ინტენსიური სროლები და დასახლებულ პუნქტებზე შეტევის მუქარა" />

ყარაბაღი სულ უფრო საშიში ხდება

ინტენსიური სროლები და დასახლებულ პუნქტებზე შეტევის მუქარა

გევორქ ყაზარიანის არქივის ფოტო. სწავლება სოვეტაშენის პოლიგონზე (სომხეთი), 2015

JAMnews-ის მიმოხილვა 2016 წ. 4 აპრილს კონფლიქტის ზონაში მომხდარი მოვლენების მიხედვით

ინფორმაცია ერევნიდან

ცნობა დადასტურებული წყაროებიდან

სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრესმდივანმა, არცრუნ ოგანესიანმა დღეს დილით თავის გვერდზე ფაქტობრივად დაადასტურა,  რომ ღამით აზერბაიჯანმა სომხეთის საზღვრის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ტავუშის რაიონის სოფლების, ბარდავანისა და კოტის მიმართულებით ცეცხლი გახსნა.

‘აზერბაიჯანული მხარე ჩვენი პოზიციებისა და დასახლებული პუნქტების მისამართით სხვადასხვა, 60 და 82 მილიმეტრის კალიბრის ნაღმმტყორცნებიდან ისროდა,’ – წერს ოღანესიანი.

თავდაცვის მინისტრის პრესმდივანი ასევე იუწყება, რომ ინტენსიური დაბომბვა მთელ ღამეს გრძელდებოდა, დილით კი, ოგანესიანის თქმით, აზერბაიჯანის მხარემ ‘სმერჩის’ სახელით ცნობილ დანადგარიც გამოიყენა.

ყარაბაღის გარშემო, გამყოფ ზოლზე ბრძოლები გრძელდება. სომხეთის ტელევიზიის პირველი არხის კორესპონდენტმა დილის საინფორმაციო გამოშვებაში, პირდაპირი ეთერში განაცხადა, რომ გუშინდელ დღესთან შედარებით, დაძაბულობა არ შემცირებულა, თუმცა მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმია სიტუაციას აკონტროლებს.

სომხური მედია, მთიანი ყარაბაღის თავდაცვის ჯარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ ფრონტის ხაზის ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ უბნებზე ინიციატივა ყარაბაღის ძალების ხელში გადავიდა.

ამბობენ იმასაც, რომ აზერბაიჯანმა, წინა დღეს გამოყენებული იარაღის გარდა, მძიმე ცეცხლმფრქვევი სისტემის, ТОС 1-ის, მოიერიშე უპილოტო საფრენი აპარატებისა და სხვა თანამედროვე საბრძოლო საშუალებების გამოყენებაც დაიწყო.

სომხური მედიასაშუალებები მუდმივად იმეორებენ, თუ რა უპასუხა მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტრომ  სტეფანაკერტისა და მისი მიმდებარე დასახლებული პუნქტების დაბომბვის თაობაზე აზერბაიჯანის მხრიდან გავრცელებულ მუქარას: ‘ყარაბაღი თავისი მშვიდობიანი  მოსახლეობის შესაძლო დაბომბვას ბევრად ძლიერი და მტკივნეული დარტყმით უპასუხებს.’ 

4 აპრილის საღამოს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის თავდაცვის არმიის პრესმდივანმა, სენორ ასრატიანმა განაცხადა, რომ იმ მომენტისთვის 20 სამხედრო მოსამსახურე იყო დაღუპული, 72 კი – დაჭრილი. 

სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგიანმა ეუთო–ს წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრისას განაცხადა:

‘გარწმუნებთ, რომ აზერბაიჯანელებს ტერიტორიები არ გაუთავისუფლებიათ. ამ მომენტისათვის მთელ გამყოფ ხაზზე მათ მხოლოდ მცირე მონაკვეთი დაიკავეს სამხრეთში, და ასეთივე ზომის ტერიტორია – ჩრდილოეთში, რომელიც, იმედი მაქვს, ჩვენი საუბრის დასრულებამდე აღარ იქნება [მათი კონტროლის ქვეშ]. 

