700 მეტი მტკიცებულება და რამდენიმე ტომი - საქმე, რომელიც უკვე 10 წელია სტრასბურგშია, გადამწყვეტ ფაზაში შედის" />

“საქართველო რუსეთის წინააღმდეგ”- სტრასბურგის სასამართლო აგვისტოს ომის საქმის განხილვას ასრულებს

700 მეტი მტკიცებულება და რამდენიმე ტომი - საქმე, რომელიც უკვე 10 წელია სტრასბურგშია, გადამწყვეტ ფაზაში შედის

ქართველი ქალები ტირილით ტოვებენ თავიანთ მშობლიურ სოფელს ცხინვალთან ახლოს. 2008 წლის 10 აგვისტო. ფოტო: REUTERS/გლებ გარანიჩი

„საქართველო რუსეთის წინააღმდეგ – საქმე ნომერი 2″ – ასე ჰქვია საქმეს, რომლის ზეპირი მოსმენით განხილვაც 23 მაისს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოში შედგა.

საქმე ეხება 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და მის შემდგომ პერიოდში რუსეთის მიერ საქართველოსა და მისი მოქალაქეების მიმართ ჩადენილ დარღვევებს.

დღეს ევროპული სასამართლო ამ საქმეზე, რომელიც უკვე 10 წელია სტრასბურგშია, ბოლო სხდომას მართავს. ამის შემდეგ, რამდენიმე თვეში საბოლოო გადაწყვეტილება გახდება ცნობილი.

როგორც “რადიო თავისუფლება” გადმოსცემს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ქართული მხარე ევროპის სასამართლოს წინაშე მყარი მტკიცებულებებით წარსდგა, რაც საქმის მოგების იმედს იძლევა.

საქართველოს პოზიცია სტრასბურგის სასამართლოზე

რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისო საჩივარი საქართველომ სტრასბურგში 2008 წლის 11 აგვისტოს შეიტანა. 2009 წლის 6 თებერვალს – ომიდან წლინახევრის შემდეგ, საჩივარი დამატებითი დეტალებით დაზუსტდა და შეივსო.

2011 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს საჩივარი ოფიციალურად მიიღო.

აგვისტოს ომის საქმეზე საქართველო რუსეთს ევროპული კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში ადანაშაულებს. კერძოდ, საქართველო მიიჩნევს, რომ რუსეთმა ომის დროს და ომის შემდგომ პერიოდში დაარღვია სიცოცხლის უფლება, საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართა წამებას და არაადამიანურ და ღირსების შემლახავ ზომებს, დაარღვია თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება, სამართლებრივი დაცვის უფლება, საკუთრების უფლება, განათლების უფლება და მიმოსვლის თავისუფლება.

საქართველოს პოზიცია ასეთია: ომისა და ომისშემდგომ პერიოდში საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადენილ მასობრივ დარღვევებზე პასუხიმგებლობა მთლიანად რუსეთს ეკისრება, რადგან კონფლიქტურ რეგიონებზე რუსეთის იურისდიქცია ვრცელდება.

რუსეთის პასუხისმგებლობას საქართველო რამდენიმე მტკიცებულებებით ამყარებს:

  • რუსეთი მონაწილეობს დე ფაქტო რეჟიმების სამხედრო პერსონალის მომზადებაში;
  • რუსეთი ნიშნავს დე ფაქტო რესპუბლიკებში მაღალი თანამდებობის პირებს;
  • რუსეთი ამ რეგიონებს ფინანსურ და ეკონომიკურ დახმარებას უწევს;
  • რუსეთმა ამ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს რუსული პასპორტები დაურიგა და მათთვის უვიზო მიმოსვლა დააწესა;
  • ამ რეგიონებზე ვრცელდება რუსული კანონმდებლობა;
  • ამ ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო ძალა და ჯარისკაცები დგანან;
  • ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობს რუსული წვრთნები, რომელიც აგვისტოს ომამდე დიდი ხნით ადრეც, სამხედრო მოქმედებების გეგმის ფარგლებში ჩატარდა;
  • რუსეთმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.

ევროპულმა სასამართლომ ჯამში მოუსმინა 33 მოწმეს, გაეცნო ქართული მხარის მიერ წარდგენილ 700-მდე მტკიცებულებას, მათ შორის, ვიდეო და ფოტომასალებს, რადარის მონაცემებს, ექსპერტების დასკვნებს, სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერებს, სეისმური სადგურის მიერ აფეთქებების დამადასტურებელ ჩანაწერებს, მოწმეთა ჩვენებებს, სატელიტურ სურათებს, მედიის მიერ გავრცელებულ მასალებს, საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებს, სატელეფონო მიყურადების ჩანაწერებს, განაღმვის ანგარიშებს.

