ისტორიები უნიკალურ სოფელ ივანოვკიდან" />

სარწმუნოება, კოლმეურნეობა და არაჟანი – როგორ იცავენ მოლოკანები აზერბაიჯანში წინაპრების ტრადიციებს

ისტორიები უნიკალურ სოფელ ივანოვკიდან

 «შეგიძლიათ, მანქანა არ დაკეტოთ. თქვენს ავტომობილში არავინ შეძვრება!» – სიცილით გვეუბნება ქალი და იმ სახლისკენ მიგვითითებს, სადაც რძის პროდუქტები იყიდება. ჩვენს მეგზურს გრძელი ქვედაბოლო და ქურთუკი აცვია. ისე, როგორც აქ მცხოვრებ ბევრ სხვა ქალს, მასაც ღია ფერის თავსაფარი ამშვენებს.

აზერბაიჯანულ სოფელ ივანოვკაში დღემდე არ კეტავენ კარებს. შეიძლება ითქვას, რომ აქ დანაშაული საერთოდ არ ხდება. ამას გარდა, ეს დასახლება გემრიელი რძის პროდუქტებით (არაჟნით, ნაღებით, ხაჭოთი, ყველით) და, რა თქმა უნდა, სახელგანთქმული „მოლოკანური“ მჟავე კომბოსტოთია ცნობილი.

ამჟამად ივანოვკას საკმაოდ რთული პერიოდი უდგას. ამის გასაგებად აქაურ ქუჩებში გავლაც საკმარისია. ბევრი მაღაზია და სახლი, ისევე როგორც ძალიან ლამაზი, მაგრამ მოუვლელი ტბა, ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს აქაურობა მიტოვებულია.

რუსეთის საელჩოს ხელშეწყობით, აქაური ახალგაზრდობის დიდი ნაწილი სასწავლებლად და მუდმივი აცხოვრებლის შესაცვლელად რუსეთში მიემგზავრება, სხვები კი ბაქოში გადადიან.

ივანოვკაში მეგობრული და კეთილგანწყობილი ხალხი ცხოვრობს. ბევრი გამვლელი ისე გვესალმება ქუჩაში, თითქოს მათი დიდი ხნის ნაცნობები ვიყოთ. ნებისმერ სახლში შეგიძლიათ შეხვიდეთ. სიამოვნებით გაგესაუბრებიან და თუ საჭირო იქნება, სასარგებლო რჩევებსაც მოგცემენ, მაგრამ ინტერვიუს ჩაწერის შეთავაზებას კი სკეპტიკურად ხვდებიან – არ სურთ სოფელში არსებულ მდგომარეობაზე კამერის წინ საუბარი – მათივე თქმით, უსიამოვნებების ეშინიათ და იმიტომ ერიდებიან პრობლემებზე ღიად ლაპარაკს.

XVIII-XIX საუკუნეების რუსეთში მოლოკანები „განსაკუთრებით მავნე მწვალებლებს“ შორის მოიაზრებოდნენ. ამ სექტის წარმომადგენლები უარს ამბობდნენ მართლმადიდებლობის მიღებაზე და ხატებსა და ჯვრებს არ აღიარებდნენ. ეკატერინე მეორის ბრძანებით, რუსეთის ცენტრში მცხოვრები მოლოკანების საცხოვრებელი ადგილებიდან აყრისა და იმპერიის შორეულ რეგიონებში გადასახლების პროცესი დაიწყო. 1834 წელს მოლოკანები აზერბაიჯანში (იმ პერიოდში ჩვენი ქვეყანა რუსეთის შემადგენლობაში შედიოდა), კერძოდ კი ისმაილის რაიონში, ტყით შემოსილ ბორცვებს შორის დასახლდნენ.

ნადეჟდა ვასილიევნა ჟაბინა ისტორიას ასწავლის სოფლის სკოლაში. მისი შვილები რუსეთში გადავიდნენ საცხოვრებლად. ნადეჟდა ვასილიევნას თქმით, „ასეთი ბედი ხვდათ წილად“. თუმცა, მისი შვილები ხშირად ჩამოდიან და ძალიან ენატრებათ მშობლიური სოფელი.

