სოციალურ სფეროში დასაქმებული ადამიანები ჰყვებიან, როგორ ვერ ზრუნავს ქართული სახელმწიფო სოციალურად დაუცველ ადამიანებზე" />

“მხოლოდ შემთხვევითობაა, უფრო მეტი ბავშვი რომ არ იღუპება”

სოციალურ სფეროში დასაქმებული ადამიანები ჰყვებიან, როგორ ვერ ზრუნავს ქართული სახელმწიფო სოციალურად დაუცველ ადამიანებზე

 REUTERS/Marcos Brindicci 

მარტის ბოლოს მთელი საქართველოს მასშტაბით მომუშავე 200-ზე მეტი სოციალური მუშაკი გაფიცვას გეგმავს.

ისინი ითხოვენ სისტემურ ცვლილებებს – ეფექტურ პროგრამებს სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის და ასევე ღირსეულ სამუშაო პირობებს.

იანვრის ბოლოს მთელი ქვეყანა შეძრა თბილისში დატრიალებულმა ტრაგედიამ – ოთხი წლის გოგონა, რომელიც სოციალურად დაუცველ ოჯახში ცხოვრობდა და როგორც აღმოჩნდა, მუდმივად ძალადობის მსხვერპლი იყო, სავარაუდოდ, დედამ სასიკვდილოდ სცემა.

მანამდე, რამდენიმე დღით ადრე, 12 წლის ბიჭი, ასევე სოციალურად დაუცველი ოჯახიდან, სკოლის ნაცვლად, ჯართის შესაგროვებლად წავიდა. ბავშვი დიდ თხრილში გადავარდა, ცოცხლად მიწაში ჩაეფლო და დაიღუპა.

ამ შემთხვევებმა კიდევ ერთხელ აქტუალური გახადა დისკუსია იმაზე, თუ როგორ მუშაობს სოციალური სააგენტო და ზრუნავს თუ არა რეალურად სახელმწიფო სოციალურად დაუცველებზე.

საქართველოში 125 ათასზე მეტი სოციალურად დაუცველი ბავშვია, რომლებიც სოციალური მომსახურების სააგენტოს მეთვალყურეობის ქვეშ არიან. ბავშვების გარდა სააგენტოს მოვალეობაში ხანდაზმულების, შშმ პირების და სხვა მოწყვლადი ჯგუფების დახმარება-მონიტორინგიც შედის. სისტემა ბენეფიციარებს სოციალური მუშაკების მეშვეობით აკვირდება, სწავლობს მათ პრობლემებს, საჭიროებებს და ამის მიხედვით ეძებს გამოსავალს.

წლებია, ამ სფეროში ჩახედული ადამიანები – ექსპერტები, ფსიქოლოგები და თავად სოციალური მუშაკები არსებულ კრიზისზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ სისტემა არ მუშაობს.

თუმცა, პროტესტის ასეთ რადიკალურ ზომას ისინი პირველად მიმართავენ.

სოციალური მუშაკების პროტესტი. თებერვალი 2019. ფოტო: მზია საგანელიძე/რადიო თავისუფლება

თებერვალში სოციალურმა მუშაკებმა საინიციატივო ჯგუფი შექმნეს და წერილი მისწერეს ჯანდაცვის მინისტრს, სადაც 20 პუნქტიანი გეგმის შესრულებას ითხოვდნენ. მოთხოვნებს შორისაა სოციალური მუშაკების რაოდენობის დაუყოვნებლივი გაზრდა, სამუშაო პირობების გაუმჯობესება, საქმეების ადეკვატურად გადანაწილება და ეფექტიანი სერვისების შექმნა.

წერილს სააგენტოში დასაქმებული 239 მუშაკიდან 200 აწერს ხელს. მათ უერთდებიან სამსახურიდან წამოსული სოციალური მუშაკებიც, რომლებმაც სწორედ არსებული პრობლემების გამო შეწყვიტეს საქმიანობა.

უკვე ამოიწურა დრო, რომელიც საინიციატივო ჯგუფმა რეაგირებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს მისცა.

საინიციატივო ჯგუფის ფეისბუქ-გვერდზე გამოჩნდა სოცმუშაკების განცხადებები, სადაც ისინი გაფიცვის მიზეზებს განმარტავენ:

 „ვიფიცები იმიტომ, რომ ვიყო მეტად მობილური, მყისიერი და დაცული სოციალური მუშაკი. ბენეფიციართან მისაღწევად არ მჭირდებოდეს 10 კილომეტრის ფეხით გავლა ტყეში, მარტოს,“- ზოია შეხოვცევსა, გარდაბანი.

