გამოჩნდებიან თუ არა ახალი სახეები პოლიტიკაში? " />

სამხრეთ ოსეთში საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყო

გამოჩნდებიან თუ არა ახალი სახეები პოლიტიკაში?

სამხრეთ ოსეთში საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებიან.

კენჭისყრა, სავარაუდოდ, 2019 წლის ივნისში, შერეული – მაჟორიტარულ-პროპორციული სისტემით გაიმართება და პოლიტიკური პარტიები 34-დან 17 დეპუტატის სავარძლისთვის გაუწევენ ერთმანეთს კონკურენციას.

არჩევნების კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის, მაგრამ სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მზადების დაწყება უკვე დაავალა.

• გამოჩნდებიან თუ არა ახალი სახეები სამხრეთოსეთურ პოლიტიკაში?

• რას ნიშნავს რუსეთ-საქართველოს შეთანხმება ტვირთების მონიტორინგის შესახებ?

რა ძალებს უნდათ სამხრეთ ოსეთის პარლამენტში შესვლა?

ახალი ალიანსი?

ჯერჯერობით მთავარი „ნიუსმეიკერები“ – სამი პოლიტიკური პარტიის ლიდერები არიან:

 

ალან ალბოროვი, ცხინვალის ყოფილი მერი, ახლანდელ პარლამენტში წარმოდგენილი პარტია „ნიხასის“ ლიდერი

 

დავიდ სანაკოევი, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, პარტია „ახალი ოსეთის“ ლიდერი

 

 

ალან გაგლოევი, 2017 წელს პრეზიდენტობის კანდიდატი, და პარტია „ალანთა კავშირის“ ლიდერი

 

სამივე ლიდერმა განაცხადა, რომ კოალიციას შექმნიან – რისი გაკეთებაც არც ისე ძნელია, რამდენადაც, მათი პროგრამები ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება. ძირითადი პუნქტები სამხრეთ ოსეთში ოფიციალურად დარეგისტრირებულ ცხრავე პარტიას ერთნაირი აქვს: ეს არის მოკავშირული ურთიერთობები რუსეთთან და აქცენტი სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე.

ფაქტობრივად, „ახალი ოსეთი“ და „ალანთა კავშირი“ აპირებენ, რომ პარტია „ნიხასის“ ნაწილი გახდნენ. დეპუტატის მანდატის მოპოვების მთავარი კანდიდატები ახალგაზრდა პოლიტიკოსები, გაგლოევი და სანაკოევი გახდებიან.

ახალი ალიანსის შექმნასთან დაკავშირებით ყველას დადებითი რეაქცია არ ჰქონდა. იუსტიციის სამინისტრომ „ნიხასსა“ და „ახალ ოსეთს“ მკაცრად ურჩია, „დოკუმენტები კანონთან სრულ შესაბამისობაში მოიყვანონ და ძალების გაერთიანებით ამის შემდეგ დაკავდნენ“.

ამასთან, პარლამენტის დეპუტატმა, პარტია „ნიხასის“ წევრმა ალა ჯიოევამ გააკრიტიკა თავისი ლიდერი, ალან ალბოროვი – რადგან, მისი სიტყვებით, მან საკუთარი გადაწყვეტილება თანაპარტიელ კოლეგებთან არ შეათანხმა.

ყოფილი პრეზიდენტის საკუთრება?

მოულოდნელად, საზოგადოებას თავი შეახსენა სამხრეთ ოსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა, რომელიც 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მარცხის შემდეგ, პოლიტიკური არენიდან გაუჩინარდა.

თიბილოვმა სამი პარტიის ლიდერების განცხადებას ალიანსთან დაკავშირებით, „ნაადრევი“  უწოდა: „პარტია „ნიხასი“ ჩემი პრეზიდენტობისას შეიქმნა და ხალხი მას ჩემთან აკავშირებს, აქედან გამომდინარე, ასეთი გადაწყვეტილება მათ გაურკვევლობას იწვევს. გადაწყვეტილება ერთპიროვნულად ალან ალბოროვმა მიიღო, ჩემი მოსაზრებების გათვალისწინების გარეშე“, – განაცხადა თიბილოვმა.

საინტერესოა, რომ ექსპრეზიდენტის განცხადებაზე რეაგირება არავის მოუხდენია – არც „ნიხასის“ ლიდერ ალბოროვს და არც ორ სხვა პოლიტიკოსს, რომლებმაც ალიანსის შექმნის სურვილი გამოთქვეს. პროცესი დაიწყო და მომავალში გამოჩნდება, რას ნიშნავს ის: იმასთან შეგუებას, რომ პარტია „ნიხასის“ ნამდვილი პატრონი ლეონიდ თიბილოვია თუ ხელისუფლებაში ახალი, ახალგაზრდა ლიდერების რეალურად მოსვლას.

სტატია მომზადებულია ცხინვალის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო


ასევე წაიკითხეთ