„ვიდრე აქ დამოუკიდებელი უფლებადამცველები არ დაიწყებენ მუშაობას - ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით სიტუაცია არ შეიცვლება“ - ადგილობრივი ექსპერტები " />

ცხინვალი: ადამიანის უფლებების შესახებ სკანდალის შემდეგ ალაპარაკდნენ

„ვიდრე აქ დამოუკიდებელი უფლებადამცველები არ დაიწყებენ მუშაობას - ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით სიტუაცია არ შეიცვლება“ - ადგილობრივი ექსპერტები

ფოტო: ნელი გაბარაევა

სკანდალი ერთი თვის წინ დაიწყო. გაქცეული დამნაშავის კვალზე გასვლის მცდელობისას სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რამდენიმე ადგილობრივ მაცხოვრებელს უმოწყალოდ სცემეს; ამ ისტორიამ საზოგადოებაში უზარმაზარი პროტესტი გამოიწვია – მაგრამ მას შემდეგ, სოციალურ ქსელებში მსჯელობის გარდა, ამას არავითარი რეაქცია არ მოჰყოლია.

როგორ მოხდა ეს ყველაფერი?

2018 წლის 30 ივლისს სამხრეთ ოსეთში დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გაიქცა ანდრეი კაბისოვი, რომელიც ერთი წლით ადრე ადამიანების გატაცებისა და გამოძალვის ბრალდებით იყო დაპატიმრებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ანდრეი კაბისოვმა „იზოლატორში კედელი გამოთხარა და გარეთ გაძვრა“. ამიტომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისი გაქცევისთვის პასუხისმგებლობა მხოლოდ იზოლატორის თანამშრომლებს დააკისრა. მომხდარის გარემოებების გარკვევისას იზოლატორის თანამშრომლებს სცემდნენ, რის შედეგადაც რამდენიმე მათგანმა სხვადასხვა სიმძიმის ტრავმები მიიღო.

უმოწყალოდ სცემეს კაბისოვის თანამოსაკნესაც – რომელსაც ციხის საკანი არ დაუტოვებია.

შემდეგ – კიდევ უარესი. მილიციელები გაქცეული დამნაშავის საძებნელად გაემართნენ და რესტორან „პოდმოსკოვიეში“ მივიდნენ, სადაც კიდევ რამდენიმე ადამიანს სცემეს. ისინი ადრე ნასამართლევები იყვნენ, და მილიციამ გადაწყვიტა, რომ მათ გაქცეული კაბისოვის შესახებ რაღაც ინფორმაცია ჰქონდათ.

რესტორანში ნანახ ერთ-ერთ ადამიანს – სეგეი ჩოჩიევს – ისე სცემეს, რომ მას ნეკენები ჩაუმტვრიეს, და ფილტვი დაუზიანეს. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ცხელ გულზე მათი ხელი მოხვდა სამხრეთი ოსეთის პრემიერ-მინისტრის ყოფილ მრჩეველს ვალერი ჩოჩიევსაც, რომელიც ასფალტზე სახით დააწვინეს.

თვითმხილველების თქმით, მილიციის თანამშრომლები სცემდნენ ყველას, ვინც, მათი აზრით, პატიმრის გაქცევასთან კავშირში შეიძლებოდა ყოფილიყო, და თან გაიძახოდნენ: „გიჩვენებთ, ვის ხელთაა აქ ხელისუფლება!“

იმ დღეებში მილიციის მიერ ნაცემმა ერთ-ერთმა პირმა, ანონიმურობის პირობით, JAMnews-ს უამბო, რომ ძალოვანთაგან, რომლებმაც უფლებამოსილებას გადააჭარბეს, არც ერთი არ დაუსჯიათ.

მან თქვა, რომ ესაუბრა სამხრეთი ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრს იგორ ნანიევს, და კრიმინალური მილიციის ხელმძღვანელს, რომლის ხელქვეითებმაც ერთდროულად რამდენიმე ადამიანი დააზიანეს, ვისი ბრალიც არ დადასტურებულა და განცხადებულიც კი არ ყოფილა.