„მე ვიფიცები იმიტომ, რომ ჩემი სამუშაო დატვირთვა აღემატება ადამიანის შესაძლებლობებს. 24 საათი კვირაში 7 დღე რომ ვიმუშაოთ მაინც,” -ნანა ღამბაშიძე. საჩხერე

„მე ვიფიცები იმიტომ, რომ ჩემს დამსაქმებელს ვერ გავაგებინე, რატომ არ შეიძლება ერთსა და იმავე სართულზე იყოს ბავშვზე ზრუნვის სამსახური ტრავმირებული დაზარალებული ბავშვებით და სამკერვალო.“ – თამუნა წიკლაური, თბილისი. 

JAMnews-ი ესაუბრა ამ სფეროს სპეციალისტებს იმაზე, თუ რა პრობლემებს ხედავენ ისინი სისტემაში და სად არის მათი აზრით გამოსავალი.

___________________

ქეთი ხუციშვილი, ყოფილი სოციალური მუშაკი. საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელი

ტრაგედია, რომელიც ოთხი წლის გოგონას შეემთხვა, მოულოდნელი არ ყოფილა. გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრმა ჯერ კიდევ სექტემბერში მიმართა სამინისტროს განცხადებით, სადაც ეწერა, რომ სოცმუშაკები საქმეს ფიზიკურად ვეღარ აუდიოდნენ და ასე გაგრძელებას ვერ შეძლებდნენ.

ამ განცხადებას რეაგირება არ მოჰყოლია, შედეგად რა მივიღეთ? ბავშვი დაიღუპა. ასე თუ გაგრძელდა, მსგავსი შემთხვევები კიდევ მოხდება და ეს არ იქნება საოცილური მუშაკების ბრალი. ის, რომ დღეს უფრო მეტი ბავშვი არ იღუპება, მხოლოდ და მხოლოდ შემთხვევითობის დამსახურებაა.

2017 წელს  შვიდი თვე ვიმუშავე სოცმუშაკად. ეს საქმე ყოველთვის მომწონდა, მოტივირებული ვიყავი, მაგრამ რომ ვნახე, რა პირობები იყო, ვერ გავჩერდი.

რაც წლები გადის, ეს სფერო მხოლოდ უკან მიდის. თუ თავიდან სოცმუშაკის საზრუნავი მხოლოდ ბავშვები იყვნენ, შემდეგ მათ ხანდაზმულები, შშმ პირები და ძლადობის მსხვერპლებიც დაემატათ. სოციალური მომსახურების სააგენტოებში ყოველდღე ათობით შეტყობინება შედის ძალადობაზე. სისტემამ ფაქტობრივად სრულ უმწეობაში დატოვა სოციალური მუშაკები ბენეფიციარების პირისპირ.

ოთხი წლის ბავშვის გარდაცვალების ამბავზე მხოლოდ სოციალურ მუშაკებს დააკისრეს პაუსხისმგებლობა. არადა, დამნაშავეა ყველა – მინისტრი, სააგენტოს ხელმძღვანელი, ცენტრების ხელმძღვანელები, პროგრამების დირექტორები, ყველა, ვინც სათანადოდ არ შეაფასა მდგომარეობა.

როცა ერთ სოცმუშაკს კვირაში ასზე მეტ ბენეფიციარს დააწერ, ესე იგი შედეგი არ გაინტერესებს, ხო? აბა, როგორ უნდა გაუმკლავდეს ის ამ ყველაფერს? არარეალურია, ამდენ ადამიანს სათანადოდ მოემსახურო. თუ ასიდან ოცი ბავშის სიცოცხლეს გადაარჩენ, ეს მოხდება დანარჩენი ოთხმოცის ხარჯზე იმიტომ, რომ მეტს ფიზიკურად თავს ვერ გაართმევ.

ძირითადი საქმის გარდა სოცმუშაკებს ისეთი რაღაცების კეთებაც უწევთ, რაც მათ მოვალეობას სცდება. მაგალითად, ცხელი ხაზის ზარებსაც სოც მუშაკმა უნდა უპასუხოს, ბაზაში ინფორმაცია განათავსოს და სხვა ტექნიკური სამუშაოები აკეთოს, რადგან ამ საქმისთვის კადრები არ არსებობს. არ გააკეთებ და სამსახურს დაკარგავ. სოცმუშაკები მუდმივ სტრესში არიან. ხშირად მათ იურისტის ფუნქციების შეთავსებაც უწევთ, კადრების ნაკლებობის გამო.

