გიამბობთ, თუ როგორ აღადგინეს დიდი ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის ქუჩა სომხეთის სიდიდით მეორე ქალაქ - გიუმრიში" />

ვიდეო და ფოტო სომხეთის ქართული სახელწოდების ქუჩიდან

გიამბობთ, თუ როგორ აღადგინეს დიდი ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის ქუჩა სომხეთის სიდიდით მეორე ქალაქ - გიუმრიში

რუსთაველის ქუჩის ისტორიული ელფერი

დიდხანს შეიძლება გრიგორიანების სახლში დაკიდებული, 1870 წელს დამზადებული ფრანგული საათით ტკბობა. წარმოსახვას კი შეუძლია, შორეულ წარსულში გადაგვიყვანოს.

«ეს საათი დედაჩემის მზითევია», – ამბობს არშაკ გრიგორიანი და ძველი საგვარეულო სახლის ფოტოს მაჩვენებს. ეს სურათი იმ დროებითი ქოხის კედელზე კიდია, რომელშიც ის ამჟამად ცხოვრობს. პაპის სახლი 1883 წელს აშენდა. ეს იყო აივნებით გაწყობილი ნაგებობა, რომელიც იმ პერიოდის ალექსანდროპოლში [გიუმრის ძველი სახელი] გავრცელებული სტილის დაცვით იყო ნაგები. 1988 წლის მიწისძვრის დროს ძველი სახლი დაინგრა და ამჟამად მას მხოლოდ წიგნებში დაცულ ფოტოებზე თუ გადავაწყდებით.

«სახლის სიმაღლის სარდაფები გვქონდა. მიწისძვრის დროს იატაკი ჩაინგრა და მთელი სახლი სარდაფში ჩავარდა. მხოლოდ ამ მხარეს აღმართული კედელი და მასზე განთავსებული საათი გადარჩა. სხვა ყველაფერი განადგურდა. ჩვენი დანგრეული სახლის ადგილზე დროებითი ქოხი ავაშენეთ და საგვარეულო სახლის აღდგენას ვცდილობდით», – ამბობს სააკანუშ გრიგორიანი. იგი ამ შენობის ბინადრებზე გვესაუბრება და ფოტოს დახმარებით გვიხსნის, თუ სად რა მდებარეობდა მის სახლში.

ეს მუზეუმი 1980 წელს შეიქმნა და სომხეთის სიდიდით მეორე ქალაქის ისტორიულ ცენტრს, მის გულს მოიცავს. აქ მე-18 საუკუნის შენობების პოვნაც შეიძლება. სომხეთის ერთადერთ მუზეუმ-ნაკრძალში სხვადასხვა ეპოქაში აგებული 1200 შენობაა დაცული. თითოეულ ამ ნაგებობას გარკვეული ისტორიული და არქიტექტურული მნიშვნელობა აქვს.

მაგრამ ზოგიერთი შენობა (მაგალითად გრიგორიანების სახლი) დაზიანდა, ან მთლიანად დაინგრა მძლავრი მიწისძვრის გამო, რის შემდეგაც დიდი ხნის მანძილზე ყოველგვარი ყურადღებისა და ზრუნვის გარეშე რჩებოდა, იმიტომ რომ ქალაქის მთავარ პრიორიტეტს მოსახლეობის საცხოვრებლით უზრუნველყოფა წარმოადგენდა.

მაგრამ გასულ წელს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, გიუმრისთვის „გულის ოპერაცია“ ჩაეტარებინა და ქალაქისთვის ახალი სიცოცხლე შთაებერა. ძველ გიუმრიში რომელიც რამდენიმე ჰექტარზეა გადაჭიმული, ერთი ქუჩა აირჩიეს და ამ ადგილიდან დაიწყეს აღდგენის სამუშაოები. შოთა რუსთაველის ქუჩის რესტავრაცია პროგრამა „კუმაირის აღორძინების“ საწყის ეტაპად იქცა.

ახალი ძველი ქუჩის ისტორია

«ეს ქუჩა ქალაქის რუკაზე 1834 წლიდანაა აღნიშნული. ადრე ქუჩებს უბრალოდ ნომრავდნენ ხოლმე. ეს იყო ცენტრალური ქუჩა ნომერი 13. „ძორი მაილაში“ [„ხეობის უბანი“] მდებარე პატარა ქუჩები ერთმანეთში „ინასკვებოდნენ“ და საბოლოოდ თითოეული მათგანი სურბ ნშანის ტაძარს „უერთდებოდა“. მეთოთხმეტე ქუჩა, რომელიც ქალაქური ტიპის შენობებით გამოირჩეოდა, გიუმრის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა», – ამბობს გიუმრის ყოფილი არქიტექტორი, რაფიკ ეგოიანი.