ნადეჟდა ჟაბინა

 

ვინ არიან მოლოკანები?

ნადეჟდა ჯაბინას თქმით, მოლოკანებმა თავიდანვე ადვილად გამონახეს საერთო ენა აზერბაიჯანელებთან. ადგილობრივებს მოეწონათ ის, რომ, მუსლიმების მსგავსად, მოლოკანებიც არ აღიარებენ ხატებს, არ სვამენ ალკოჰოლს და არ ბილწსიტყვაობენ. აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანში ივანოვკელ მოლოკანებს კარგი, პატიოსანი მუშაკების სახელი აქვთ.

ტატიანა კოზორიზი დიდი ხანია, ბაქოში ცხოვრობს. ჩვენ მას ვთხოვეთ, განემარტა, თუ რითი განსხვავდება მოლოკანების რჯული „დანარჩენი“ ქრისტიანობისგან.

Tatyana Kozoriz

რა რეაქცია აქვთ ბაქოში მცხოვრებ ადამიანებს, როდესაც იგებენ, რომ ტატიანა ივანოვკადანაა?

«რატომღაც მაშინვე გემრიელი საჭმელი ახსენდებათ, – სიცილით გვპასუხობს ქალი. – „აჰ, ივანოვკა! მაგ სოფელში ძალიან გემრიელი არაჟანი, რძე და ხაჭო აქვთ“ – პირველ რიგში ამას მეუბნებიან ხოლმე».

უნდა აღინიშნოს, რომ ივანოვკას ყველა მკვიდრი არ მისდევს რელიგიურ წეს-ჩვეულებებს. ამას გარდა, ადრე აქ მეტწილად ეთნიკური რუსები ცხოვრობდნენ, ამჟამად კი ისინი სოფლის მოსახლეობის ნახევარს შეადგენენ. ასე რომ მოლოკანების თემი ნელა, მაგრამ მაინც მცირდება.

კოლმეურნეობა

Mikhail Zhabin, Azerbaijan, December 2017. Photo: JAMnews

მიხაილ ჟაბინი 82 წლისაა. იგი მარტო ცხოვრობს სახლში, რომელიც თავისი ხელით ააშენა. მიხაილის სახლის ავეჯიც მისი დამზადებულია. თხუთმეტი ქათამი ჰყავს, რომლებისთვისაც ყოველდღე ალბობს კომბინირებულ საკვებს. ხუმარა კაცია, მაგრამ გულთბილი ლმობიერებით ეპყრობა იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც ისეთი მარტივი სიტყვები არ იციან, როგორიცაა, მაგალითად, «тяпка» (საკეპი, თოხი), ან «подвода» („საზიდარი“).

მიშა ძია მთელი ცხოვრება (ათი წლიდან) კოლმეურნეობაში მუშაობს. ტრაქტორისტის სტატუსს მიაღწია, რითაც ძალიან ამაყობს.

მიხაილ ჟაბინი

კოლმეურნეობის ამჟამინდელ მდგომარეობაზე მიხაილ ჟაბინი ზედმეტ ცერემონიების გარეშე საუბრობს: «იპარავენ. ჩაბარებულზე მეტს იპარავენ და ითვისებენ ხოლმე».

ივანოვკის კოლმეურნეობა 1936 წელს შეიქმნა. მისი ლეგენდარული თავმჯდომარის, ნიკოლაი ნიკიტინის ხელმძღვანელობით, რომელიც ამხოლოდ 27 წლის იყო, როდესაც ამ ობიექტს ჩაუდგა სათავეში, კოლმეურნეობას წარმოუდგენლად დიდი შემოსავალი მოჰქონდა სოფლისთვის. დასახლება იზრდებოდა, ქუჩებზე ასფალტი დააგეს და საავადმყოფო და საბავშვო ბაღი ააშენეს. კოლმეურნეობის მუშაკებს ნამუშევრის შესაბამისი ანაზღაურება ეძლეოდათ. თავმჯდომარე მკაცრი და სამართლიანი ადამიანი იყო. ნიკიტინი 41 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა კოლმეურნეობას და ამ პერიოდს ივანოვკაში აღფრთოვანებით, მოწიწებითა და სევდით იხსენებენ. სევდით, იმიტომ რომ „ეს ის კოლმეურნეობა აღარაა“.

