ნაგავსაყრელი მოსახლეობის ყველაზე უფრო გაჭირვებულ ნაწილს შემოსავლით უზრუნველყოფს" />

სხვა სამუშაო არ არის

ნაგავსაყრელი მოსახლეობის ყველაზე უფრო გაჭირვებულ ნაწილს შემოსავლით უზრუნველყოფს

 მზისა და ტალახისგან გაშავებულ ხელებზე კიდევ უფრო მეტად ჩაშავებული ფრჩხილების გარჩევა ჭირს. სახის ნაკვთები ამხელს, რომ ახალგაზრდა ქალია, მაგრამ მძიმე ცხოვრებას დაუბერებია. სასოწარკვეთილი მზერა აქვს. მთხოვს, ფოტო არ გადავუღო და თან ცდილობს, პოლიეთილენის დიდ პარკში პლასტიკატის ბოთლები ჩაატიოს. ამბობს, რომ თუ ბოლომდე გაავსებს პაკეტს, დღიურ შემოსავალს იშოვის – ათას დრამს (ორ დოლარზე ოდნავ მეტს).

“რა იყრება ნაგავსაყრელზე? ახლა მხოლოდ ნაგავი, ადრე კი ბევრად უკეთ მიგვდიოდა საქმე – ეს ნაგავსაყრელი გვარჩენდა. ახლა კი მხოლოდ პლასტიკატის ბოთლები ყრია – პლასტმასის. სხვა რა ვაკეთო? სხვა სამუშაო არ მაქვს – მხოლოდ აქ შემიძლია პურის ფული ვიშოვო,” – ამბობს 50 წლის რიტა გევორგიანი, რომელიც, უკვე 10 წელზე მეტია, ნუბარაშენის ნაგავსაყრელზე “საქმიანობს”.

 ნაგავსაყრელი, რომელიც 52 ჰექტარს იკავებს, ერევნის გარეუბანში, ერებუნის ადმინისტრაციულ რაიონში მდებარეობს. ნაგავსაყრელიდან ავარდნილი კვამლი დედაქალაქის უფრო მაღალი წერტილებიდან მოჩანს, ქარი კი მას  მიმდებარე კვარტლებში ფანტავს. უკვე დიდი ხანია, რაც ამ ნაგავსაყრელზე  მოსახლეობის  “ყველაზე გაჭირვებული” ნაწილი ყოველდღიურ სარჩოს მოიპოვებს.

 სხვადასხვა ასაკის მამაკაცები და ქალები მოუთმენლად ელოდებიან მორიგი ნაგვის მანქანის გამოჩენას. ისინი ნაგავში რაიმე ღირებული ნივთის პოვნას ცდილობენ. ბევრი მათგანი, სიმყრალისა და დაავადებებისგან თავის დასაცვად, პირზე ნაჭერს იფარებს.  როგორც ამბობენ, ჭუჭყსა და მაწანწალა ძაღლებს უკვე შეეჩვივნენ.

“ყველამ იცის, როდის მოიტანენ ნაგავს. დაახლოებით ორმოცი ადამიანი იკრიბება… ბოთლებს ტომრებში ვაგროვებთ, შემდეგ სხვა ადამიანები მოდიან და ბოთლები მიაქვთ. სპილენძი და ალუმინი ჩვენთვის ყველაზე ფასეული საქონელია, მაგრამ ბოლო დროს მათ იშვიათად აგდებს ვინმე. აი, ნახე, პაკეტში ალუმინისა და სპილენძის ნატეხიც კი არ მაქვს,”- ამბობს რიტა გევორგიანი – ორი ქალიშვილის დედა, რომელიც საბჭოთა პერიოდში ერევნის ცხიმკომბინატში მუშაობდა.

ნაგავსაყრელზე შეგროვებულ, გადამუშავებისთვის ვარგის ერთ კილოგრამ სპილენძს 1100 დრამად (2,5დოლარზე ნაკლებად) აბარებენ. იმავე წონის ალუმინში კი 200 დრამს (დაახლოებით 40 ცენტს) იღებენ.