«აქ ისტორიული და არქიტექტურული მნიშვნელობის მქონე არაერთი შენობის ნახვა შეიძლება. მუსიკალური სკოლის შენობაში ადრე ჩვეულებრივი საშუალო სასწავლებელი მდებარეობდა, რომელიც ჯერ კიდევ 1800-იან წლებში გაიხსნა. ამ ქუჩაზე ცნობილი გიუმრიელი ოსტატების მიერ დაპროექტებული სახლები დგას. ეს შენობები გემოვნებიანად, ევროპული და რუსული არქიტექტურის მიდგომების გამოყენებითაა ნაგები», – ამბობს „კუმაირის“ მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორი, სტეფან ტერ-მარგარიანი.

1950-იან წლებში ლენინაკანის [გიუმრის სახელი საბჭოთა პერიოდში] ამ ქუჩას (ისევე, როგორც ბევრი სხვა საბჭოთა ქალაქის ქუჩებს) შოთა რუსთაველის სახელი ეწოდა.

«მაგრამ ამ ქუჩას რუსთაველის სახელი მხოლოდ ოფიციალურ დოკუმენტებში ერქვა. ხალხი მას ყოველთვის „მეთოთხმეტე ქუჩას“ ეძახდა. „მეთოთხმეტეზე მდებარე მუსიკალური სასწავლებელი“, „მეთოთხმეტეზე მდებარე რესტორანი“, „მეთოთხმეტეზე მდებარე სახანძრო სადგური“… მეთოთხმეტეზე, და არა რუსთაველზე», – ამბობს ამ ქუჩის ძირძველი მკვიდრი ოვანეს ოვანისიანი, რომელიც ბავშვობის მოგონებებს გვიზიარებს. ოვანესს რამდენიმე სხვა ადგილობრივი მოსახლეც უერთდება.

არსებობს ფონდი „კუმაირის აღორძინება“, რომლის შუამავლობითაც ინვესტორები ისტორიულ-არქიტექტურული ფასეულობის მქონე შენობების რეკონსტრუქციისათვის საჭირო თანხებს გამოყოფენ. ისინი კულტურულ ღირსშესანიშნაობებად ქცეულ სახლებს შეიძენენ, რეკონსტრუქციას ჩაუტარებენ და სასტუმრო სახლებად, კაფეებად და დასასვენებელ ადგილებად გადააქცევენ. ეს ყველაფერი სომხეთში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

ყოფილი პრემიერ მინისტრის კარენ კარაპეტიანის ინიციატივით, ა.წ. გაზაფხულზე 2017 რუსთაველის ქუჩის კაპიტალური რემონტი  დაიწყო. ქვის ძველი ფილები ახალი ფილაქნით შეცვალეს, მიწისქვეშ კი ელექტროგადამცემი ხაზები და მილები გაიყვანეს. ქუჩამ ახალი იერი შეიძინა.

მაგრამ გიუმრის მოსახლეობას რაღაც აკლია. ამბობენ, რომ ქუჩა არასაკმარისადაა გამწვანებული. მათი თქმით, საჭიროა, გამოიძებნოს  რაიმე ხერხი, რომელიც ისტორიული ნაგებობებისა და ბუნების სილამაზის შერწყმის საშუალებას იძლევა.

რუსთაველის ქუჩის რეკონსტრუქცია ა.წ. ოქტომბერში დასრულდა 2017. ისტორიული ატმოსფეროს აღსადგენად მომავალ წელს რუსთაველის პარალელური ოვანეზ შირაზის ქუჩის რეკონსტრუქცია დაიწყება. ტურისტებს ამ ქუჩაზეც შეუძლიათ სერინობა და ღირსშესანიშნაობებით ტკბობა. აქ ორიოდე საუკუნის წინ აგებული შენობების გვერდით  ახალი კონსტრუქციებია აღმართული.

«კარგია, რომ ეს ქუჩა აღადგინეს – აქაურობამ ახალი სიცოცხლე შეიძინა. აქ ბევრი ტურისტი ჩამოდის – როგორც საზღვარგარეთიდან, ისე სომხეთის სხვა ოლქებიდან. მათ საშუალება ექნებათ, ჩვენს არქიტექტურას გაეცნონ. ჩვენთვის ჩვენი სახლები ჩვეულებრივ ნაგებობებს წარმოადგენს, სტუმრები კი, შესაძლოა, გააოცოს ამ შენობებმა. ძალიან მიხარია, რომ აქ ნგრევის ნაცვლად მშენებლობა დაიწყება. რა თქმა უნდა, ეს მათი ბიზნესია, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ამით ერთგვარ პროგრესს მივაღწევთ და აქაურობა გალამაზდება», – ამბობს გიუმრის მოსახლეობისთვის დამახასიათებელ სპეციფიკურ დიალექტზე მოსაუბრე პაპა ანდრანიკი, რომელიც ყურადღებით აკვირდება ყველაფერს, რაც რუსთაველის ქუჩაზე ხდება.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