სომხეთის პრეზიდენტმა იქვე აღნიშნა, რომ სომხურ მხარეს კონფლიქტის დასარეგულირებლად გონივრულ კომპრომისზე არასდროს უთქვამს უარი, მაგრამ ამაზე საუბარს აზრი მხოლოდ მაშინ ექნება, თუკი მთიან ყარაბაღს კიდევ ერთხელ არ დაემუქრება კოლონიად ქცევის საფრთხე. ‘ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების გარძელების შემთხვევაში კი, სომხეთი მთიან ყარაბაღს აღიარებს.’

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც დაგმო აზერბაიჯანის სამხედრო ძალების ქმედება მთიანი ყარაბაღის სამხედროებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ და ეს ყველაფერი საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების ქცევებს შეადარა.

‘საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების დარღვევისა და სამხედრო დანაშაულისთვის პასუხი უნდა აგონ როგორც აზერბაიჯანის ხელისუფლებამ, ისე იმ პირებმაც, რომლებმაც ეს ქმედებები ჩაიდინეს. ლაპარაკია ყოფილი მეთაურებისა და სამხედრო ტყვეების წამებაზე, რომლებსაც თავები მოჰკვეთეს, ამის ამსახველი კადრები კი კამერით გადაიღეს და ინტერნეტით გაავრცელეს,’ – აცხადებენ სამინისტროში.

Hetk.am-მა თავისი ფოტოკორესპონდენტის, აკოფ პოღოსიანის მიერ მთიანი ყარაბაღის ჩრდილოეთში მდებარე საზღვრსპირა სოფელ თალიშში გადაღებული მასალები გამოაქვეყნა. ეს მასალები მას შემდეგაა გადაღებული, რაც აღნიშნული დასახლებული პუნქტი სომხებმა დაიბრუნეს. მათზე ასახულია დახვრეტილი მშვიდობიანი მოსახლეების ცხედრები, რომლებსაც ყურები აქვთ დაჭრილი.

სოციალურ ქსელებში გამოთქმული მოსაზრებების მიმოხილვა

პირველი ტრენდი: მოწინააღმდეგე სასტიკია და ვერაგი, მაგრამ მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმია სიტუაციას აკონტროლებს.

‘სოფელი თალიში ჩვენებმა დაიბრუნეს და, რადგან იქ უკვე ჟურნალისტები შეუშვეს, შეიძლება ითქვას, რომ მტერი უკუგდებულია და ამ სოფლიდან საკმაოდ შორს იმყოფება’.

‘სოფელში ყოფნისას აზერბაიჯანელებმა სამხედრო დანაშაულები ჩაიდინეს  – ისინი იმ მოხუცებს გაუსწორდნენ, რომლებმაც სოფლის დატოვება ვერ მოასწრეს. იმის ნაცვლად, რომ თავდაცვითი პოზიციები დაეკავებინათ, ხომ იცოდნენ, რომ სომხეთი კოტრშეტევას მიიტანდა, სოფელში შესულმა აზერბაიჯანულმა სამხედრო დანაყოფმა მოსახლეობის ხოცვა დაიწყო და შემდეგ გვამების შეურაცხყოფისთვისაც მოიცალა’.

მეორე ტრენდი: რუსეთს არ ჰქონდა უფლება, აზერბაიჯანისთვის იარაღი მიეყიდა.

‘აზერბაიჯანმა პირველად გამოიყენა ТОС-ის სისტემა კონფლიქტის ზონაში. არავინ დაღუპულა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვუძღვნი სალამს ყველას, ვინც ამტკიცებს, რომ რუსეთი რაიმეს აკონტროლებს და ის იარაღი ჩვენ არ მოგვხვდება.’

მესამე ტრენდი: ‘ჩვენ მშვიდად ვართ – ისე, როგორც ჩვენი მთები’.

‘საზოგადოება გასაოცარ ცივსისხლიანობასა და სიმშვიდეს ავლენს – ხალხი არც პანიკას ჰყავს ატანილი და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, არც – ეიფორიას. როგორც ჩანს, მრავალწლიან დაძაბულობაში ყოფნამ ჩვენი მოქალაქეები ფსიქოლოგიურად მოამზადა ომისთვის.’

ინფორმაცია ბაქოდან

ცნობა დადასტურებული წყაროებიდან

JAMnews-ის კორესპონდენტი აგდამის რაიონში იუწყება, რომ 4–5 აპრილის ღამეს კონფლიქტის ზონაში სროლების ინტენსივობამ იმატა.