ნაგავსაყრელი სხვადასხვა დანიშნულებისა და ფერის ნივთებითაა სავსე – პარკები, ძველი ფეხსაცმელები, ნახმარი, მწყობრიდან გამოსული გაზქურები და მაცივრები, სამზარეულოს ნახმარი ნივთები, პლასტმასის საგნები, ფერადი ლითონები, წიგნები, კარები, ქოლგები…

შავი ცილინდრი, თეთრი პერანგი და გაცვეთილი სპორტული ფეხსაცმელი… 50 წლის გარნიკ საგატელიანი ნაგავსაყრელზე მომუშავე სხვა ადამიანებისგან განსხვავდება. მშვიდად საუბრობს და, მინის ნამსხვრევებზე ხელი რომ არ გაიჭრას, ნაცრისფერი ხელთათმანები უკეთია. აღიარებს, რომ უკვე 8 წელიწადზე მეტია, მისი ყოველი დღე ნუბარაშენის ნაგავსაყრელით იწყება და მთავრდება.

“სპილენძის თითოეული ნატეხი გვახარებს. ყველაზე მეტი სპილენძის მოგროვება ელექტროკაბელებიდან შეიძლება. რას იზამ – ახლა ასეთი სამუშაო მაქვს. ცუდ ხასიათზე ვდგები, როდესაც ჟურნალისტები მოდიან და კამერით გვიღებენ. ტელეეკრანებზე ვჩნდებით ხოლმე. მომდევნო დღეს კი მეზობლები მეუბნებიან, რომ ნაგავსაყრელზე მნახეს… რა თქმა უნდა, იციან, რომ აქ დავდივარ, მაგრამ მაინც უსიამოვნო გრძნობაა,” – ამბობს ორი შვილის მამა, რომელმაც საბჭოთა პერიოდში ელექტრომოწყობილობების ქარხანაში თორმეტი წელი იმუშავა.

საუბარი ნაგავსაყრელზე გამოჩენილმა სატვირთო მანქანებმა შეგვაწყვეტინა. საგატელიანმა მითხრა, რომ ნაგავსაყრელზე შეგროვებული ბოთლების წასაღებად მოვიდნენ.

ადამიანები, რომლებიც პურის ფულს ნაგავსაყრელზე შოულობენ, იმის გამო წუხან, რომ მალე, შესაძლოა, შემოსავლის წყარო დაკარგონ. გავრცელდა ხმა, რომ ნაგავსაყრელის გვერდით ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელი უნდა აშენდეს.

ერევნის მერიამ მართლაც განაცხადა, რომ 2018 წლამდე ნუბარაშენში ახალი ნაგავსაყრელი აშენდება, რომელიც წყლის შეგროვების სადგურით იქნება აღჭურვილი, სადაც გამდინარე წყლები გაიწმინდება და ხელახალი გამოყენებისთვის ვარგისი გახდება ისე, რომ მიწის ღრმა ფენებში არ ჩაიღვრება. ახალი ნაგავსაყრელი გაზების შეგროვების სადგურით, აირების წვისა და ელექტროენერგიის წარმოების სისტემებითაც იქნება აღჭურვილი.

ვიცემერის, ვაგე ნიკოიანის თქმით, ეს პროექტი 24 მილიონი ევრო დაჯდება. ამ თანხიდან 16 მილიონი ევროს ოდენობის კრედიტს ევროპის საინვესტიციო ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გამოყოფს. მთავრობამ უკვე დაამტკიცა პირველი საკრედიტო შეთანხმება 8 მილიონი ევროს მიღებასთან დაკავშირებით. ვარაუდობენ, რომ კიდევ 8 მილიონი ევრო გრანტად გამოიყოფა.

კრედიტს სუბკრედიტის სახით ერევნის მერიის მიერ შექმნილი ორგანიზაცია აიღებს, რომელიც  დავალიანებას ნაგავსაყრელის ექსპლუატაციისა და ნარჩენების გადამუშავების გზით მიღებული შემოსავლებით გადაიხდის. ახალი ნაგავსაყრელის ასაშენებლად მალე საერთაშორისო კონკურსი გამოცხადდება. ამ პროგრამის ფარგლებში ძველი ნაგავსაყრელის შემოღობვა და რამდენიმე წლის შემდეგ ამ ადგილის მწვანე ზონად გადაქცევა იგეგმება.

ერებუნის ოლქის ადმინისტრაციის თანამშრომელი, ლევონ გევორქიანი იმედოვნებს, რომ ყველა ამ ადამიანს ახალ ნაგავსაყრელზე დაასაქმებენ, რადგან ისინი ნაგავს პროფესიონალურად ახარისხებენ.

