ცხინვალი თბილისს ულტიმატუმს უყენებს - "ან საგუშაგოს აიღებთ ან ჩვენ თავად უზრუნველვყოფთ ოსური სოფლების უსაფრთხოებას“ " />

რა ხდება სოფელ ჩორჩანასთან. თბილისი ცხინვალის ულტიმატუმის შესრულებას არ აპირებს

ცხინვალი თბილისს ულტიმატუმს უყენებს - "ან საგუშაგოს აიღებთ ან ჩვენ თავად უზრუნველვყოფთ ოსური სოფლების უსაფრთხოებას“

ორი დღეა ვითარება დაძაბული რჩება ქართულ სოფელ ჩორჩანასთან, რომელიც სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, ე.წ. გამყოფ ხაზთან მდებარეობს.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილობრივმა მოსახლეობამ სოფლის მისადგომებთან რუსული მძიმე ტექნიკა შეამჩნია, რის მერეც თბილისმა იქ საპოლიციო საგუშაგო განათავსა.

ცხინვალი ამ საგუშაგოში საფრთხეს ხედავს და თბილისს ულტიმატუმს უყენებს – ან საგუშაგოს აიღებენ ან „ჩვენ თავად უზრუნველვყოფთ ოსური სოფლების უსაფრთხოებას“, აცხადებენ ისინი.

თბილისი დახმარებისთვის საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს.

_______________________

საგუშაგოსთან მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ჟურნალისტები.

ცხინვალის ულტიმატუმის ვადა 30 აგვისტოს დილის ექვს საათზე ამოიწურა.

როგორც “რადიო თავისუფლება” გადმოსცემს, ულტიმატუმის ამოწურვის დროისთვის ქართულ საგუშაგოსთან სიმშვიდე იყო. საპოლიციო ძალების გარდა, იქ იმყოფებიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრები.

რა მოხდა სოფელ ჩორჩანასთან

28 აგვისტოდან ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანას მცხოვრებლებმა თავიანთი სოფლის საზღვრებთან რუსული მძიმე სამხედრო ტექნიკის, ჯავშან მანქანების და ასევე რუსი სამხედროების გადაადგილება შეამჩნიეს.

ამ ფაქტს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურიც ადასტურებს.

საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც.

ხაშურის რაიონის სოფელი ჩორჩანა 2008 წლის აგვისტომდეც და მას შემდეგაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად  ტერიტორიაზეა. ამ სოფელს თბილისიდან დაახლოებით 110 კილომეტრი აშორებს და იგი ოსურ სოფელ წნელისს ესაზღვრება. ჩორჩანასა და წნელისს ერთმანეთისგან ტყე ჰყოფს.

ჩორჩანას მცხოვრებლები ჰყვებიან, რომ წნელისთან დაახლოებით ასი რუსი სამხედრო დაინახეს, რომლებიც მანამდე იქ არ ყოფილან. ასევე შეამჩნიეს ჯავშანმანქანები, რომლებიც გამყოფ ხაზთან გადაადგილდებიან.

საპასუხოდ, ქართულმა მხარემ ჩორჩანაში ქართული საპოლიციო საგუშაგო გააძლიერა.

გამყოფ ხაზთან ქართული საპოლიციო ძალების მობილიზებამ ცხინვალის უკმაყოფილება გამოიწვია. ცხინვალში აცხადებენ, რომ აღნიშნული საგუშაგო მათ უსაფრთხოებას ემუქრება, რადგან საგუშაგო სოფელ წნელისიდან 250 მეტრშია.

შეხვედრა ერგნეთში და ცხინვალის ულტიმატუმი

ხაშურთან შექმნილი ვითარება 29 აგვისტოს ერგნეთში ქართული, ოსური და რუსული მხარეების, ასევე ევროკავშირის მისიის წარმომადგენლების მონაწილეობით ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრაზე უნდა განხილულიყო, თუმცა შეხვედრა უშედეგოდ წარიმართა და საბოლოოდ საერთოდაქც ჩაიშალა.

ამ შეხვედრაზე ცხინვალმა ქართულ მხარეს ულტიმატუმი წაუყენა – მათ თბილისს 30 აგვისტოს დილის 6 საათისთვის სოფელ ჩორჩანადან ბლოკ-პოსტის აღება მოსთხოვეს.

წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, ისინი იტოვებენ უფლებას „თავად უზრუნველყონ საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება“.

ერგნეთის შეხვედრაზე ცხინვალის წარმომადგენელმა ეგორ კოჩიევმა თქვა, რომ „სიტუაცია საქართველოს საზღვართან უკიდურესად დაძაბულია“.

„ერთადერთი მოთხოვნა გვაქვს, რომ ქართულმა ძალებმა დატოვონ რეგიონი,“ – აღნიშნა მან.

კოჩიევის თქმით, ქართველმა პოლიციელებმა ღამე გაჭრეს გზა და ქართული პოსტი უახლოესი ოსური დასახლებული პუნქტიდან 250 მეტრში განათავსეს.

ფოტო: რადიო თავისუფლება

მისი თქმით, მიმდებარე ოსური სოფლების მოსახლეობა აღშფოთებულია ქართული ძალების გამოჩენით და დახმარებისთვის ცხინვალის ხელისუფლებას მიმართა:

„და ისინი ამ დახმარებას მიიღებენ,“ – ამბობს კოჩიევი.

მისი თქმით, ქართული პოსტი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დგას, „რასაც ადასტურებს 1922 წელს გამოშვებული რუკები და დოკუმენტები“.

თბილისის პოზიცია

ქართული მხარე აცხადებს, რომ ჩორჩანადან ბლოკ-პოსტის აღება არც განიხილება.

„ეს ყოველთვის იყო საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია, რაც დაფიქსირებულია მათ შორის, იგივე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ და ცალსახად ეს საკითხი (ბლოკპოსტის დაშლა) არც კი განიხილება”,- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ, რომელიც ერგნეთის შეხვედრას ესწრებოდა.

თბილისი უარყოფს ცხინვალის ბრალდებებს:

„ყოველგვარი ბრალდება უსაფუძვლოა, მხოლოდ ქართული სახელმწიფო წყვეტს, სად განალაგებს საკუთარი პოლიციის პოსტებს“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ ერგნეთში ჩაშლილი შეხვედრის შემდეგ განუცხადა.  

მისი თქმით, ჩორჩანასთან განთავსებული ბლოკ-პოსტი სტანდარტული პოლიციური პოსტია, რომელიც არავის უქმნის საფრთხეს.

ჩორჩანასთან ვითარების გამწვავებაში თბილისი მთელ პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს.

„აღნიშნული საგუშაგო მდებარეობს ცალსახად საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ასე იყო ყოველთვის და ასე არის ახლაც. შესაბამისად, ნებისმიერი სახის ულტიმატუმი, სად განალაგოს ქართულმა სახელმწიფომ საკუთარი პოლიციური ძალები, შეიცავს ცინიზმით გაჯერებულ აბსურდს და ნებისმიერი გართულების შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელ ძალას“, – აღნიშნა სუს-ის წარმომადგენელმა.

29 აგვისტოს გვიან ღამე სპეციალური განცხადება გაავრცელა ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, „შეწყვიტოს უკანონო ქმედებები, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს საგარეო უწყებამ მიმართა საერთაშორისო საზოგადოებას,რათა „სათანადო რეაგირება მოახდინოს საოკუპაციო ხაზზე განვითარებულ უკანონო მოვლენებზე და მიიღოს შესაბამისი ზომები მათ შესაჩერებლად“.


ასევე წაიკითხეთ