დღეს დილით საინფორმაციო სამსახურმა ANS PRESS [რომელსაც სახელმწიფო სტრუქტურებთან აქვს კავშირი] გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, აფეთქდა აგდამის რაიონის ქვესადგური და 11 სოფელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ამ ინფორმაციას ANS აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების კომისიის თავმჯდომარის, ფარჰად ჰეიდაროვის მიერ გავრცელებულ ცნობებზე დაყრდნობით ავრცელებს.

4 აპრილს, გვიან საღამოს აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა გამოაქვეყნა ბრძანება, რომლითაც სამხედრო ძალებს მოუწოდებდნენ, მზად ყოფილიყვენენ, ყველანაირი მძიმე საბრძოლო საშუალების, მათ შორის სარაკეტო-საარტილერიო დანადგარების, გამოსაყენებლად, რათა ‘აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ქალაქ ხანკენდსა და სხვა დასახლებული პუნქტებზე გამანადგურებელი დარტყმები მიეტანათ.’

შეტყობინებაში ნათქვამია, რომ ‘სომხური მხარე იძულებულს ხდის აზერბაიჯანს, ადეკვატური ზომები მიიღოს.’

რამდენიმე საათით ადრე საინფორმაციო სამსახურმა ANS PRESS [რომელიც სახელმწიფო სტრუქტურებთან არის დაკავშირებული], თავდაცის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციაზე დაყრდობით, განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა ცალმხრივად შეწყვიტა ცეცხლი, მაგრამ სომხური სამხედრო ფორმირებები ფროტის ხაზის გასწვრივ, აგდერ-ტერტერისა და ხოჯავენდ-ფიზულის მიმართულებით, დასახლებული პუნქტების მისამართით სროლას აგრძელებენ. 

ANS PRESS-ის ინფორმაციით, კიდევ სამი აზერბაიჯანელი სამხედრო გარდაიცვალა. ოფიციალური მონაცემებით კი, დაღუპული სამხედრო პირების საერთო რაოდენობა უცვლელია – 12 ადამიანი.

საინფორმაციო სააგენტომ АПА [რომელსაც სახელწიფო სტრუქტურებთან აქვს კავშირი] განაცხადა, რომ მეორე მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა. აგდამის რაიონის სოფელ შარიფლიში 1954 წელს დაბადებული გარაშ დადაშოვი გარდაიცვალა. 

არსებობს ცნობა,რომ სროლების შედეგად აგდამის რაიონის სოფელ უჩოღლანში დაინგრა სამი სახლი, ხოლო 16 წლის პაკიზა მაგარამლი თავშია დაჭრილი, ასევე დაღუპულია სოფელ გარადაღლის მკვიდრი აკიფ მუსტაფაევი.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი, ვაგიფ დარგახლი საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა სომხურ მედიაში გავრცელებულ ფოტო და ვიდეომასალას. სომეხი ჟურნალისტების მტკიცებით, ამ მასალებში აღბეჭდილია, თუ რა სიმხეცეს იჩენენ აზერბაიჯანელი სამხედროები სოფელ თალიშის მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ. 

დარგახლი ამ შეტყობინებას პროვოკაციას უწოდებს და სომხური არმიის შელახული იმიჯის გაუმჯობის მცდელობად აფასებს. პრესსამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის არმია მშვიდობიან მოსახლეობას არ ებრძვის და ამ ვიდეო და ფოტომასალასთან კავშირი არ აქვს. 

აზერბაიჯანის პრემიერმინისტრის მოადგილემ, ალი ახმედოვმა გააკრიტიკა რუსული მედიის პოზიცია, რომელიც, აზერბაიჯანში ფართოდ გავრცელებული მოსაზრების მიხედვით, ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტს პროსომხური კონტექსტით აშუქებს:

‘რბილად რომ ვთქვათ, რუსული მასმედიის, განსაკუთრებით კი სახელმწიფოსთან დაახლოებული მედიასაშუალებების არ გვესმის. რუსეთი, როგორც მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, კონფლიქტის მხარეებისადმი ნეიტრალიტეტს უნდა ინარჩუნებდეს, – თქვა ალი აჰმედოვმა.