თბილისში სოცმუშაკები 680 ლარს (250 დოლარი) იღებენ, რეგიონებში –  640 (235 დოლარი).  ამ ხელფასში შედის ბენეფიციარებამდე მისასვლელი ტრანსპორტის ხარჯებიც. როცა დღეში რამდენიმე ბენეფიციარი უნდა ნახო, ნახევარი ხელფასი ტრანსპორტში მიდის. არ უნაზღაურდებათ არც ზეგანაკვეთური შრომა. არა და, ხშირად გვიანობამდე და ზოგჯერ შაბათ -კვირასაც უწევთ მუშაობა. არავინ ზრუნავს მათ უსაფრთხოებაზე, მაშინ როცა მუდმივად აქვთ შეხება პრობლემურ ოჯახებთან.

კადრების სიმცირის გარდა, პრობლემაა არაკომპეტენტურობაც. ამ ქაოსის გამო გამოცდილი კადრები სისტემას ტოვებენ. ახლების განვითარებაზე კი არავინ ზრუნავს, მათ არავინ ზედამხედველობს.

ყოველგვარ სტანდარტებს მიღმაა სააგენტოების შენობების დაგეგმარებაც. ბევრი ხანდაზმული ბენეფიციარი ფიზიკურად ვერ მოდიოდა ჩვენთან, რადგან ცენტრები არ არის ადაპტირებული ეტლით მოსარგებლეებისთვის. ამის გამო არაერთხელ  გამიპარებია გარეთ ბეჭედი, რომ განცხადება მიმეღო. სამუშაო გარემოც სრულიად მოუხერხებელია. მე ოთხ სხვა სოციალურ მუშაკთან ერთად ვიჯექი ერთ ოთახში და როდესაც ჩვენთან ბენეფიციარები მოდიოდნენ, ყველა ერთად ისმენდა მათ ისტორიას, რადგან ცალკე სასაუბრო ოთახები არ არსებობს.

ერთხელ მოვიდა ქალი, რომელიც გააუპატიურეს და იძულებული გახდა სხვების  თანდასწრებით მოეყოლა საკუთარი ამბავი. კონფიდენციალობაზე და პროფესიულ ეთიკაზე არავინ ფიქრობს.

იყო შემთხვევა ისანი სამგორის ცენტრში ხანდაზმული ქალი წაგვექცა და ვერსად დავაწვინეთ, ცივი იატაკის გარდა. იქ ვასმევდით წამლებს და სასწრაფომაც იქვე გაუწია დახმარება.

არაერთხელ ყოფილა ასევე, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახში ჩვილ ბავშვს საკვები სჭირდებოდა და ნაცვლად იმისა, რომ პრობლემა მყისიერად მოგვარებულიყო, რადმენიმე კვირა სჭირდებოდა პროცედურებს, რომ ბავშვისთვის საჭმელი მიეტანათ.

აღარაფერს ვამბობ ფსიქოლოგებისა და ბავშვთა ფსიქიატრების დეფიციტზე. ძალიან დიდი ხანი უწევთ რიგში დგომა ამისთვის ბენეფეიციარებს. მახსოვს, მე რომ მუშაობა დავიწყე, დასაწყისშივე ჩავწერე ერთი ბავშვი ფსიქოლოგთან და ისე წამოვედი, მისი რიგი არც მოსულა.

პრობლემა ის არის, რომ დათვლილიც არ აქვთ ნორმალურად ეს ყველაფერი. არ იციან, სად რა და რატომაა საჭირო. ამიტომ, კადრების ქაოტური დამატება არაფერს შეცვლის, სისტემური ცვლილება თუ არ მოხდა.

_____________

ანდრო დადიანი, საერთაშორისო ორგანიზაცია „SOS ბავშვთა სოფლის“ აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და დსთ-ს რეგიონის მრჩეველი ბავშვთა კეთილდღეობის საკითხებში

სოციალური მომსახურების სფეროში ჯერ კიდევ სოციალური მომსახურების სააგენტოს შექმნამდე (2007) ვმუშაობდი. ეს სისტემა ჩემს თვალწინ ვითარდებოდა და ყალიბდებოდა და ის, რასაც ახლა ვიმკით, თავშივე დაშვებული შეცდომების შედეგია.

პირველი და მთავარი შეცდომა ის იყო, რომ სოცმუშაკებისთვის თავიდანვე უცნაური სამუშაო პირობები შექმნეს. მაგალითად, არ ჩამოაყალიბეს ბენეფიციარებთან ვიზიტებისთვის საჭირო თანხის ანაზღაურების მექანიზმი. არგუმენტი ის იყო, რომ სოცმუშაკების კონტროლი გაგვიჭირდებაო.

სოციალური მუშაკები ბენეფიციარებთან დღემდე საკუთარი ხარჯებით დადიან. განსაკუთრებით, რაიონებში უჭირთ – წარმოიდგინეთ, ჭიათურიდან სოცმუშაკი რომელიმე  სოფელში რომ მივიდეს, ხელფასის მეოთხედი მანქანას უნდა გადაუხადოს. ამიტომაც, მუდმივად ტოვებენ სისტემას გამოცდილი კადრები.

