თუმცა, მის წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმეა აღძრული " />

ცხინვალის სასამართლოში სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი გაამართლეს

თუმცა, მის წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმეა აღძრული

თამარ მეარაყიშვილი. ფოტო: პირადი ფეისბუკ-გვერდიდან

ახალგორში მცხოვრებმა სამოქალაქო აქტივისტმა თამარ მეარაყიშვილმა ცხინვალის სასამართლოში საქმე მოიგო.

საქმე შეეხებოდა მეარაყიშვილის სარჩელს სამხრეთ ოსეთის გენერალური პროკურატურის წინააღმდეგ. მეარაყიშვილი თავის სარჩელში ამ სტრუქტურას მის წინააღმდეგ საქმის უკანონოდ დაწყებაში ადანაშაულებდა.

დღევანდელი პროცესის მოგება ნიშნავს იმას, რომ ახალგორის [ოსური სახელწოდება – ლენინგორი_JAMnews] პროკურატურის მიერ მეარაყიშვილის წინააღმდეგ 2017 წლის აგვისტოში “ცილისწამების” მუხლით აღძრული საქმე თავიდან უნდა გადაიხედოს.

მეარაყიშვილის სასარგებლო გადაწყვეტილება ცხინვალის სასამართლოში მოსამართლე ფატიმა პარასტაევამ გამოიტანა.

სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი სამხრეთ ოსეთში, ცხინვალის მიერ კონტროლირებად ახალგორში ცხოვრობს.

ახალგორი. ფოტო: თამარ მეარაყიშვილის პირადი ფეისბუკ-გვერდიდან

მის წინააღმდეგ სამხრეთ ოსეთის სამართალდამცავებს ორი სისხლის სამართლის საქმე აქვთ აღძრული.

ბოლო თვეების განმავლობაში მას ადგილობრივი სამართალდამცავები სერიოზულ პრობლემებს უქმნიან  – ის რამდენჯერმე დააკავეს, დაკითხეს; გაჩხრიკეს მისი სახლი, სადაც „ექსტრემისტულ ლიტერატურას“ ეძებდნენ.

ჩხრეკისას მეარაყიშვილს ჩამოართვეს პირადი ნივთები და საბუთები, რომლებსაც არ უბრუნებენ უკვე რამდენიმე თვეა, რის გამოც ის სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას ვერ ტოვებს.

თამარის წინააღმდეგ აღძრული ორი საქმიდან, ერთი მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება.

2017 წლის 16 აგვისტოში ახალგორის პროკურატურამ თამარ მეარაყიშვილს ოფიციალურად დასდო ბრალი ცილისწამებაში. ოსი სამართალდამცავების ყურადღება ონლაინ-პორტალ „ეხო კავკაზაზე“ გამოქვეყნებულმა სტატიამ მიიპყრო,  სადაც მეარაყიშვილი ცხინვალის მმართველი პარტიის – „ედინაია ოსეტიას“ წევრს, სპარტაკ დრიაევს აკრიტიკებდა.

რამდენიმე დღეში, 2017 წლის 25 აგვისტოს, მეარაყიშვილმა ცხინვალის პროკურატურაში სარჩელი შეიტანა, სადაც აღნიშნავდა რომ, პროკურატურა მას უკანონოდ დევნიდა. სწორედ ამ კონკრეტულ სარჩელზე გამოიტანა გამამართლებელი სარჩელი ცხინვალელმა მოსამართლე ფატიმა პარასტაევამ.

მეორე საქმე თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ 2018 წლის მარტში აღიძრა. მას დოკუმენტების გაყალბება და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის უკანონოდ მიღება ბრალდება. ცხინვალელი სამართალდამცავების თქმით, ჩხრეკისას, მეარაყიშვილს ორი პასპორტი აღმოაჩნდა – სამხრეთ ოსური და ქართული. სამხრეთ ოსეთის კანონმდებლობით კი, საქართველოსთან ორმაგი მოქალაქეობა აკრძალულია.

3 მაისს გამოტანილ გამამართლებელ სასამართლო გადაწყვეტილებამდე ორი დღით ადრე, საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ თამარ მეარაყიშვილი ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ორ საერთაშორისო პრემიაზე წარადგინა: ადამიანის უფლებათა სფეროში გაეროს პრიზზე და ვაცლავ ჰაველის სახელობის ადამიანის უფლებათა პრიზზე.

საერთაშორისო პრიზებზე წარდგენით, სახალხო დამცველი მადლობას უხდის თამარ მეარაყიშვილს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დაცვასა და მათ გაშუქებაში შეტანილი წვლილისთვის.

“აქტივისტი და ბლოგერი თამარ მეარაყიშვილი საკუთარი სიცოცხლის, უსაფრთხოების და ჯანმრთელობის რისკის ფასად ასაჯაროებს ოკუპირებულ ახალგორში შექმნილ მძიმე უფლებრივ მდგომარეობას და დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ადგილობრივი მოსახლეობის უფლებათა დარღვევის შემთხვევებს”,- ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაში. 

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო

ასევე წაიკითხეთ