ერთ-ერთი მაგალითი – LifeNews-ის ეთერში გავრცელდა ცრუ ინფორმაცია. ტაქსის გაჩერება ლტოლვილთა ბანაკად გაასაღეს; სოფლისკენ მიმავალი სამგლოვიარო პროცესია კი მონათლეს ლტოლვილებად, რომლებიც სოფელს ტოვებენ. ამასთან, პირველი რესპოდენტის რეპლიკის თარგმანი სხვა ტექსტითაა შეცვლილი. 

       

         მსჯელობა სოციალურ ქსელებში

პირველი ტრენდი: გამარჯვება ნებისმიერ ფასად.

პატრიოტული მუხტი სულ უფრო მატულობს. ფეისბუკის მომხმარებლების უმრავლესობის ‘ავატარები’ აზერბაიჯანის დროშის ფერებშია გადაწყვეტილი. დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ სწორედ აზერბაიჯანული არმია იმარჯვებს.

‘მხარს ვუჭერ სარქისიანის წინადადებას ცეცხლის შეწყვეტისა და ჯარების სასაზღვრო ზოლის იქით, პირველი აპრილს არსებულ მდგომარეობაში დაბრუნების შესახებ, ოღონდ – 1988 წლის აპრილის.’

‘ჩემი თანამშრომლის ნათესავები საბრძოლო მოქმედებების ზონის შორიახლოს იმყოფებიან, სოფელ ჰუსეინლიში. საბრძოლო სულისკვეთებაც – სათანადო!’

‘არავითარი ‘მომავალ წელს, ამ დროს შუშისა და ხანკენდიში ვიქნებით!’ აქ და ახლა! ყველა – ფრონტზე!’

მეორე ტრენდი: გვიღირს კი მიწა ჯარისკაცების სიცოცხლის ფასად?

‘ამ მძიმე დღეებში მივხვდი, რომ სანამ სხვა ადამიანების ახლობლებსა და შვილებზეა ლაპარაკი, ადვილია თქმა: ‘ეს ხომ ომია, რასაკვირველია, მსხვერპლიც იქნება’. ამ კომენტარს ასეთი პასუხი აქვს: აბა, როგორ უნდა იყოს? გამარჯვება დანაკარგის გარეშე არ არსებობს. გარდაცვლილებზე ყველა წუხს. ყველაზე მეტს დედებზე ვფიქრობ – ძნელი არ არის მათი გრძნობების მიხვედრა. მაგრამ სხვა რა გზა გვაქვს? საკუთარ მიწაზე უარი ვთქვათ?’

მესამე ტენდენცია: ადამიანებს რეალური ინფორმაცია უნდათ.

‘ორივე ქვეყნის დეზინფორმაციულ მედიასაშუალებებს რომ ეცნობი, ისეთი შთაბაეჭდილება გექმნება, თითქოს აზერბაიჯანული სამხედრო შენაერთები ლამისაა ერევანთან დგანან, სომეხი ჯარისკაცები კი, ცოტაც და, ბაქოში, ‘ქალწულის კოშკის’ კიბეზე ავლენ.’ 

‘მე, როგორც ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ ადამიანს, მინდა  რამე გავაკეთო – სულ ცოტა, ინფორმაციის გაზიარება მაინც მოვახერხო. მაგრამ როგორ გავაკეთო ეს, როდესაც ვერც ხელისუფლებას და ვერც უნიათო მასმედიას ვერ დავეყრდნობი?’

‘ჩემმა ნაცნობმა გოგონამ ნათესავი დაკარგა. ოჯახს ცხედარი ვერ გადასცეს – ხან ამბობენ,– ვერტმფრენი სომხების მხარეს ჩამოვარდა და ვერ ვუახლოვდებითო; ხანაც – თითქოს ჩვენს მხარეს ჩამოვარდა. ხომ ხვდებით, რას ვგულისხმობ? ამბობენ, რომ დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეების რაოდენობა ოფიციალურ მონაცემებს ბევრად აღემატება.’

მეოთხე ტენდენცია: პროპაგანდა და კონტრპროპაგანდა.

‘იდიოტიზმის სერიიდან: რუსულ და სომხურ მედიაში – აზერბაიჯანელმა ჯარისკაცებმა მოხუცები დახოცეს; ყურები დააჭრეს, თავები მოკვეთეს, რომლებითაც ფეხბურთს თამაშობენ – ანუ აზერბაიჯანის ‘ისლამური სახელმწიფო’ ყარაბაღში … ის ამბავი გამახსენდა, უკრაინელი ჯარისკაცები საუზმედ რუს ბავშვებს რომ სანსლავდნენ.’

