ჯანდაცვის მინისტრი დარწმუნებულია, რომ გაძვირება სიკვდილიანობას შეამცირებს" />

სომხეთში სიგარეტის ფასის მკვეთრი მატება იგეგმება

ჯანდაცვის მინისტრი დარწმუნებულია, რომ გაძვირება სიკვდილიანობას შეამცირებს

სომხეთში სიგარეტის ფასის მკვეთრი – 45-პროცენტიანი მატება იგეგმება. ჯანდაცვის მინისტრი არსენ ტოროსიანი დარწმუნებულია, რომ ეს წინ აღუდგება იმ 88 ათასი ადამიანის სიკვდილს, რომლებიც მოწევას თავს დაანებებენ ან არ დაიწყებენ. ამ ციფრებიანი ჩანაწერი არსენ ტოროსიანმა სოციალური ქსელ  Facebook-ის საკუთარ გვერდზე დატოვა.

სომხეთში თამბაქოს მარიხუანით ჩანაცვლებაზე აქტიურად ლაპარაკობენ

საერთაშორისო გამოცდილება

მინისტრი მოწევასთან ბრძოლის საკუთარი კურსის  გასამართლებლად ჰარვარდის უნივერსიტეტის, ვაშინგტონის უნივერსიტეტისა და მსოფლიო ბანკის  კვლევებს ეყრდნობა

ის ირწმუნება, რომ სიგარეტზე ფასის გაზრდა ქვეყნის შემოსავლებს არათუ შეამცირებს, როგორც მისი ოპონენტები ამტკიცებენ, არამედ გაზრდის. და ის ეყრდნობა სხვა ქვეყნების გამოცდილებას, რომელთა ჩამონათვალის წარმოდგენსაც გვპირდება. ამავდროულად მას მიაჩნია:

 „თამბაქოს მოხმარება ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკაზე გაცილებით უფრო ნეგატიურ გავლენას ახდენს, ვიდრე შემოსავლების შემცირება.“

პრემიერისა და მინისტრის დავა

სოციალურ ქსელში თავისი ჩანაწერი მინისტრმა გააკეთა მთავრობის სხდომის შემდეგ, რომელზეც ხელისუფლების თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანია განიხილებოდა. იქ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და ჯანდაცვის მინისტრს შორის კამათი მოხდა.

მინისტრს არ მოეწონა ის, რომ საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ კანონპროექტში თამბაქოს პროდუქციაზე სააქციზო გადასახადი, თავდაპირველად გათვალისწინებულთან შედარებით, 4-ჯერ უფრო ნაკლები იყო. ტოროსიანმა განაცხადა, რომ სომხეთი თამბაქოს მოხმარების სრული აკრძალვისკენ უნდა წავიდეს.

მინისტრის შენიშვნები ნიკოლ ფაშინიანს არ მოეწონა:

 „ჩვენც ამ მიმართულებით მივდივართ. მაგრამ თქვენ დროის მანქანა გსურთ, ამბობთ, რომ ახლავე ასე გავაკეთოთ, მაგრამ ასე არ ხდება. ამ გზას უბედურებისაკენ მივყავართ.“

სოციალური ქსელების რეაქცია

მინისტრსა და პრემიერს შორის გამართული დავა გააგრძელეს სოციალური ქსელების მომხმარებლებმა, რომლებიც ასევე ორ ბანაკად გაიყვნენ. ისინი, ვინც არსენ ტოროსიანს ემხრობიან, მიიჩნევენ, რომ მინისტრი ხალხის ჯანმრთელობაზე ზრუნავს:

 „არსენ ტორისიანო, პრემიერს ნუ დაუჯერებ – გააკეთე, რაც სჭიროა“.

 „თქვენი აზრები და ნაბიჯები – ფასეულია. თითოეული მოქალაქე გრძნობს თქვენს მიზნებსა და მუშაობას. ასეთი ჯანდაცვის მინისტრი, დიდი ხანია, აღარ გვყოლია“.

მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომ არსენ ტოროსიანმა ძალიან მკვეთრი პოზიცია დაიკავა:

 „მოწევის მავნებლობის ფაქტს სადავოდ არავინ ხდის. თუმცა მოწევის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები ისეთი უნდა იყოს, რომ სარგებლის ნაცვლად, ასმაგი ზიანი არ მოიტანოს“.

არამხოლოდ ფასების გაზრდა

სომხეთის ხელისუფლების თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანია მხოლოდ სიგარეტის ფასის გაძვირებით არ ამოიწურება. სასწრაფო ზომების მიღების აუცილებლობა იმას უკავშირდება, რომ სომხეთს ევროპის ქვეყნებს შორის მწეველთა რაოდენობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევებში ნათქვამია, რომ სომეხი მამაკაცების 51,5პროცენტი მწეველია.

და სომხეთის მთავრობამ ჯერ კიდევ ერთი წლის წინათ გამოაქვეყნა კანონპროექტი, რომელიც საზოგადოებრივ ადგილებში მოწევას კრძალავს, რათა ქვეყნის მაცხოვრებლებმა მისი განხილვა დაიწყონ. ჯერ კიდევ მაშინ, ბევრი აღაშფოთა იმ დიდმა ჯარიმებმა, რაც დამრღვევებისთვის არის გათვალისწინებული.

სავარაუდო ჯარიმების თანხა იმის მიხედვით იმერყევებს, თუ სად აღმოაჩენენ მწეველს:

ლიფტში, კაფეში ან ოფისში – 250 ათასი დრამი [დაახლოებით $ 520];

ავტომობილში – 50 ათასი დრამი [დაახლოებით $ 104];

ტრანსპორტში, ტაქსიში – 100 ათასი დრამი [დაახლოებით $ 208].

კანონპროექტის თანახმად, მოწევა მხოლოდ ამისთვის საგანგებოდ განკუთვნილ ადგილებში იქნება შესაძლებელი – და ეს ადგილები შესაბამისად აღჭურვილი უნდა იყოს.

ავტორების აზრით, მოწევასთან ბრძოლის ახალმა სტრატეგიამ მწეველთა რიცხვი 30-40 პროცენტით უნდა შეამციროს.


ასევე წაიკითხეთ