მოსახლეობა კოლმეურნეობის შესახებ

ჩვენ ლეგენდარული კოლმეურნეობისკენ მივეშურებით და უზარმაზარი ჭიშკრის წინ ვჩერდებით.

დარაჯი გვეგებება, რომელიც გვეუბნება, რომ ხელმძღვანელობა ადგილზე არ არის და გვთხოვს, 15 წუთით მოვიცადოთ, სანამ ის „უფროსობას“ დაუკავშირდება.

ხუთი წუთის შემდეგ თავისი ჯიხურიდან გამოდის. სახეზე გაოცება აღბეჭდვია. გვეუბნება, რომ კოლმეურნეობაში კარანტინია გამოცხადებული და ობიექტის დათვალიერება არ შეიძლება.

როგორც ჩანს, კარანტინის დაწესების შესახებ არც დარაჯმა იცოდა რაიმე, და არც კოლმეურნეობის რომელიმე სხვა თანამშრომელმა. მაგრამ კოლმეურნეობის ტერიტორიაზე შეღწევას მაინც ვერ ვახერხებთ. ამ ჯიხურის გადაღების უფლებასაც კი არ გვაძლევენ. მხოლოდ შორიახლოს დაბმული ძაღლის აღბეჭდვას ვასწრებთ.

Ivanovka, Azerbaijan, December 2017. Photo: JAMnews

როგორ ცდილობდნენ კოლმეურნეობის მოპარვას

«ჩვენ კი არ ვიპარავთ, უბრალოდ პროდუქტებით ვიღებთ ხელფასს. ისე, როგორც ნიკიტინის დროს».

სწორედ ასე განუმარტეს კოლმეურნეობის თანამშრომლებმა საკუთარი ქცევა ნიკოლაი დუბროვინს, რომელიც ამ ობიექტს ხელმძღვანელობს. 2015 წელს დუბროვინმა (რომელიც ზემოთ ნახსენები ნიკიტინის დისშვილია) რეფორმის გატარება სცადა და გეგმის განსახორციელებლად, ბაქოელი ბიზნესმენის ხელშეწყობით, სახელმწიფო მხარდაჭერაც მოიპოვა.

Nikolai Dubrovin, Ivanovka, Azerbaijan. December 2017. Photo: JAMnews

თუმცა, საბოლოოდ რეფორმების გატარება ვერ მოხერხდა, იმიტომ რომ ცვლილებებს ძალიან მძაფრად შეეწინააღმდეგნენ როგორც სოფლის მოსახლეები, რომლებიც ვარაუდობდნენ, რომ ამ რეფორმებით ფუნქციონერებს ადგილობრივების გაცურება და მოტყუება სურდათ(«კოლმეურნეობას თავისთვის გადაიფორმებენ და ყველაფერს წაგვართმევენ»), ისე ისმაილის რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლება, რომელმაც საკუთარი, „ნებაყოფლობით-სავალდებულო“ რეფორმა განახორციელა და კოლმეურნეობაში სრული ძალაუფლება მოიპოვა.

საქმე ისაა, რომ აზერბაიჯანში განხორციელებული მიწის რეფორმის შემდეგ პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ზეპირი განკარგულების საფუძველზე ნიკიტინის სახელობის კოლმეურნეობას ძველი სამართლებრივი სტატუსი დაუტოვეს. მოგვიანებით კი შეუცვალეს და „ამხანაგობად“ აქციეს, თუმცა, ობიექტი მაინც 1970 წელს მიღებულ წესდებას იყენებდა. მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს კოლმეურნეობის საერთო კრებაზე იღებდნენ და თავჯდომარესაც იმავე კრებაზე ირჩევდნენ ხოლმე. აღმასრულებელი ხელისუფლების ჩარევის შემდეგ კოლმეურნეობაში დაფუძნდა საბჭო, რომელიც ამავე ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი ადამიანებითაა დაკომპლექტებული, თავმჯდომარე კი მთლიანად ამ საბჭოზე გახდა დამოკიდებული.

