გაუქმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ენერგეტიკული სიტემის ძირითადი რგოლი სამართავად სომხური წარმოშობის რუსი მეწარმის კუთვნილ კომპანიას უნდა გადასცემოდა " />

სომხეთის ახალი ხელისუფლება წინა მთავრობის მიერ დადებულ არახელსაყრელ ხელშეკრულებებს გააუქმებს

გაუქმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ენერგეტიკული სიტემის ძირითადი რგოლი სამართავად სომხური წარმოშობის რუსი მეწარმის კუთვნილ კომპანიას უნდა გადასცემოდა

სომხეთის ახალი ხელისუფლება წინა მთავრობის საქმიანობას სწავლობს და ამოწმებს, ასევე აუქმებს არახელსაყრელ ხელშეკრულებებს. კერძოდ, დღეს ცნობილი გახდა, რომ საწარმო „სომხეთის მაღალი ძაბვის ელექტროქსელები არ გადაეცემა კომპანია „ტაშირის“ ჯგუფს, რომელიც სომხური წარმოშობის რუს მეწარმეს სამველ კარაპეტიანს ეკუთვნის.

პრემიერ-მინისტრ ნიკოლ პაშინიანის მიერ ჩამოყალიბებულმა ახალმა მთავრობამ გააუქმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, წინა ხელისუფლებამ სომხეთის მაღალი ძაბვის ელექტროქსელები ხუთწლიან კონცესიურ მმართველობაში გასაცა კომპანია „ტაშირის“ ჯგუფს.

კომპანია „მაღალი ძაბვის ელექტროქსელები“ სომხეთის ენერგეტიკულ სისტემაში მთავარ ფუნქციას ასრულებს და ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ის ელექტროენერგიას მწარმოებლისგან იღებს და გადასცემს „სომხეთის ელექტროქსელებს“, რომელიც მას მომხმარებლებს უნაწილებს.

ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი, რომლის დროსაც ეს გარიგება დაიდო, ამბობდა, რომ კომპანია „ტაშირის“ ჯგუფისთვის ელექტროქსელების გადაცემას რიგი უპირატესობები ახლდა. კერძოდ, საუბარი ეხებოდა ხარჯების ოპტიმიზაციასა და ამ სფეროში ინვესტიციებს.

მიუხედავად ამისა, ახლად დანიშნულმა მინისტრმა არტურ გრიგორიანმა განაცხადა, რომ შეთანხმების ზოგიერთი პუნქტი სომხეთის ინტერესებს არ შეესაბამება.

ექსპერტ ვაგე დავითიანს მიჩნია, რომ ეს გარიგება რისკებს შეიცავდა და ენერგეტიკული სფეროს მონოპოლიზაციის წინაპირობა იყო:

 „ამას სომხეთის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის გარკვეული რისკები ახლდა. პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა კი რამდენიმე განცხადება გააკეთა, საიდანაც შეიძლება დავასკვნათ, რომ ახალი მთავრობა შეეცდება, ენერგეტიკული პოლიტიკა ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე წარმართოს“.

ვაგე დავითიანს მიაჩნია, რომ ეს კომპანია, რომელიც მონოპოლისტის პოზიციას დაიკავებდა, ის სუბიექტი გახდებოდა, რომელიც ფასებს აწესებს. ახლა კი, ამ გარიგების დარღვევისა და ბაზრის ლიბერალიზაციის შემდეგ, საშუალება გაჩნდება, რომ სომხეთში დენის ფასი გადაიხედოს.

ექსპერტის ამ პოზიციასთან ერთად გამოქვეყნდა ოფიციალური განცხადებაც, რომლის მიხედვითაც, სომხეთში ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ტარიფების გაიაფების შესაძლებლობა განიხილება, თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ ეს კომპანია „ტაშირის“ ჯგუფთან გარიგების გაუქმებას არანაირად არ უკავშირდება.

ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა არტურ გრიგორიანმა თქვა, რომ საკითხი ჯერ მხოლოდ განიხილება, და ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ტარიფები დაიწევს.

მოცემული საკითხის შესწავლის ფაქტი დაადასტურეს საზოგადოებრივი მომსახურების დარეგულირების კომისიაშიც, სადაც ტარიფების გადახედვა მოხდება. კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ მიკაელ სოლომონიანმა თქვა: მართალია, ეს საკითხი აქტიურად განიხილება, მაგრამ ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, შესაძლებელია თუ არა ტარიფების შემცირება, და რამდენით.

სომხეთის ეროვნული საკრებულოს ვიცე-სპიკერმა მიკაელ მელკუმიანმა კოლეგებს ამ საკითხის პარლამენტის სხდომაზე განხილვა შესთავაზა:

 „საზოგადოება, საკუთარი გაუთვითცნობიერების გამო, ხშირად ადანაშაულებს ხელისუფლებას იმაში, რომ ტარიფების შესამცირებლად, ან თუნდაც მათ არგასაზრდელად საკმარის რესურსების არსებობის მიუხედავად, ის ამას მაინც არ აკეთებს. ახლანდელ განხილვას მკაფიო გზავნილი უნდა ჰქონდეს. ამ განხილვის შედეგად, თუკი შესაძლებელი იქნება ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ტარიფების შემცირება, ჩვენ ის უნდა შევამციროთ. და თუ შეუძლებელია, მაშინ მკაფიოდ განვმარტოთ, რატომ არის შეუძლებელი შემცირება“.


ასევე წაიკითხეთ