ოპოზიციური ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ, 26 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციის წინ ხელისუფლება მოქალაქეების შეკრების უფლების შეზღუდვაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ოპოზიცია დაგეგმილ მარშრუტს არ შეცვლის, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერიამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტექნიკისა და ინფრასტრუქტურის განთავსებაზე უარი თქვეს.
26 მაისის აქცია ოპოზიციურმა ალიანსმა ჯერ კიდევ 31 მარტს დააანონსა, როდესაც “ეროვნული მობილიზაციის კამპანიის“ დაწყების შესახებ განაცხადეს.
გვარამიას თქმით, აქცია ორი თვის წინ დაანონსდა და ხელისუფლება თავიდანვე იყო ინფორმირებული როგორც მარშრუტის, ისე ღონისძიების ფორმატის შესახებ. მისი განცხადებით, რამდენიმე დღის წინ ოპოზიციურმა ალიანსმა ოფიციალური უარი მიიღო გახმოვანების აპარატურის, ეკრანებისა და სცენის რუსთაველის გამზირზე გადატანასთან დაკავშირებით.
ოპოზიციის ლიდერი ამ გადაწყვეტილებას “ანტიკონსტიტუციურს“ უწოდებს და ამბობს, რომ ხელისუფლება პოლიტიკური შიშის გამო ცდილობს საპროტესტო გეგმების შეცვლას.
გვარამიას განცხადებით, ოპოზიცია 26 მაისს, საღამოს 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან დაიწყებს მსვლელობას და რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებს. მისი თქმით, ორგანიზატორები კვლავ შეეცდებიან ტექნიკის შეტანასა და სრულმასშტაბიანი აქციის ჩატარებას.
მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რუსთაველის გამზირის სიმბოლურ მნიშვნელობაზე და თქვა, რომ ეს სივრცე ისტორიულად უკავშირდება საქართველოში საპროტესტო მოძრაობებს – საბჭოთა კავშირის ბოლო წლებიდან დღემდე. გვარამიას შეფასებით, ოპოზიცია მიმდინარე პროტესტს “ახალ საფეხურზე“ გადაიყვანს და 26 მაისის აქცია მოქალაქეთა ფართო მობილიზაციის დემონსტრირება იქნება.
ოპოზიციონერმა ლიდერმა ხელისუფლებას მოუწოდა, თავი შეიკავოს “ნებისმიერი ტიპის ესკალაციისგან“ და აღნიშნა, რომ თბილისში ამ დღეებში ამერიკის შეერთებული შტატების მაღალი რანგის დელეგაციაც იმყოფება. მისი თქმით, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, მიმდინარე პროცესები განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არის.
გვარამიამ ასევე განაცხადა, რომ ოპოზიციის პროტესტი მშვიდობიან ხასიათს ატარებს და ეფუძნება მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებებს.