავიდა. ამ მაჩვენებლით რუსეთმა კვლავ დაიბრუნა საქართველოს მთავარი ექსპორტიორი ქვეყნის ადგილი.

2006 წლის მარტში, ემბარგოს დაწესების ოფიციალურ მიზეზად ქართული პროდუქციის დაბალი ხარისხი დასახელდა, თუმცა მოსკოვშიც აღიარებდნენ, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკური იყო. იმ პერიოდში ქართული პროდუქციის 80 პროცენტი მთლიანად რუსულ ბაზარზე იყო დამოკიდებული. ამდენად, რუსული ბაზრის დაკეტვამ კონკრეტულ მეწარმეებსა და ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

თუკი კრემლი კვლავ გადაწყვეტს იგივე გაიმეოროს, საქართველოს ეკონომიკა ამჯერადაც ასეულობით მილიონ ლარს დაკარგავს. ეკონომიკა მნიშვნელოვანი ბერკეტია რუსეთის ხელში.

2. რუსული ინვესტიციების შეჩერება

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2014 წელს საქართველოში 82 მილიონი აშშ დოლარის პირდაპირი რუსული ინვესტიცია განხორციელდა. მიუხედავად იმისა, რომ ინვესტიციების რეიტინგში რუსეთი მერვე ადგილზეა, ამ ინვესტიციების შეფერხება მოსკოვის ხელში მნიშვნელოვანი ბერკეტია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუსული ფულის დიდი წილი ისეთ სტრატეგიულ სექტორებზე მოდის, როგორიც არის ენერგეტიკა, წყალმომარაგება და კომუნიკაციები.

3. რუსეთში მცხოვრები ქართველებისთვის პრობლემების შექმნა

რუსეთში ასეულობით ათასი ეთნიკური ქართველი ცხოვრობს (ზუსტი მონაცემები არ არსებობს. სახელდება ციფრები 150 ათასიდან ერთ მილიონამდე ). მათი ნაწილი რუსეთის მოქალაქეა. მათთვის პრობლემების შექმნა კიდევ ერთი ბერკეტია რუსეთის ხელში, რომელიც მან ერთხელ უკვე გამოიყენა.

2006 წლის 27 სექტემბერს საქართველოში ჯაშუშობის ბრალდებით რამდენიმე რუსი ოფიცრის დაკავების შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქეთა მასობრივი დეპორტაციის კამპანია დაიწყო. 2006 წლის ბოლოს, რუსეთიდან ათასობით საქართველოს მოქალაქე გააძევეს. დეპორტირებულების ნაწილი სამშობლოში შეურაცხმყოფელ პირობებში – სატვირთო თვითმფრინავებით გამოამგზავრეს. ამ პროცესს მსხვერპლიც მოჰყვა. მოგვიანებით, საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში შეიტანა და საქმე მოიგო.

ეთნიკური ქართველების რუსეთიდან დეპორტაციისა და მათი შევიწროვების შემთხვევაში ათასობით ადამიანსაც შეექმნება ფინანსური პრობლემები, რადგან რუსეთში მცხოვრები ქართველები სამშობლოში დარჩენილ ოჯახებს ფინანსურად ეხმარებიან. საქართველოში კი, სადაც უმუშევრობის დონე ძალიან მაღალია, დეპორტირებულებს სამსახურის მოძებნა გაუჭირდებათ.

4. რუსეთიდან ფულადი გზავნილების შეჩერება

საქართველოში ათასობით ოჯახის ერთადერთი შემოსავლის წყარო უცხოეთში მყოფი ოჯახის წევრების მიერ გამოგზავნილი ფულია. უცხოური ფულადი გზავნილები ქვეყნის მშპ–ს 9 %-ს შეადგენს. რუსეთი პირველია იმ ქვეყნების რეიტინგში, საიდანაც საქართველოში ფულს აგზავნიან. 2014 წელს რუსეთიდან საქართველოში 709.23 მილიონი აშშ დოლარი შემოვიდა, რაც მთლიანი ფულადი გზავნილების 49.2%-ს შეადგენს. რუსეთიდან გზავნილების შეფერხება სერიოზული პრობლემას შეუქმნის არა მარტო ათასობით ოჯახს, არამედ ეროვნული ვალუტის კურსზეც უარყოფითად იმოქმედებს.

5. სამხრეთი ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მუდმივი დაძაბულობა

ბოლო ხანებში ოსი და რუსი სამხედროების მიერ ე.წ. სამხრეთი ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან სასაზღვრო ხაზის 200-300 მეტრით გადმოწევის გახშირებული შემთხვევები განსაკუთრებით არასტაბილურს ხდის ვითარებას კონფლიქტის ზონაში. იქ მცხოვრები ქართველი გლეხები ჩივიან, რომ ხშირად, ე.წ. საზღვრის გადაწევისას, მათი საძოვრები და სახნავ-სათესი მიწები ოსურ მხარეს რჩება და რეაგირებისთვის ხელისუფლებას მიმართავენ.

