12 წლის თავზე სასამართლომ რუსეთს კომპენსაცია დააკისრა 2006 წელს საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ გამოძევებისთვის " />

10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს რუსეთმა საქართველოს. ეს გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლომ მიიღო

12 წლის თავზე სასამართლომ რუსეთს კომპენსაცია დააკისრა 2006 წელს საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ გამოძევებისთვის

ქართველების დეპორტაცია რუსეთიდან. 2006 წელი. ფოტო: ИТАР-ТАСС

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს სარჩელი ფულადი კომპენსაციის ნაწილში 2006 წელს რუსეთიდან დეპორტირებული ქართველების საქმეზე და რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 10 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა.

12 წლის თავზე სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს ეკუთვნის კომპენსაცია იმისა გამო, რომ 1500-მდე მოქალაქე რუსეთიდან უკანონოდ  გამოაძევეს, ეთნიკური ნიშნით – მხოლოდ იმიტომ რომ, ქართველები იყვნენ.

10 მილიონი ევრო სწორედ ამ 1500 ადამიანს  შორის განაწილდება.  დეპორტირებულები 2 ათას ევროს მიიღებენ.

• “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ”- სტრასბურგის სასამართლო აგვისტოს ომის საქმის განხილვას ასრულებს  

• მოსაზრება: დეპორტირებულები-2017 

• 8 ბერკეტი, რომელსაც რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ფლობს

ხოლო ისინი, ვისაც 2006 წლის დეპორტაციების დროს რუსეთში უკანონოდ შეუზღუდეს თავისუფლება, 15 ათას ევრომდე მიიღებენ.

გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 16-მა მოსამართლემ, ხოლო ერთი მოსამართლე წინააღმდეგ წავიდა.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველომ სარჩელი 2015 წელს შეიტანა. ქართული მხარე კომპენსაციის სახით 70 მილიონ ევროს ითხოვდა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, იმ დროს რუსეთიდან 4634 საქართველოს მოქალაქე გამოაძევეს. თუმცა, ყველა მათგანის სარჩელში ჩართვა სხვადასხვა მიზეზით ვერ მოხერხდა. მათ შორის, ზოგიერთმა დეპორტირებულმა თავად თქვა უარი სტრასბურგში ჩივილზე, რადგან წლების შემდეგ რუსეთში დაბრუნება მოახერხა და იქ პრობლემებს მოერიდნენ.

პროცედურების თანახმად, რუსეთს აქვს სამი თვე, რომ გადმორიცხოს აღნიშნული თანხა. როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, ეს პროცესი საერთაშორისო მონიტორინგის ქვეშ მოხდება. თუ რუსეთმა ეს თანხა სამ თვეში არ გადმორიცხა, მას ყოველ გადაცილებულ დღეზე ჯარიმის გადახდა მოუწევს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ამ გადაწყვეტილებას სამართლებრივის გარდა, სხვა დიდი მნიშვნელობაც აქვს:

“კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, თუ რამდენად უკანონოდ მოქმედებს რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში, არა მხოლოდ მისი საოკუპაციო პოლიტიკით, არამედ ქმედებით ჩვენი მოქალაქეების და მათი უფლებების წინააღმდეგ“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

2006 წელს საქართველოში ჯაშუშობის ბრალდებით რუსეთის გრუ-ს (მთავარი სადაზვერვო სამმართველოს) ოთხი თანამშრომელი დააკავეს.

გრუ-ს თანაშრომლების დაკავებაზე რუსეთს მწვავე რეაქცია ჰქონდა. კრემლმა რუსეთიდან ქართველების მასობრივი დეპორტაცია დაიწყო. დეპორტირებული ქართველები ჩამოჰყავდათ სატვირთო თვითმფრინავებით, არაადამიანურ და დამამცირებელ მდგომარეობაში ამყოფებდნენ, უკანონოდ უზღუდავდნენ თავისუფლებას. ამ ყველაფერს სტრასბურგის სასამართლოს დასკვნაც აღნიშნავს. 

სწორედ მაშინ გაამკაცრა რუსეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმიც. ასევე რუსეთის ინიციატივით ორ ქვეყანას შორის შეწყდა სატრანსპორტო მიმოსვლა.

კიდევ ერთი ნაბიჯი რუსეთის მხრიდან იყო ქართული ღვინის და მინერალური წყლების იმპორტზე უარის თქმა. 


ასევე წაიკითხეთ