იუნისეფი: „ახლა საჭიროა ტყვიის წყაროსა და პრობლემის მიზეზების იდენტიფიცირება“" />

საქართველოში იუნისეფის კვლევაში მონაწილე ბავშვების 41%-ს სისხლში ტყვიის შემცველობა მომატებული აქვს

იუნისეფი: „ახლა საჭიროა ტყვიის წყაროსა და პრობლემის მიზეზების იდენტიფიცირება“

2018 წელს, საქართველოში, გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) მიერ ჩატარებულ მასშტაბურ კვლევაში მონაწილე ბავშვების 41%-ს სისხლში ტყვიის შემცველობა მომატებული აქვს. მონაცემები იუნისეფის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მართალია, არ არსებობს ყველასათვის ერთიანი მაჩვენებელი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ნორმალურ მაჩვენებლად განსაზღვრა 5 მკგ ტყვია 100 მკგ სისხლში.

• “მხოლოდ შემთხვევითობაა, უფრო მეტი ბავშვი რომ არ იღუპება”

 6 რამ, რაც საქართველოში ბავშვების მიმართ გულგრილობაზე მეტყველებს

საქართველოში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, 2-დან 7 წლამდე ასაკის 1 578 ბავშვი გამოიკვლიეს. შედეგები ასეთია:

• ბავშვების 25 პროცენტს სისხლში 5-10 მკგ ტყვიის შემცველობა აღმოაჩნდა.

• ბავშვების 16 პროცენტს კი 100 მკგ სისხლში 10 ან მეტი მკგ.

სურათი განსხვავებული აღმოჩნდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აჭარაშია: გამოკვლეული ბავშვების 85%-ს სისხლში 5 მკგ ან მეტი ტყვია აღმოაჩნდა.

საუკეთესო მაჩვენებელი – ქვემო ქართლში, სადაც 100 მკგ სისხლში 5 ან მეტი მკგ ტყვია გამოკვლეული ბავშვების მხოლოდ 18%-ს დაუდგინდა.

ასეთი დიდი კვლევა საქართველოში პირველად ჩატარდა. მას ორგანიზება იუნისეფისა და ცხრა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის მხარდაჭერით, სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულმა ცენტრმა გაუკეთა.

შეგროვებული სისხლის ნიმუშები იტალიის ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტში (ISS) გაიგზავნა, რომელიც წამყვან სამედიცინო კვლევით დაწესებულებად ითვლება ევროპაში.

„ჩვენ ვაფასებთ საქართველოს ხელისუფლების ყურადღებას პრობლემისადმი და მის მზაობას, შეიმუშაოს მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგია მისი გადაჭრისთვის. შემდეგი ნაბიჯი უნდა გახდეს გამოკვლევა, რომელიც გამოავლენს სისხლში ტყვიის შემცველობის მომატების წყაროსა და მიზეზებს“, – განაცხადა იუნისეფის წარმომადგენელმა, გოტფრიდ ჰანმა.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, უკვე გადადგმულია რამდენიმე ნაბიჯი ამ პრობლემის გადაწყვეტის მიმართულებით.

კერძოდ, 2019 წლის 19 აპრილს გამოიცა მთავრობის დადგენილება „ბავშვებზე ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების ადრეული გამოვლენისა და რეგულირების შესახებ“. უკვე დამტკიცებულია კონკრეტული რეკომენდაციები, როგორ უნდა გამოვლინდეს ბავშვის სისხლში ტყვიის მომატებული შემცველობა და, ასევე, რა ნაბიჯების გადადგმა უნდა მოჰყვეს ამას.

16 ბავშვი, რომლებსაც 100 მგკ სისხლში 30 მკგ ტყვიაზე მეტი აღმოაჩნდათ, და მათი ოჯახები განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანა ერთობლივმა სამედიცინო ჯგუფმა, რომელიც შედგება დაავადებათა კონტროლის ეროვნული სააგენტოს, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოსა და გარემოს დაცვის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებისგან. ჯერჯერობით ბავშვების გამოკვლევა გრძელდება, შემდეგ კი მიიღებენ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს მკურნალობა.

ამასთან, ცნობილია, რომ ხელისუფლებამ მუშაობა დაიწყო კომპლექსურ სახელმწიფო პროგრამაზე, რომელიც შეიცავს ნაბიჯებს სისხლში ტყვიის მომატებული შემცველობის გამოსავლენად და, აგრეთვე, მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან ნაბიჯებს მისი ნეიტრალიზაციისთვის, იზოლაციისა და ტყვიით დაბინძურებული ტერიტორიების გასაწმენდად.

პროგრამის ნაწილი იქნება ზომები, რათა თავიდან ავიცილოთ ტყვიით მდიდარი პროდუქტების გამოჩენა ბაზარზე და, ასევე, საინფორმაციო კამპანია.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