„ვეკითხებოდი: ვინ აღადგენს სამართლიანობას? რატომ მაქციეს ლამის ხეიბრად? ვინ არის დამნაშავე? მაგრამ პასუხისმგებლობა არავის აუღია“.

დაზარალებულთაგან სასამართლოსა და პროკურატურას არავინ მიმართა, და ოფიციალურ პირთაგან – არავის, მათ შორის არც პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს, არავითარი ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

ომბუდსმენი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია ერთნი არიან

მიუხედავად იმისა, რომ ეს შემთხვევა ექსტრემალური გახდა, სამხრეთი ოსეთისთვის სიტუაცია ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ მანამდეც აქტუალურ თემას წარმოადგენდა.

ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტისკენ მოწოდებულია ადამიანის უფლებების ომბუდსმენის ინსტიტუტი, რომელიც რესპუბლიკაში არსებობს. თუმცა, როგორც მოსალოდნელია, ის არასაკმარისად ეფექტურია – რადგან ომბუდსმენი პრეზიდენტის მიერ ინიშნება და პრეზიდენტის ადმინისტრაციას ექვემდებარება, რაც მას სრულიად დამოკიდებულს ხდის.

სამხრეთი ოსეთის ადამიანის უფლებების ომბუდსმენი ინალ ტასოევი ჯერ კიდევ წინა პრეზიდენტის მიერ იყო დანიშნული, და თანამდებობა ახლანდელი პრეზიდენტის დროსაც შეინარჩუნა.

ის გადაწყვეტილებების მიღებისას თავს დამოუკიდებლად მიიჩნევს, და ამბობს, რომ სახელმწიფო ორგანოებს ანგარიშს არ აბარებს. მილიციონერების მიერ ადამიანების მასობრივი ცემის ახლახან მომხდარი მოვლენების დროს ტასოევი ჩრდილში რჩებოდა და არავითარ განცხადებებს არ აკეთებდა.

უკანონობას ეროვნება არ გააჩნია

სამხრეთ ოსეთში დარეგისტრირებულია ათობით საზოგადოებრივი გაერთანება, მაგრამ უფლებადამცველი – ერთეულებია. ბევრმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ზეწოლისა და კანონმდებლობის გამკაცრების გამო, მუშაობა შეწყვიტა.

უფლებადამცველი ირინა იანკოვსკაია მიიჩნევს, რომ ადამიანის უფლებების სფეროში სიტუაციის გაუმჯობესება შესაძლებელია, საკონსულტაციო ორგანოს – ადამიანის უფლებების საბჭოს შექმნით:

„აუცილებელია შეიქმნას ორგანო, რომელიც ქვეყნის მეთაურს დაეხმარება. მნიშვნელოვანია, რომ ამ საბჭოში გაერთიანდნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, და არამხოლოდ ისინი, ვინც დღეს ხელისუფლებაში მუშაობს, და ვისი პროფესიული საქმიანობა ადამიანის უფლებების საკითხებთან არის დაკავშირებული“.

ძალოვანების განუკითხაობა და სამართალდამცავი ორგანოების დაუსჯელობა ტრაგიკული შედეგებით სრულდება, – მიაჩნია ადგილობრივ პოლიტოლოგს ტიმურ ცხურბატის:

„სულ ახლახან მოკლეს ტატუნაშვილი (საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი, სამხრეთი ოსეთის მილიციაში 2018 წლის თებერვალში გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა. ქართველი ექსპერტების წინასწარი ვერსიაა – წამების შედეგად გამოწვეული სიკვდილი — JAMnews). ის, რა თქმა უნდა, ძალით არ მოუკლავთ, მაგრამ ცემა სიკვდილის მიზეზი გახდა. მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი ერთი და იგივე ჯაჭვის რგოლებია. უკანონობას ეროვნება არ გააჩნია“.

სამხრეთელი ოსი ექსპერტი როლანდ ქელეხსაევი მიიჩნევს, რომ ვიდრე რესპუბლიკაში დამოუკიდებელი უფლებადამცავი ორგანიზაციები არ დაიწყებენ მუშაობას – ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ სიტუაცია არ გაუმჯობესდება“.


ასევე წაიკითხეთ