ხელისუფლება ირწმუნება, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრობა სომხეთის ინტერესებშია" />

სომხეთის პარლამენტმა ევრაზიის ეკონომიკური კავშირიდან გამოსვლის შესახებ წინადადება უარყო

ხელისუფლება ირწმუნება, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრობა სომხეთის ინტერესებშია

სომხეთის ეროვნულმა საკრებულომ ქვეყნის ევრაზიის ეკონომიკური კავშირიდან გამოსვლის პროექტი უარყო. ამ წინადადების ავტორი ოპოზიციური ბლოკი „ელკი“ იყო. მისმა წარმომადგენლებმა თავიანთი პროექტი იმით დაასაბუთეს, რომ 2015 წლიდან ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრობას სომხეთისთვის არანაირი სარგებელი არ მოუტანია; ოპოზიციონერები ამტკიცებენ, რომ მათ თეზისს ბოლო დროს ჩატარებული ყველა კვლევა ადასტურებს.

თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობამ ხმა ამ პროექტის წინააღმდეგ მისცა, და ეს იმით განმარტა, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრობა სომხეთის ინტერესებიდან მომდინარეობს.

2013 წლის 3 სექტემბერს სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა განაცხადა, რომ სომხეთს გადაწყვეტილი აქვს გაწევრიანება საბაჟო კავშირში, რომლის საფუძველზეც ევრაზიის ეკონომიკური კავშირი შეიქმნა – ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრები არიან: სომხეთი, რუსეთი, ბელარუსი, ყაზახეთი და ყირგიზეთი.  

კენჭის ყრის წინ ბლოკი „ელკის“ დეპუტატმა ედმონ მარუკიანმა განაცხადა, რომ მათი პროექტი „შავის თეთრისგან“ განსხვავების საშუალებას იძლევა. მან აღნიშნა, რომ 1 იანვრიდან ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შეთანხმებები უკვე ძალაში შევა, რის შედეგადაც სომხეთში პროდუქტები გაძვირდება, რადგან მოიმატებს მესამე ქვეყნებიდან შეტანილი საქონლის საბაჟო გადასახადები.  მოსახლეობას მორიგი გაძვირების გადტანა რომ ასცდეს, ქვეყანა ევრაზიის ეკონომიკური კავშირიდან მანამდე უნდა გამოვიდეს, ვიდრე ეს შეთანხმებები ძალაში შევა.

სომხეთსა და ევროკავშირს შორის შეთანხმების ხელმოწერამდე, რომელიც 24 ნოემბერს შედგა, ხელისუფლება იმას იმიზეზებდა, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირიდან გამოსვლას შეიძლებოდა ამ დოკუმენტის ხელმოწერისთვის შეეშალა ხელი. მაგრამ ახლა, როგორც ოპოზიციონერი დეპუტატები ამტკიცებენ, სომხეთი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრობისგან უნდა გათავისუფლდეს და ევროკავშირისკენ აღებული გზით განვითარდეს.

„ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ტერიტორიაზე სანქციები მოქმედებს, რაც სომხეთისთვის ზარალის მომტანია, და არ მოქმედებს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის გარანტიები და დებულებები. ანუ, ეს არის კავშირი, რომელშიც ჩვენ სინამდვილეში არაფერი გვესაქმება და რომელიც განვითარების არანაირ შესაძლებლობებს არ უქმნის სომხეთის ეკონომიკას“, – ირწმუნებოდა „ელკის“დეპუტატი ედმონ მარუკიანი.

 სომხეთის მმართველი რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა, პარლამენტის საგარეო კავშირების მუდმივი კომისიის თავმჯდომარემ, არმენ აშოტიანმა მას უპასუხა, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი არამხოლოდ ეკონომიკური კავშირია, არამედ პოლიტიკურიც, და სომხეთი ამ კავშირში თავის პოლიტიკურ პრობლემებს წყვეტს.

„პოლიტიკური თვალსაზრისით აშკარაა, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრობა სომხეთის უსაფრთხოების გარანტიით არის განპირობებული. ნებისმიერი ზეეროვნული სტრუქტურის წევრობა ვალდებულებებს გულისხმობს. გნებავთ დაარქვით ამას სუვერენიტეტის შეზღუდვა, გაცვლა, ან რაც გსურთ… ეს ნორმალურია, როდესაც ნებისმიერი სახელმწიფო ნებისმიერ ეროვნულ სტრუქტურაში გაწევრიანებისას გარკვეულ ვალდებულებებს კისრულობს“, – განაცხადა აშოტიანმა.

მან გაიხსენა, რომ სომხეთი დაბალანსებულ საგარეო პოლიტიკას მისდევს და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრობასთან ერთად ევროკავშირთანაც თანამშრომლობს.

ადრე JAMnews ოპოზიციის მიერ ევრაზიის ეკონომიკური კავშირიდან გამოსვლის წინადადებისა და ამასთან დაკავშირებით სომხეთში გამართულ დისკუსიის შესახებ  წერდა.

სომხეთში ევრაზიის ეკონომიკური კავშირიდან გასვლის წინადადებას განიხილავენ

 

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