ჯერჯერობით ქართული მხარე საკმაოდ ფრთხილი განცხადებებით შემოიფარგლება, და ამ პროცესს “მცოცავ ოკუპაციასა” და რუსეთის მიზანმიმართულ პროვოკაციას უწოდებს. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ეს პროცესები გაგრძელდა და უფრო რეგულარული ხასიათი მიიღო, არ არის გამორიცხული, კონფლიქტის ზონაში ვითარება დაიძაბოს.

6. სამხედრო ძალის გამოყენება

ქართველი ექსპერტების აზრით, რუსეთ-საქართველოს შორის შეიარაღებული დაპირისპირების საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს და სამხედრო ძალა არის უკიდურესი ზომა, რომლის გამოყენებაც თავად რუსეთისთვისაც არ იქნება ადვილი. თუმცა, 2008 წლის ომის შემდეგ და განსაკუთრებით კი, უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, იმის გამორიცხვა, რომ რუსეთი სამხედრო ძალას გამოიყენებს, არ შეიძლება, ფიქრობენ საქართველოში.

7. რბილი ძალა და იდეოლოგიური ბერკეტები

სწორედ ამ ბერკეტს უფრთხიან ყველაზე მეტად დღეს ქართველი ექსპერტები, რადგან მათი თქმით, იგი უკვე ამოქმედებულია. ბოლო ორი წელია, საქართველოში განსაკუთრებით გააქტიურდნენ პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც თავიანთი პარტნიორი ელექტრონული თუ ბეჭდური მედიის საშუალებით ანტიდასავლურ მესიჯებს ავრცელებენ. თვალშისაცემად გააქტიურდა ანტიდასავლური რიტორიკა სოციალურ ქსელებში, ონლაინ მედიაში, ზოგიერთ რადიო და ტელეგადაცემებშიც.

საქართველოში ათეული მსგავსი ორგანიზაციაა. ისინი დაფინანსების წყაროებზე ღიად არ ლაპარაკობენ, თუმცა რამდენიმე რუსულ ფონდს ეს ორგანიზაციები პარტნიორების სიაში თავად ჰყავს შეყვანილი. მაგალითად, ალექსანდრ დუგინის ორგანიზაცია წერს, რომ მისი პარტნიორი საქართველოში “ევრაზიული არჩევანია” – ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ანტიდასავლური ორგანიზაცია. თბილისში საქმიანობა დაიწყო ასევე პრემიერ დიმიტრი მედვედევის ინიციატივით შექმნილმა “გორჩაკოვის ფონდმა”, რომელიც პირდაპირ აცხადებს, რომ მისი მიზანია რუსული რბილი ძალის გავრცელება.

ეს ორგანიზაციები ხშირად აწყობენ აქციებს ნატოსა და ევროკავშირის წინააღმდეგ, ითხოვენ საქართველოს ნეიტრალიტეტს, სტალინის ძეგლის დადგმას და ა.შ. მაგალითად, “ევრაზიული ინსტიტუტის” ორგანიზებით, სკოლის მოსწავლეები მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ითქვა, “თუ რა მძიმე ხვედრს გადაურჩა საქართველო, საბჭოთა კავშირის ხალხების ერთიანობის, მათი გმირობისა და ამ ხალხების ლიდერის, წესით და რიგით, მთელი საქართველოსათვის საამაყო – იოსებ სტალინის სიბრძნის წყალობით.”

აღნიშნულ ორგანიზაციებს ზურგს უმაგრებენ მედია პარტნიორები – ინტერნეტგამოცემები, რამდენიმე გაზეთი და ასევე ტელეკომპანია “ობიექტივი”. თავის საქმიანობას ეწევა საქართველოში რუსული პროპაგანდის მთავარი მულტიმედიური პროექტი “სპუტნიკი”, რომელსაც კრემლის ცნობილი პროპაგანდისტი, ჟურნალისტი, დმიტრი კისილოვი ხელმძღვანელობს.

 


“ერეკლე მეორის საზოგადოების” მიერ ორგანიზებული აქცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. აქციის მონაწილეები საქართველოს სამხედრო ნეიტრალიტეტს და რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას ითხოვენ

8. ეკლესია, მართლმადიდებლობა და ერთმორწმუნეობა

სოციალურ ქსელებსა თუ მედიაში რუსეთთან ერთმორწმუნეობის თემას ხშირად იყენებენ ის ადამიანები, რომლებიც ანტიდასავლურ მესიჯებს ავრცელებენ და დასავლეთს მტრად მიიჩნევენ. მათი ნარატივის არსი ისაა, რომ ევროპა ქართული ეკლესიისა და ტრადიციების წინააღმდეგ იბრძვის, რუსეთი კი, სხვა თუ არაფერი, ერთმორწმუნე ქვეყანაა.

ამგვარ მესიჯებს ხშირად თავად სასულიერო პირებიც ავრცელებენ. თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში ეკლესიას უზარმაზარი ავტორიტეტი აქვს, ის მართლაც სერიოზული ბერკეტი შეიძლება გახდეს რუსეთის ხელში.


ასევე წაიკითხეთ