ისმაილში შეუძლიათ, მშვიდად იყვნენ და აღარ ეშინოდეთ იმის, რომ კოლმეურნეობა ივანოვკის მტელ ეკონომიკურ სივრცეს დაიკავებს, თავმჯდომარეს კი ამ სივრცის კონტროლის საშუალება ეძლევა.

Ivanovka, Azerbaijan. December 2017. Photo: JAMnews

და რა იქნება ამ ყველაფრის შემდეგ?

გაუკაცრიელების მიუხედავად, ივანოვკას ქუჩები აზერბაიჯანის ბევრი სხვა სოფლისგან განსხვავდება. მაგალითად, აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი მოსახლეობის საქონელი ქუჩებში არ ბალახობს. ქუჩების საძოვრებად გამოყენება ჯარიმით ისჯება. ეს წესი იმ პერიოდიდან მოქმედებს, როდესაც სოფელი ყვაოდა. ამ რეგულაციის შედეგად ჰაერი არ ბინძურდება და არც იმის შიში გაქვს, რომ უცაბედად საქონლის ფუნაში ჩადგამ ფეხს.

ამას გარდა, უნდა ითქვას ისიც, რომ ივანოვკაში აღფრთოვანებული ტურისტები დადიან, რომლებიც აქ ბაქოდან, სხვა აზერბაიჯანული ქალაქებიდან და უცხოეთიდან ჩამოდიან.

«რუსეთიდან ძალიან იშვიათად ჩამოდიან ტურისტები. მათ უბრალოდ არ აინტერესებთ რუსული სოფელი. ივანოვკას მეტწილად უცხოელებსა და აზერბაიჯანში მცხოვრებ ადამიანებს აინტერესებთ – ათვალიერებენ აქაურობას და ადგილობრივების ყოფა-ცხოვრებასა და ტრადიციებს ეცნობიან»,

– ამბობს «John & Tanya Ivanovka Guesthouse»-ის მფლობელი, სარხან სადიხოვი.

სასტუმრო სახლის გახსნის იდეა დედამისს (ტანიას) და დედამისის ქმარს (ჯონს) გაუჩნდათ.

სარხან სადიხოვი

მაგრამ ახალგაზრდებს მაინც ბეზრდებათ აქაურობა. სწორედ ამაზე ისაუბრეს ტურისტმა ბიჭებმა, რომლებსაც ქუჩაში გადავაწყდით:

«ძალიან მოგვწონს აქაურობა. აქ სიმშვიდე სუფევს, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ რამდენიმე დღითაა კარგი».

იმავეს აღნიშნავს ტატიანა კოზორიზიც:

« მთელი ჩემი სანათესაო ივანოვკაში ცხოვრობს. ხშირად ჩავდივარ სოფელში ჩემს შვილთან ერთად, მაგრამ მაინც ქალაქში უფრო მომწონს ცხოვრება».

Ivanovka, Azerbaijan, December 2017. Photo: JAMnews

მრავალმა წყალმა ჩაიარა მას შემდეგ, რაც ივანოვკამ აყვავებული სოფლისა და „მილიონერი კოლმეურნეობის“ სტატუსი დაკარგა, მაგრამ მის მიუხედავად, ეს დასახლება დღემდე მულტიკულტურალიზმის თავისებურ სიმბოლოდ და უნიკალურ ბრენდად რჩება. სოფელს იმდენად მაღალი „ნდობის მანდატი“ ჰქონდა, რომ ივანოვკაში დამზადებული ზეთის მყიდველი ნებისმიერი ბაქოელი დღესაც დარწმუნებულია, რომ მისი შენაძენი მინარევების გარეშე, მხოლოდ მზესუმზირითაა დამზადებული.

უნდა ითქვას, რომ არამხოლოდ ხელისუფლებაზე, არამედ თავად მოსახლეობაზეცაა დამოკიდებული ის, თუ როგორ იქნება გამოყენებული ზემოაღნიშნული უპირატესობები ამ უნიკალური ადგილის დაცვისა და აღირძინებისთვის.


ასევე წაიკითხეთ