საქმეს მთავარ მტკიცებულებად ასევე ერთვის გორში, 12 აგვისტოს, დასახლებულ პუნქტთან აფეთქებული რაკეტის – „ისკანდერის“ ნაწილებიც და მათზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნაც. სწორედ ამ ისკანდერის აფეთქებას ემსხვერპლა ჰოლანდიელი ოპერატორი სტან სტორიმანსი, რომელიც აგვისტოს ომს აშუქებდა.

ჰოლანდიელი ჟურნალისტი იეროენ აკერმანსი ცდილობს დაეხმაროს თავის კოლეგას, ოპერატორ სტან სტორიმანს, რომელიც 2008 წლის 12 აგვისტოში გორში რუსული “ისკანდერის” ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა. 12 აგვისტოს გორში დაბომბვის შედეგად სულ მცირე ხუთი მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა. ფოტო REUTERS-ის ფოტოგრაფის გლებ გარანიჩის მიერაა გადაღებული. გარანიჩი ამბობს, რომ ამ დაბომბვის შემდეგ საკუთარი თვალით ნახა სულ მცირე ხუთი ადამიანის გვამი და ოთხი დაჭრილი სამოქალაქო პირი.

სტორიმანსის კოლეგა, ჰოლანდიელი ჟურნალისტი იეროენ აკერმანსი, რომელიც აფეთქების დროს მასთან ერთად იმყოფებოდა გორში, სტრასბურგში სასამართლო პროცესზე დასასწრებად ჩავიდა. აკერმანსმა დოკუმენტური ფილმიც გადაიღო, სადაც თავისი კოლეგის დაღუპვის მიზეზებს იძიებს. ეს ფილმი ქართული მხარის მიერ სტრასბურგში წარდგენილ მტკიცებულებებს შორის ფიგურირებს.

12 აგვისტოს გორის დაბომბვის და ჰოლანდიელი ოპერატორის დაღუპვის კადრები

“ისტორიული პროცესი”

“ისტორიული პროცესი” – ასე უწოდებენ სტრასბურგის საქმეს საქართველოში. როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ,  საქმე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“  პრეცედენტულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის, რადგან “სასამართლო პირველად განიხილავს ფართომასშტაბიან საქმეს, რომელიც ეხება საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის დროს აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს და ამ კონტექსტში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ურთიერთმიმართების საკითხს”.

„ვამახვილებთ ყურადღებას ყველა ძირითად მტკიცებულებაზე. ჩვენი პასუხი იმ დანაშაულზე, რომელიც ჩადენილ იქნა 2008 წლის ომის დროს არის სამართლებრივი. შეუძლებელია სხვა იყოს, იმიტომ რომ ჩვენ სამართლებრივი და დემოკრატიული ღირებულებების სახელმწიფო ვართ. ეს არის ბრძოლა სიმართლისთვის და ამ ბრძოლაში კომპრომისი არ იქნება“, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გოჩა ლორთქიფანიძემ “რუსთავი 2”-თან ინტერვიუში. სწორედ იუსტიციის სამინისტრო და კიდევ ორი ბრიტანელი ადვოკატი წარმოადგენს სტრასბურგში საქართველოს ინტერესებს.

საქართველოში ამ საქმის რეგიონულ მნიშვნელობაზეც ამახვილებენ ყურადღებას – იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, სტრასბურგის გადაწყვეტილება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოში, უკრაინასა და მოლდავეთში არსებული კონფლიქტების თვალსაზრისით, “რადგან ხელს შეუწყობს იმ სამართლებრივი ჩარჩოს გამყარებას, რომლის ფარგლებშიც ეს კონფლიქტები პოლიტიკური ძალისხმევით უნდა მოგვარდეს”.

საქმე სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატა განიხილავ. დიდი პალატის შემადგენლობაშია 17 ქვეყნის მოსამართლე – მათ შორის, საქართველოდან და რუსეთიდან არჩეული მოსამართლეები. დიდი პალატის თავმჯდომარეა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი გვიდო რაიმონდი.

ეს მეორე საჩივარია, რომელიც საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგში შეიტანა.  პირველი საჩივარი რუსეთის წინააღმდეგ თბილისმა 2007 წელს შეიტანა, მას შემდეგ, რაც  2006 წელს რუსეთმა 2 ათასზე მეტი ქართველი გააძევა რუსეთის ტერიტორიიდან.


ასევე წაიკითხეთ