საფრანგეთსა და საბერძნეთში ათობით ქართველი კრიმინალი დააკავეს. სპეცოპერაციაში ვერტმფრენებიც მონაწილეობდნენ
საბერძნეთისა და საფრანგეთის პოლიციამ 16-17 აპრილს სპეცოპერაციის შედეგად ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი, ე.წ. “კანონიერი ქურდი” ლაშა შუშანაშვილი და მისი კრიმინალური დაჯგუფების 40-მდე წევრი და ასევე მათი ოჯახის წევრები დააკავა.
სპეცოპერაცია ორ ქვეყანაში ერთდროულად ჩატარდა და მას „კავკასია-ნორმანდია” ერქვა.
როგორც “ამერიკის ხმა” წერს, ბერძნულ ქალაქ სალონიკთან შუშანაშვილის აყვანის ოპერაციაში საბერძნეთის სპეციალური ანტიტერორისტული ჯგუფის 100-მდე მებრძოლი და საპოლიციო ვერტმფრენიც კი იყო ჩართული.
ბერძნული მედია წერს, რომ ქართველმა კრიმინალებმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს და ცეცხლი გაუხსნეს. დაიჭრა ორი ადამიანი.
საბერძნეთის პოლიციამ დაკავებულთა ბინებში ჩხრეკის დროს ფული, მოპარული ოქროულობა, ტექნიკა და ყალბი საბუთები ამოიღო.
პოლიციის ინფორმაციით, ამ ჯგუფმა მხოლოდ სალონიკში 56 საცხოვრებელი სახლი და რამდენიმე ლომბარდი გაქურდა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საერთო ზარალმა 1 მილიონ ევროს გადააჭარბა.
ქართული დაჯგუფება საბერძნეთში საფრანგეთის პროკურატურის მიერ გაცემული ევროპული ორდერის (EAW) საფუძველზე აიყვანეს. საფრანგეთი ლაშა შუშანაშვილისა და კიდევ რამდენიმე დაკავებულების ექსტრადირებას ითხოვს.
საბერძნეთის პარალელურად, სპეცოპერაცია ჩატარდა საფრანგეთშიც. საფრანგეთის პოლიციამ ქალაქებში – კაენში, მონტობანსა და რენში საქართველოს 14 და სომხეთის ერთი მოქალაქე აიყვანა. მათ შორის, „კანონიერი ქურდი“ ალექსანდრე კობალაძე და სხვა კრიმინალური ავტორიტეტები. საფრანგეთში დაკავებულებს შორის აღმოჩნდა ცნობილი ქართველი რეპერი და მსახიობი კაბუ (კახა აბუაშვილი), რომელიც ერთ-ერთი კრიმინალური ავტორიტეტის მეგობარია. დაპატიმრებულთა შორის ოთხი ქალია. ამ ჯგუფს ჩრდილო-აღმოსავლეთ საფრანგეთში რამდენიმე ასეული ბინისა და მაღაზიის გაძარცვაში ედება ბრალი.
ქალაქ რენის პროკურორი ნიკოლას ჟაკე ამბობს, რომ ოპერაცია “კავკასია-ნორმანდია”, რომლიც მიზანი ქართული მაფიის წევრების აყვანა იყო, რამდენიმე თვის განმავლობაში იგეგმებოდა და იგი “საქართველოს, საბერძნეთისა და საფრანგეთის ხელისუფლებების ერთობლივი თანამშრომლობის შედეგია”.
ოპერაცია საკმაოდ მასშტაბური იყო. როგორც ფრანგი პროკურორი ამბობს, მასში 300-მდე ჟანდარმი მონაწილეობდა.
საქართველოს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი მამუკა ჭელიძე ადასტურებს, რომ საქართველოს აქტიურად იყო ჩართული ერთობლივ ოპერაციაში.
როგორც “ამერიკის ხმა” წერს , 56 წლის ლაშა შუშანაშვილი პოსტსაბჭოთა სივრცის „ქურდული სამყაროს“ აღიარებული ლიდერებიდან, პრაქტიკულად ერთადერთი იყო, ვინც თავისუფლებას ინარჩუნებდა. შუშანაშვილზე, რომელსაც ქურდულ სამყაროში „ლაშა რუსთავსკის“ ეძახიან, ძებნა იყო გამოცხადებული და მის ექსტრადირებას რამდენიმე სახელმწიფო, მათ შორის, ესპანეთი, რუსეთი და საქართველო ითხოვდა.
ევროპაში მოქმედი ქართველი კრიმინალების საკითხი მნიშვნელოვანი პრობლემაა, რამაც, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას უვიზო რეჟიმს ევროპასთან. ამ პრობლემაზე განსაკუთრებით ხშირად მიუთითებს გერმანია. ამ ქვეყნის წარმომადგენლები მარტის დასაწყისში უკვე იმყოფებოდნენ თბილისში და შეხვდნენ საქართველოს შს მინისტრს. ითქვა, რომ აუცილებელია ერთობლივი ღონისძიებების, მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება.