აზერბაიჯანელი რეპერი ციხიდან გამოვიდა, მისი სკანდალური კლიპი წაშლილია
ფსევდონიმით Paster ცნობილი აზერბაიჯანელი რეპერი ფავრიზ გულუზადე გათავისუფლდა, მან 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მოიხადა. აზერბაიჯანში ბევრი მიიჩნევდა, რომ ეს პატიმრობა პოლიტიკურად მოტივირებული იყო, რადგან ცოტა ხნით ადრე Paster-მა თავის ერთ-ერთ სიმღერაში ახსენა ბანკი, რომელიც პრეზიდენტის ოჯახის კუთვნილებაა. ამ სიმღერაზე შექმნილი კლიპი YouTube -დან წაშლილია.
• ანდერგრაუნდული ხელოვნება აზერბაიჯანში – ცენზურა, დახმარების სანაცვლოდ
• ხელოვნება თუ სოციალური პროტესტი – რა არის ქართული სთრით-არტის მამოძრავებელი
Paster და PashaBank
2019 წლის დეკემბრის ბოლოს ფავრიზ გულუზადეს, ნარკოტიკული თრობის ქვეშ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებით, 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს.
გულუზადეს თაყვნისმცემლები დარწმუნებულები იყვნენ, რომ რეპერი ამგვარად იმის გამო დასაჯეს, რომ ის თავის ტრეკებში ქვეყანაში არსებულ სიტუაციას, ჩინოვნიკებსა და, კერძოდ, Pasha Bank-ს აკრიტიკებდა. ეს ბანკი პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ორი ქალიშვილის კუთვნილებაა, აქციონერებსა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს შორის კი ქვეყნის პირველი ლედისა და ვიცე-პრეზიდენტის მეჰრიბან ალიევას (ქალიშვილობის გვარი ფაშაევა) ახლო ნათესავებიც არიან.
რეპერის ახლობლები ასევე ჰყვებოდნენ, რომ დაკავების შემდეგ ორგანიზებული დანაშაულის მთავარ სამართველოში რეპერს სცემეს.
საგარეო საქმეთა სამინისტრო ირწმუნებოდა, რომ რეპერი 26 დეკემბერს დააკავეს. ფავრიზის ახლობლები ამბობდნენ, რომ ეს ოთხი დღით ადრე მოხდა. მეორე ვერსიის სასარგებლოდ ის მეტყველებს, რომ ფავრიზი 21 იანვარს (და არა – 25-ში) გათავისუფლდა.
ამ შემთხვევას ქვეყანაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ფავრიზ გულუზადეს გათავისუფლებას ბევრი მოითხოვდა. ამ ისტორიის წყალობით, მის შესახებ ისეთმა ადამიანებმაც შეიტყეს, ვისაც ეს სახელი მანამდე გაგონილიც არ ჰქონდა და რეპით საერთოდ არ ინტერესდებიან.