შემოსავლების კომიტეტი ირწმუნება, რომ „სპაიკამ“ 15 მილიონი დოლარის ოდენობის გადასახადი არ გადაიხადა" />

სომხეთში მსხვილი გადამზიდავი კომპანიის ხელმძღვანელი დააპატიმრეს

შემოსავლების კომიტეტი ირწმუნება, რომ „სპაიკამ“ 15 მილიონი დოლარის ოდენობის გადასახადი არ გადაიხადა

კომპანია „სპაიკას“, რომელიც საქონლის გადაზიდვების ბაზრის ლიდერად მიიჩნევა, ბრალად ედება 7 მილიარდ 35 მილიონი დრამის (15 მილიონი დოლარი) ოდენობის გადასახადის გადაუხდელობა. მისი ხელმძღვანელი დავიდ კაზარიანი ბრალს არ აღიარებს, მაგრამ სასამართლომ მისი დაპატიმრების გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა ბიუჯეტში 20 მილიონამდე დოლარის დაბრუნება შეძლო

სომხეთის სუპერმარკეტების დიდი ქსელი გადასახადებს წლობით მალავდა

რაში ედება კომპანიას კონკრეტულად ბრალი

სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტმა შემოწმება ჩაატარა და გამოავლინა, რომ 2015-2016 წლებში „სპაიკას“ სომხეთში სხვადასხვა საქონელი შეჰქონდა, და ამ საქონელს ისეთი სახელწოდებებით აფორმებდა, რომლებიც დღგ-სა საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლებულია. შედეგად, კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტში 7 მილიარდის ოდენობის გადასახადი არ შეიტანა. სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის მონაცემებით, ყველა ეს გადაზიდვა ფორმდებოდა კომპანია „გრინპროდუქტის“ სახელზე, რომელსაც სინამდვილეში კომპანია „სპაიკას“ ხელმძღვანელობა მართავდა.

გასულ წელს იმავე მუხლით „განსაკუთრებით დიდი ოდენობის გადასახადების დაფარვა“, „სპაიკას“ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მაშინ კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტში თითქმის 2 მილიარდი დრამი (4 მილიონი დოლარი) დააბრუნა. მისმა ხელმძღვანელმა განმარტა, რომ კომპანია ბრალდებას არ ეთანხმებოდა, თუმცა გადაანგარიშება არ მოითხოვა და ეს თანხა გადაიხადა, რათა სამუშაოს პარალიზება თავიდან აეცილებინა. და ახლაც, დავიდ კაზარიანის აზრით, სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტმა გადაწყვიტა, მცდელობა გაემეორებინა და კომპანიისთვის უფრო დიდი თანხის გადახდა ეიძულებინა.

როგორი რეაქცია ჰქონდათ კომპანიაში

სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის მიერ გადასახადების გადაუხდელობის შესახებ გავრცელებული ცნობის შემდეგ კომპანია „სპაიკას“ დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა სასწრაფოდ პრეს-კონფერენცია მოიწვია და განაცხადა, რომ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. მან თქვა, რომ კომპანია „გრინპროდუქტთან“ საერთო არაფერი აქვს, და რომ ეს სისიხლის სამართლის საქმე – „სპაიკას“ წინააღმდეგ შეთქმულებაა:

 „სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტმა კომპანია „გრინპროდუქტში“ შემოწმება ჩაატარა და ჩვენი მათთან დაკავშირება გადაწყვიტა. ისინი ირწმუნებიან, რომ ჩვენ … მისი რეალური მფლობელები ვართ. ეს სიცრუეა“.

 „სპაიკას“ ხელმძღვანელმა ასევე თქვა, რომ, სისხლის სამართლის საქმის გამო, კომპანია ევრაზიის განვითარების ბანკისგან  100 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციას კარგავს. ამ თანხით კი, კაზარიანის თქმით, ისინი დამატებით რამდენიმე ასეული სამუშაო ადგილის შექმნას გეგმავდნენ“:

 „გუშინ ევრაზიის განვითარების ბანკიდან დამირეკეს, და მაცნობეს, რომ დაფინანსებას დროებით წყვეტენ, რადგან ჩვენს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული”.

დავიდ კაზარიანმა ასევე განაცხადა, რომ მისი დაპატიმრების შემთხვევაში, კომპანია საქმიანობას გააგრძელებს, მაგრამ ფერმერებისგან გარგარს აღარ შეისყიდის. როგორც მედია წერს, „სპაიკას“ სომხური გარგრის ექსპორტის ბაზარი პრაქტიკულად მონოპოლიზებული აქვს. შესყიდვის სეზონი ახლოვდება, და საქონელგადამზიდავი კომპანიის ხელმძღვანელის განცხადება სომეხი ფერმერების სერიოზული შეშფოთების საგნად იქცა.

პრეს-კონფერენციის შემდეგ სასამართლომ დავიდ კაზარიანის დაპატიმრების შესახებ  სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის შუამდგომლობა განიხილა და მისი დაკმაყოფილების გადაწყვეტილება მიიღო.

 „სპაიკას“ თანამშრომლების რეაქცია

სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის მიერ გადასახადების გადაუხდელობის შესახებ შეტყობინების შემდეგ კომპანიების ხელმძღვანელებმა და ასობით თანამშრომელმა განაცხადეს, რომ თავიანთი სამუშაო ადგილების დაკარგვა არ სურთ და თავიანთი ხელმძღვანელის დასაცავად გამოდიან.

იმ სასამართლოს შენობის წინ, სადაც დავიდ კაზარიანის დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღეს,  დიდი საპროტესტო აქცია  გაიმართა. მისმა მონაწილეებმა გზა გადაკეტეს და საკითხის სხვაგვარად გადაწყვეტას მოითხოვდნენ.

მას შემდეგ, რაც სასამართლომ კომპანიის ხელმძღვანელის დაპატიმრების გადაწყვეტილება მაინც მიიღო, „სპაიკას“ თანამშრომლებმა მთავრობის სახლთან გადაინაცვლეს. ისინი პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრას მოითხოვდნენ.

თავად კომპანიის შესახებ

„სპაიკა“ დღესდღეობით საქონლის გადამზიდ ყველაზე მსხვილ კომპანიას წარმოადგენს. მრავალი წლის განმავლობაში ის ამ სფეროში ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს.

კომპანიამ ასევე სასათბურე პროდუქციისა და ყველის წარმოება მოაგვარა.

სომხური მედია არაერთხელ წერდა, რომ „სპაიკა“ სომხეთის მეორე პრეზიდენტის, რობერტ კოჩარიანის ოჯახს ეკუთვნოდა. გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ კომპანიაში წილი მიკაელ მინასიანს – მესამე პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის სიძესაც ჰქონდა.

კომპანიის ხელმძღვანელმა თავისი პირველი პრეს-კონფერენციის დროს ეს გავრცელებული ხმები უარყო.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