“რთულია ისეთი თანამშრომლების პოვნა, რომლებსაც ასეთ ქარხნებში უმუშავიათ. ამ ადამიანებმა კი კარგად იციან საკუთარი საქმე – მათზე კარგად ვერავინ იმუშავებს,” – ამბობს გევორგიანი და აღნიშნავს, რომ ადრე აქ მთელი ერევნის ნაგავი მოჰქონდათ, ახლა კი ქალაქში აკუმულირებული ნარჩენების მხოლოდ 10% მოაქვთ, დანარჩენ ნაგავს სხვა ნაგავსაყრელებზე ანაწილებენ. 100 მანქანის ნაცვლად, დღეს აქ მხოლოდ 5 მოდის. ამიტომ, სამუშაოც ნაკლებია. ლევონი დარწმუნებულია, რომ ნაგავსაყრელზე მოხვედრილი საყოფაცხოვრებო ნარჩენები მოსახლეობის ცხოვრების დონეზე მეტყველებს.

“ხალხი ცუდად ცხოვრობს. სპილენძის ძველი ქვაბი თუ აქვს ვინმეს, არ აგდებს – თავად აბარებს და ამაში ფულსაც თვითონვე იღებს. ძველ ნივთებს აღარ აგდებენ და ეს კარგი ცხოვრებით როდია გამოწვეული,”- ამბობს ლევონ გევორგიანი.

მუხლუხებიანი ტრაქტორი ნაგავს მიწის ფენით ფარავს. ნაგავსაყრელის ზოგიერთ უბანზე ცეცხლი გიზგიზებს და კვამლი მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება. გევორგიანი ამბობს, რომ ეს თვითაალების შედეგია.

გარნიკ საგატელიანი ცილინდრს გვერდზე იწევს და ამბობს, რომ ახალი ნაგავსაყრელი არ აშენდება: “უკვე ათასი წელია, ამაზე ლაპარაკობენ, მაგრამ არ აშენებენ. ნტავ ააშენონ. მაშინ ჩვენც სხვა სამუშაოს ვიშოვიდით.”

ვიღაცის მიერ გადაგდებული სავარძელი ნაგავსაყრელზე მოხვდა. მასზე 53 წლის რუზან სარიბეკიანი ზის. სახეზე თეთრი ტილო აქვს შემოხვეული. ჩემი სახე რომ არ დაინახოთ, იმიტომო, – გვეუბნება. ეწევა, ჩახლეჩილი ხმით ცხოვრების სიმძიმეზე წუწუნებს და ხელისუფლებას ადანაშაულებს.

“რისი გაგება გსურთ – როგორ მოვხვდი ნაგვის ამ გროვაში? ეს თითოეული ჩვენგანის პირადი ტრაგედიაა. ზოგჯერ მგონია, რომ დაბადებიდან აქ ვარ. ტელევიზორში რომ ამბობენ, ამას ვიზამთ და იმას ვიზამთო, – ყველაფერი ტყუილია.

კომუნისტების დროს სამკერვალო ფაბრიკა “გარუნში” ვმუშაობდი, შემდეგ საბურავების ქარხანაში, ბოლოს კი კიროვის სახელობის ქარხანაში, რომელიც გაყიდეს, ფული კი ჩაიჯიბეს. ახლა დამლაგებლის პოზიციაზეც კი ინგლისურისა და კომპიუტერის ცოდნას ითხოვენ; და კიდევ სასიამოვნო გარეგნობას… ჰოდა როგორ დავიბრუნო ახალგაზრდობა? სხვა არაფერი დამრჩენია – ნაგვის ქექვა მიწევს,”- ამბობს რუზანი, რომელიც ხეობაში, ნაგავსაყრელის შორიახლოს ცხოვრობს.

ნუბარაშენის ნაგვის სამეფოს თავზე თეთრი თოლიები დაფარფატებენ. აქ მომუშავე ადამიანების მსგავსად, ისინიც ცდილობენ, ნარჩენების გროვებში რაიმე ღირებული იპოვონ.  შეკრებილთაგან ბევრი ბოთლების ტომრების უკან იმალება, ზოგიერთი კი ხეობაში ჩავიდა.

“ხალხს რცხვენია და მათი დადანაშაულება არ შეიძლება. ძნელია, როდესაც 10-15 წელიწადს ნაგვის ქექვაში ატარებ, ხომ გესმით?” – ამბობს გარნიკ საგატელიანი და სახეზე შლაპას იფარებს.

გამოქვეყნდა: 17.06.2016


ასევე წაიკითხეთ