მეორე პრობლემაა ის, რომ შექმნეს სისტემა, რომელიც იმთავითვე დასჯისკენაა ორიენტირებული და არა პრობლემის გადაჭრისკენ.

სისტემა არ ცდილობს, რომ რთულ მდგომარეობაში მყოფი ბენეფიციარის ძლიერი მხარეები უფრო გააძლიეროს და ამის შედეგად სუსტი მხარეები აღმოფხვრას. ნაცვლად იმისა, რომ დაეხმაროს მას და დააჯეროს, რომ ყველაფერი გამოუვა და პრობლემებს გაუმკლავდება, სისტემა აშინებს და სჯის ბენეფიციარს.

თუნდაც, მინდობით აღზრდის სისტემა რომ ავიღოთ.

[საქართველოში მოქმედებს ე.წ. მინდობით აღზრდის სისტემა, რომელიც გულისხმობს, პრობლემური ოჯახიდან გარკვეული ვადით ბავშვის აღსაზრდელად გადაცემას მიმღები ოჯახისთვის. ამისთვის მიმღები ოჯახი სახელმწიფოსგან გარკვეულ თანხას იღებს_JAMnews]

დაახლოებით ორი თვის წინ, ერთ-ერთ მიმღებ მშობელთან მომიწია ურთიერთობა. ბავშვები მასთან მინდობით აღზრდაში იყვნენ. როცა ბავშვებიც და ოჯახიც ერთმანეთს შეეჩვივნენ, ამ დროს მოვიდა სოცმუშაკი და ბავშვები თავის ბიოლოგიურ ოჯახში დააბრუნა. იმ ოჯახში, საიდანაც ცოტა ხნის წინ ბავშვი ძალადობისა თუ სხვა პრობლემების გამო წამოიყვანეს და სადაც არავის უმუშავია იმაზე, რომ წამოყვანის მიზეზი აღმოფხვრილიყო.

არგუმენტი ის იყო, რომ ბიოლოგიურ ოჯახში სიტუაცია გაუმჯობესდაო. თუმცა, კონკრეტულ არგუმენტებს ვერ ასახელებდნენ რა და როგორ გაუმჯობესდა.

სინამდვილეში, ბავშვზე არავინ იფიქრა. ეს სისტემის დაკვეთაა. არაფორმალურად სოცმუშაკებს უკრძალავენ ბავშვების მინდობით აღზრდაში გადაცემას – ან გააშვილეთ, ან დააბრუნეთ ბიოლოგიურ ოჯახშიო.

მინდობით აღზრდა კი არსებობს, მაგრამ სახელმწიფო არაფორმალურად ამ სისტემის წინააღმდეგია, რადგან ძვირი უჯდება. მიმღებ ოჯახებს ხომ თანხას უხდიან. სოცმუშაკებმაც რა ქნან? ისინი ასრულებენ ამ შეფარულ დავალებას, რადგან მერე პასუხს სთხოვენ.

ეს არის სახელმწიფო, რომელიც ცდილობს სოციალურ პროგრამებზე მუდმივად ეკონომია გააკეთოს. თანაც ისე, რომ შედეგს არ ითვალისწინებს. ეს სისტემა არ მუშაობს იმ ღირებულებებით, რომლითაც უნდა მუშაობდეს.

ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური პროგრამები საქართველოში დონორების  დაფინანსებით შეიქმნა. დონორები საქართველოში 2002 წლიდან აქტიურად მუშაობენ. თუ რამე სასიკეთო მომხდარა – რეფორმა, სისტემის შექმნა, სულ დონორების დახმარებით მოხდა.

თუმცა, ახლა დაფინანსება მნიშვნელოვნად შემცირებულია. ისინი გვეკითხებიან, კი მაგრამ, როდის უნდა დადგეს დრო, როდესაც სახელმწიფო აიღებს პასუხისმგებლობას საკუთარ მოქალაქეებზე?

თან ფულის პრობლემა რეალურად არ არის. უფრო არასწორი ადმინისტრირების და მართვის პრობლემაა. ვინც ხმა ამოიღო ჯანდაცვის სამინისტროში, ყველა გაუშვეს. დარჩა ისეთი ხალხი, ვისაც ურჩევნია კრიზისები მართოს, მიჩქმალოს, რამენაირად გადაავადოს, ვიდრე სისტემურ წინსვლაზე იფიქროს.

ბიუჯეტს თუ ჩავხედავთ, პრიორიტეტი აბსოლუტურად ნულია. ფული არასოდეს იდება იმ მიმართულებებში, რომლებსაც გრძელვადიანი შედეგი მოაქვთ.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