აზერბაიჯანელი მომხმარებლები აზიარებენ სომეხი ჟურნალისტის, რუზანა გევონსიანის ვიდეოსიუჟეტს ყარაბაღელ ბავშვებზე, რომლებიც მზად არიან, ომში წავიდნენ.

აზერბაიჯანული ‘ფეისბუკი’ ბრაზიანი კომენტარებითაა სავსე:

‘ეს რომ აზერბაიჯანში მომხდარიყო, საერთაშორისო და რუსული მედია ამ ამბავს ასეთი სათაურით გამოაქვეყნებდა:  ‘მუსულმანები ბავშვ-ჯარისკაცებს ამზადებენ.’ ბავშვების ხელში იარაღის დანახვაზე საერთაშორისო ორგანიზაციები პანიკაში ჩაცვივდებოდნენ. და სად არიან ეს ორგანიზაციები ახლა? რატომ დაბრმავდნენ მოულოდნელად ისინიც და მასმედიაც?’

‘საქმე ისაა, რომ საერთაშორისო მასმედიაში უყვართ ფორმულირებები ‘ქრისტიანული სომხეთი’ და ‘მუსულმანური აზერბაიჯანი’, არადა ამ კონფლიქტს რელიგიასთან კავშირი არ აქვს. ჩვენც ხომ არ გამოვალთ ახლა სულელური განცხადებებით, თითქოს ‘ჯვაროსანი’ ქრისტიანები ბავშვ-მეომრებს იყენებენ?’

ექსპერტის შეფასება

ჰუმანიტარული კვლევების ცენტრის დირექტორი, ავაზ ჰასანოვი:


‘მე არ დავიწყებდი იმის მტკიცებას, რომ აზერბაიჯანი სრულმასშტაბიანი ომისთვის ემზადება, მაგრამ აზერბაიჯანმა ეუთო–ს წევრი ქვეყნების რეაქცია უნდა შეამოწმოს იმის გასარკვევად, თუ რამდენად შედის მთიანი ყარაბაღი, სომხეთისა და რუსეთის გარდა, კიდევ სხვა ქვეყნების პასუხისმგებლობის ზონაში. 
 


ახლა, როდესაც ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად დაიწყო ღია შეტაკება, ძალიან მნიშვნელოვანია, აზერბაიჯანმა დამტკიცოს, რომ ბრძოლისუნარიანი არმია ჰყავს, რომელსაც რთული ამოცანების შესრულება შეუძლია. ტელე და რადიოტრანსლიაციები აზერბაიჯანელების პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას უწყობს ხელს.’

JAMnews–ის დოსიე:

• JAMnews-ის მიერ მომზადებული 3 აპრილის მოვლენების მიმოხილვა 

• ინფორმაცია, რომელსაც კონფლიქტის მხარეთა ოფიციალური წყაროები ავრცელებენ, ურთიერთსაწინააღმდეგოა და არ იძლევა პასუხს კითვაზე – თუ რომელმა მხარემ დაიწყო სამხედრო მოქმედებები, და რომელმა იმოქმედა საპასუხოდ. ამ კითხვას ჯერჯერობით ვერც საერთაშორისო წყაროები პასუხობენ.

• შეიარაღებული კონფლიქტი აზერბაიჯანსა და საომხეთს შორის, მთიანი ყარაბაღის გამო, 1991 – 1994 წლებში მიმდინარეობდა. ზავის დადების შემდეგ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა დე–ფაქტო დამოუკიდებელ რესპუბლიკად არსებობს, რომელიც მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას არ უღიარებია, მათ შორის – არც სომხეთს. აზერბაიჯანი ყარაბაღსა და მიმდებარე ტერიტორიებს ოკუპირებულად მიიჩნევს და მათ დაბრუნებას მოითხოვს.

• კონფლიქტის მხარეები მუდმივად იტყობინებიან გამყოფ ხაზზე მიმდინარე ბრძოლების შესახებ და ერთმანეთს პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებენ. 

სტატიაში გამოთქმული აზრები და გამოთქმები, ასევე ტერმინოლოგია, მხოლოდ ავტორს ეკუთვნის, რასაც, შესაძლოა, რედაქცია არ იზიარებდეს

გამოქვეყნებულია 05.04.2016


ასევე წაიკითხეთ