გამთენიისას რუსთაველზე ჯერ ცეკვისა და სიმღერის ხმა ისმოდა, შემდეგ კი, სამარისებულმა სიჩუმემ დაისადგურა - ყველანი დარბევის მოლოდინში იყვნენ" />

30 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან

გამთენიისას რუსთაველზე ჯერ ცეკვისა და სიმღერის ხმა ისმოდა, შემდეგ კი, სამარისებულმა სიჩუმემ დაისადგურა - ყველანი დარბევის მოლოდინში იყვნენ

1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან 30 წელი გავიდა. ამ დღეს თბილისში საბჭოთა არმიამ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მრავალათასიანი მშვიდობიანი დემონსტრაცია ტანკებისა და მომწამვლელი გაზის გამოყენებით დაარბია.

9 აპრილის ღამეს რუსთაველის გამზირზე დაიღუპა 21 ადამიანი. ასობით დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.

სწორედ აქ ხდებოდა ყველაფერი 1989 წელს. ადამიანებმა საქართველოს პარლამენტის შენობასთან, 9 აპრილის მემორიალთან ყვავილების მიტანა ჯერ კიდევ ღამით დაიწყეს.

9 აპრილის დილას, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მისაგებად მივიდნენ პოლიტიკოსები და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

„მთელი ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორია – ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის, რომელიც ახლაც გრძელდება.

ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე მუხლს მოვიდრეკ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხალხი დარჩება იმ იდეალების ერთგული, რომლის გარშემოც 30 წლის წინ გაერთიანდა.

და ამ გაერთიანების შედეგი არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის აღდგენა“, – განაცხადა მემორიალთან ყვავილების გვირგვინის დადების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

 

#გვახსოვს – ტრაგიკული თარიღის 30-ე წლისთავს საქართველოში ასე გამოეხმაურა ათასობით ადამიანი. ზოგიერთები დაღუპულთა სრულ სიას აქვეყნებენ. დანარჩენები კი სხვებს საკუთარ წარსულს უზიარებენ და ყვებიან, რას გრძნობდნენ 30 წლის წინ.

სოციალურ ქსელებში იმ მოვლენების პოლიტიკური შეფასებებისას სრული ერთსულოვნებაა, ფაქტობრივად, გამონაკლისი არ არის. რამდენიმე დამახასიათებელი ციტატა.

„ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, საიდან მოვედით, ვინ არის მტერი და რისთვის იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები“.

„იმ ღამეს დედაჩემმა და მისმა ორმა მეგობარმა მოახერხეს, რომ სიკვდილს გადარჩენოდნენ. მჯერა, რომ თითოეული ადამიანი, რომელიც მაშინ თავისუფლების მხარეს იდგა, დღეს სწორ არჩევანს აკეთებს“.

„ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჩემი ტანჯვა ჩემს პირად საქმეებს არ ეხებოდა. პირველი რისხვა და სიძულვილი რუსეთის მიმართ. ბრძოლის პირველი სურვილი, რომელიც მას შემდეგ არ მიქრება“.

„მაშინ ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი. ახლა უკვე ბაბუა ვარ და მალე ჩემი შვილიშვილები წავლენ სკოლაში. მაგრამ ბევრი წლის შემდეგაც დარწმუნებული ვარ, რომ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ღირს. თუნდაც ასეთ მაღალ ფასად. მე ვამაყობ ჩემი ხალხით, რომელიც ყოველთვის იბრძოდა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის“.

„ევროატლანტიკური ორიენტაცია განსაზღვრა არა საქართველოს ხელისუფლებამ, არამედ 9 აპრილმა. იმ დღეს ჩვენ საბოლოოდ დავრწმუნდით, რომ არ შეიძლება მკვლელებთან საერთო გზა და მიზნები გვქონდეს“.

ფოტო – დავით ფიფია, JAMnews

9 აპრილის ღამე

სპეცდანიშნულების რაზმები რუსთაველის გამზირზე 9 აპრილს გამთენიისას, 3 საათსა და 56 წუთზე გამოჩდნენ. იმ დროს დღევანდელი პარლამენტის შენობის წინ ათასობით ადამიანია შეკრებილი.

მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ საბჭოთა არმია დემონსტრაციის დასარბევად გამოემართა. დარბევამდე რამდენიმე წუთით ადრე, სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად, ხალხს ტაძარში სალოცავად წასვლას სთხოვა საქართველოს კათალიკოს- პატრიარქმა ილია მეორემ, თუმცა მომიტინგეები ადგილიდან დაძრულან. გამთენიისას რუსთაველზე ჯერ ცეკვისა და სიმღერის ხმა ისმოდა, შემდეგ კი, სამარისებულმა სიჩუმემ დაისადგურა – ყველანი დარბევის მოლოდინში იყვნენ.

პატრიარქის გამოსვლიდან რამდენიმე წუთში პარლამენტის შენობასთან უკვე შეირაღებული ძალები გამოჩნდებიან.

ნიჩბებითა და ხელკეტებით შეიარაღებული სამხედროები გენერალ-პოლკოვნიკ როდიონოვის მეთაურობით, მშვიდობიანი დემონსტრანტების სასტიკ დარბევას იწყებენ. სპეცდანიშნულების რაზმი ქიმიური გაზს იყენებს.

ადგილზე დაიღუპა 16 დემონსტრანტი. მომდევნო დღეებში დაღუპულთა ციფრი 21მდე აღწევს. მათი უმრავლესობა ქალები იყვნენ (მათ შორის სკოლის მოსწავლეები). დაღუპულთა უმრავლესობას ნიჩბებით მიყენებული დაზიანებები ჰქონდათ. 9 აპრილის ღამეს ქიმიური გაზით 3500 ადამიანი მოიწამლა.

ასე თენდება თბილისში.

მომხდარი ტრაგედიის შემდეგ კომენდანტის საათი ცხადდება. საბჭოთა პრესა მალავს მომწამვლავი გაზის გამოყენების ფაქტს, ასევე არსად ლაპარაკობენ თუ როგორ აჩეხეს მომიტინგეები ჯარისკაცებმა ხელკეტებითა და ნიჩბებით. დაღუპულები ჭყლეტის მსხვერპლად ცხადდება. გაზეთი “კომუნისტი” წერს, რომ მომხდარი უწესრიგობის აღკვეთა იყო.

ერთადერთი გაზეთი, სადაც 9 აპრილზე დაიწერა, იყო “Молодежь Грузии”, საქართველოში რუსულ ენაზე გამომავალი ოფიციალური ორგანო. ამ გაზეთმა მაშინ ჟურნალისტ იური როსტის მიერ გადაღებული ფოტორეპორტაჟიც გამოაქვეყნა. გაზეთის მთელი ტირაჟი გაყიდვიდან ამოიღეს. გაზეთის რედაქტორს ვახტანგ აბაშიძეს და ჟურნალისტებს ამ გამბედაობის გამო სერიოზული პრობლემები შეექმნათ. მოგვიანებით, გაზეთის ეს ნომერი მაინც დაიბეჭდა, თუმცა ორ ფოტოს, სადაც გამოსახული იყო საბჭოთა ჯარისკაცების განსაკუთრებული სისასტიკე, ცენზურა მაინც შეეხო. ბოლოს ნომერი გამოვიდა ისე, რომ ამ ფოტოების ადგილას თავისუფალი სივრცე იყო დატოვებული.

ზუსტად 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს  რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა. უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას ინიციატივით საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.

ფოტოები აღებულია ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული არქივიდან

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